მონატრება
მონატრება წახვედი და ცარიელი საქანელა ქანაობს, იანვარის ცივი ქარი არხეინად ნანაობს, ხან კაჭკაჭი შემოჯდება, ზოგჯერ შაშვი ივანებს, თოვლს მოველით, ნამდვილ ზამთარს,არც ის დააგვიანებს... საგურამოს ქედს ათეთრებს ღამით კარჩხი ყინვისა, და გიკითხავს ალბათ დედა, "წიქარას" და "ირმისას", ჯაფარამაც ბარისაკენ უკვე შეკრა კამარა და კოშკიდან ნაწნავები გადმოყარა ყამარმა... ის ქედნები, შარშან შენ რომ მოგიკითხეს, ხომ გახსოვს? წელსაც ისევ გვეწვივნენ და ისევ გვთხოვდნენ ხორბალსო, ის გოგონს, წითელკაბა, თუ ჩამოვა, როდისო, მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა თოვლი მოდისო? მაშ, ასე ვქნათ, ჩემო გვრიტო, შეჰკარ ბარგი-ბარხანა, მიაკითხე ბიძაშვილებს, გადაავსეთ მანქანა და მეწვიეთ სოფლად პაპას, ღმერთი ყველას დაგარჩენთ, გულში როცა ჩაგიხუტებთ, მერე გეტყვით დანარჩენს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი