მხილება


ჩემი ცხოვრების წუთნი გავიღე
და ტელეფონი ხელში ავიღე.
ჩავრთე სოცქსელი და იმას ველი,
რომ მე მექნება სულისთქმა ვრცელი.
ვხედავ ფოტოებს, წყვილია მათზე
და ამ წყვილზეა ღიმილი გრძელი.
ზედ აწერია ჭარბად სიტყვები,
თუმცა არც დიდად რაიმეს მთქმელი.
ასევე ჩანს მანდ მრავალი მსმელი,
ამის შემყურე მე კი ვარ მსმელი.
ნაღდად მჭირდება ფიქრთ მასპინძელი,
რომ ვუზიარო თვალთ საკვირველი.

ამტკივდა თვალი, ტვინი, გონება —
ვხედავ სიყალბის გაბატონებას;
ცოლი გვერდზე ჰყავს, მაგრამ ბედავს, წერს, 
რომ ეს დიაცი გულს ამონებდა
და მის გარეშე წუთისოფელი
არს სიცოცხლისგან განმარტოება...
მე არ დავწერე მთლიანი ტექსტი —
შენ ეს სიბრიყვე დაგაღონებდა.
ალბათ, მკითხველო, ზემონათქვამი
საიდანღაცა გაგეგონება.
ალბათ, შენც წერდი ამ "სიტკბოებას",
ნამდვილი ტკბობა რომ გეგონება.

სმენა იყოს და გაგონება!
იკითხე ჩემი ეს შეგონება:
სადღაც ქუჩაში ფუჭი სიტყვების
სროლა არ არის თავმოწონება;
ამას რადა წერ? რომ მოიპოვო
ჩემგან ტაშის კვრა ან მოწონება?..

მოყვასთანა ჩაიკალი ამ სიტყვათა შთაგონება,
სითბო გულში ჩაიკარი, შეიქმენით მოგონება,
რადგან სწორედ ასე მოვა ურთიერთობის ცხონება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
თამარსტომატოლოგი8 თვის წინ

👏👏👏🩷🩷🩷 ურთიერთობის ცხონება 🙌🤗

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი