აღსარება
იცი? აქ სულ ერთ რამეზე ვფიქრობ, ერთადერთი საფიქრალი დამრჩა, მენატრება, ბავშვობა და სითბო, ჩვენი ეზო, სოფელი და ბაღჩა. ახლა როცა უსასრულოდ შორს ვარ, მწვანე მთებში მელანდება მერი... ისევ მესმის სასიკვდილო ოხვრა, მაგრამ მაინც სიცოცხლეზე ვმღერი. ვერ ვაკავებ გაგიჟებულ მელანს, ორი გზაა. უნდა დავიჯერო, ან საერთოდ მივატოვო ყველა, ან ლექსები აღარასდროს ვწერო. საით წავალ... სად გაიწევს გული, გული - მე რომ აღარ მჯერა ფეთქვის, ჩემზე მეტად შეგიყვარებს ვიღაც, ჩემზე ლამაზ კომპლიმენტებს გეტყვის. მალე ყველას დავაწვები ბარგად, და ტაძრამდეც ვეღარასდროს მივალ, შენ მეტყვი რომ თავი იგრძენ კარგად, მე გეტყვი რომ ყველაფერი მტკივა. ახლა როცა მდუმარებას ვტირი, მახსენდება, ვუღიმოდი ვარდებს, ვეშმაკობდი, და მოთეთრო ფხვნილი, მეგონა რომ მომიკლავდა დარდებს. მეც მანამდე, ლექსის წერას ვბედავ, გული სანამ მარტოობას გაძლებს, მესიზმრება შემზარავი მედდა, მიღიმის და რაღაც აბებს მაძლევს. შევიცვალო, დროც გავიდეს იქნებ, მახსოვს ღამით, მაწანწალას ვგავდი, მახსოვს როცა ვკითხულობდი წიგნებს, შემდეგ სახლის სახურავზე ვწვავდი. მახსოვს, არვინ დამელოდა გემთან, მახსოვს ჩუმი შეძახილი - ბრიყვო... ვკითხულობდი, ვინ დარჩება ჩემთან? პასუხად კი არაფერი იყო. მე ხომ ისევ ჩამოვივლი ქუჩებს, დასათრობად ჩემს მეგობარ დუქანს, ცოტა ხანიც... ერთ დღეს მაინც წავალ და არასდროს მოვიხედავ უკან. აღარც კარი არ დამრჩება ღია, კარს, რომელსაც ვეღარავინ აღებს, მხოლოდ ერთი გასროლილი ტყვია, დამავიწყებს უსასრულო ნაღველს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი