გახსოვს?
გახსოვს? ის ძაღლი, სიბნელეში ყეფით რომ გვსდია, ჩვენ კი ჯიუტად ავიტეხეთ სიცილ-ხარხარი, ახლა როდესაც ტკივილები ოთახში ყრია, ახლა როდესაც ვერაფერმა ვერ გამახარა. ახლა მეწვია ის განცდები, ბნელი რომ ჰქვია, შემომემატა თბილ თვალებში თითქოს ჭაღარა, აღარ მადარდებს ადრეა თუ მოვედი გვიან, აღარ მადარდებს რა მასვენებს, ან რამ დამღალა. ვერ დაასრულებს ამ ყველაფერს სახეში ტყვია, ამის შემდეგაც არ მორჩება, არა, აღარა... მცირე ტკივილი, ან რომელსაც სიმცირე ჰქვია, ახლა რატომღაც მეჩვენება უზარმაზარად. გულის კარები დავკეტე და სული მაქვს ღია, არც ერთს არავინ არ პატრონობს. ახლა რადგანაც მწყურია კვდომა, მაგრამ უფრო სიცოცხლე მშია, ვაი, ორივე მეძნელება გადასატანად. სულში სისველე. გარეთ კიდევ ფოთლები ქრიან, აღარ არსებობს არაფერი, ძველი, ახალი... გახსოვს ის ძაღლი? სიბნელეში ყეფით რომ გვსდია, ჩვენ კი ჯიუტად ავიტეხეთ სიცილ-ხარხარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი