პაპა ქართლელი...
პაპა ქართლელი... შემოდგომობით, ყოველ ხუთშაბათს, დიდ დიღომს სტუმრობს, ჩემი კბილა, კაცი ქართლელი. თავის „ნოლპიატს“ ჩამიაყენებს და კოპწია ფარდულს გამართავს. ვაშლი და მსხალი,- ხეჭეჭური, წვრილი ატამი, ვენახისას რომ ეძახიან, კომში და გოგრა, დაჩაგრული გვალვებისაგან, ნივრისა და ხახვის გალები, მინდვრის ლობიო, რაც მთავარია, გორული მწვანე და საფერავი... და, უთქვამს ხშირად, ქალაქურად, (ტელევიზორში თუ მოჰკრა ყური). რომ მის პროდუქტს , „სასაქონლე სახე“ არა აქვს, მაგრამ კარგია, მოუწამლავი და თამამად აჭამეთ ბავშვებს. თავად კი, პაპა აფრქვევს სურნელს ხილის და ღვინის, თეთრი ულვაში ულამაზებს კეხიან ცხვირს და ცისფერ თვალებს, მუდამ მოცინარს, ოდნავ ჩრდილავს ხშირი წარბები. ლოყები, თუმცა გაუპარსავი, მაინც ემჩნევა წლების ღარები, - შრომის ოფლის სადინარები... ჩამოვა პაპა და ქალაქელი თანატოლებიც დაეხვევიან, აგემოვნებენ ღვინო - არაყს, ხილს აყოლებენ, „პროფესორობენ“, თუმცა, ყიდვას ერიდებიან... ხელგაშლილ ქართლელს სულ არა აქვს იმისი დარდი, რომ ვიღაც ფიქრობს, მოვატყუე, ბრიყვი გლეხიო, ყიდის იაფად თავის ნაშრომს, ხშირად ნისიად და, ერთხელ, როცა ვკითხე, კაცო, რად შვრები ასე, ბენზინის ფული მაინც უნდა, ხომ „გააკეთო“, თუ, ცოტას ხარჯავ ამხელა გზაზე? -რას გეტყვი, იცი? - მიპასუხა, - ასე მიღირს, ამითა ვცოცხლობ, რომ ვიღაცა ჩემს მოსვლას ელის. მოსავალი ხომ დავაბინავე, ფული არ მიჭირს, მიწას რომ ვბარავ, ყოველ მეათე ბელტს ვაბრუნებ, აემ ხალხისთვის და ნაჯაფარიც იმიტომ მომაქვს, რომ კუთვნილი გავუნაწილო. სულ რომ ვაჩუქო, ეჭვი მოკლავთ, ასე რად შვრება, ალბად, გვატყუებს, ან დაგვცინის და, გვწამლავს, იქნებ, ეჰ, რას გაუგებ, შენ ამათ ფიქრებს? ზოგ ჰგონია, რო მატყუებს და ამითი კმაყოფილია. დაე, იფიქროს, რომ ვტყუვდები, სამაგიეროდ, უფლის წინაშე არ გავმტყუნდები... შემოდგომობით, ყოველ ხუთშაბათს, ახალ წლებამდე, ამ ჩვენს დიდ დიღომს სტუმრობს კაცი, პაპა ქართლელი და თავის ნაშრომს, თავის ბარაქას გვინაწილებს ალალი გულით. მის სავაჭროსთან სიყვარული, სითბო ტრიალებს და ჩვენი ქვეყნის სოფელ - ქალაქს თავს დასტრიალებს. არ გამოლიო, ასეთი კაცი, ღმერთო, არასდროს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი