სად იმალება?
თუ ჩემთვის წვიმა საჭიროა, იწვიმოს დაე, ზოგჯერ ამასაც შეეგუე ჩემო ბატონო... ძველი ლექსები ნაღვლიანად შემომხედავენ, და მიხვდებიან, რომ არ ვუვლი, აღარ ვპატრონობ. ღიმილს თავისი მიზეზი და გუნება უნდა, ვერც გავიქეცი... და ვერც ვერსად დავიდე ბინა, შემომახეთქა მთელ სხეულზე ტკივილთა გუნდა და ბევრი ღამე ამ სიმწარით გამათევინა. დარდმა რომელიც ვერ დავცალე, აქეთ ამივსეს, ბედნიერება მომინდა და თითქოს თვალებიც დავხუჭე მაგრამ, მომიტევე, ამ სიხალისეს, ვერცერთი მხრიდან ვერ ვუდგები, ვერ ვეკარები. რადგან მჩვევია საზარელი ფიქრის ატანა, დარდის გარეშე, სულიერი არ მეგულება, უნდა დავძლიო ყველაფერი, მისმენ? რადგანაც მერე არასდროს მომასვენებს ვალდებულება. და თუნდაც ასე მომიწოს, თუნდაც უშენოდ გავუყვე გზას და კვლავ დამეწყოს ფიქრთა შერევა... ბევრი არ მინდა, საკუთარ თავს უნდა ვუჩვენო, რომ ვერაფერი დამაბრკოლებს, ვერ მომერევა. ვაი, რამდენჯერ გადაივსო ფიქრის ხურჯინი, მახსოვს ძლიერად გავიხურე რკინის კარები, სოფელში ახალ ჩამოსული ვაშლის ქურდივით ნელა მივდივარ, ეზოს უკან მივიპარები რომ იქნებ გავცდე,ამ ეზოებს, მაღალ შენობებს, ქუჩებს სევდიანს, ბილიკებსაც მძაფრად დანისლულს, თუ ადრე მზე და დღე მიყვარდა, გთხოვე შენდობა რომ ახლა მხოლოდ წყვდიადი და ბნელი ღამე მსურს. ვერც ვერაფერი მახალისებს, ვეღარც მაბრაზებს, თითქოს დამტოვეს, მიმაყუდეს წყალთან ტივივით, ხშირად ვკითხულობ ნაცნობ ფრაზებს, ნაცნობ ანდაზებს და მაინც ვერსად ვერ ვიპოვე ჩემი ტკივილი. სად იმალება? სად იპოვა თავშესაფარი?... ვეღარ გავიგე სად იცლება, ან სად ივსება, თუ ისევ უნდა დამინახოს სუსტი და მხდალი, ვეღარ მივართვი, არასოდეს არ ეღირსება. რადგან მე ვიცი სად ვიყავი, და სად მოვედი, ზეცამ რა გზებიც მოინდომა, მან რაც ინება... საერთოდ ყველამ რომ დამტოვოს,როგორც პოეტი, მზიან დილაში აღმოვაჩენ მოტივირებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი