მზე ამოუსვლელი


მზე არ ამოდის, ირგვლივ ქარია,
წვიმა კი არა ცრემლი მასველებს,
ჩემი ლექსები ნატყვიარია,
შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს.
შემოგიძვრება სულში მატლივით,
გაგაღვიძებს და გეამბორება...
ო, არ ყოფილა ასე მარტივი
ძველი ფიქრების ჩამოშორება.
იქნება შენი მონა-მორჩილი,
ზოგჯერ ავტორად გარდაიქმნება...
იქნება შენი ქმარი და შვილი
და მეგობარიც დიდი იქნება.
დღე დაიწყება მისით, და მზისით
ანათებს ხოლმე, შემიმჩნევია...
ზოგჯერ უტყუარ იმედებს ისვრის
ზოგჯერ კი ჩუმი კვდომა ჩვევია.
ხან მიგატოვებს ფიქრებში გართულს,
ხან გაგიღვიძებს ნაცნობ მშვენებებს,
და თუ შეგცივდა, ძვირფასო, ზაფხულს
ჩემი ლექსები შეგახსენებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი