დაისი საქართველოში
მზისქვეშეთი... ქვიშიანი მინდვრები, მთვარის შუქში გახვეული ყურღანი... ამ ცისა ქვეშ დადიოდა: რუსთველი, ცურტაველი, ბერი საბა-სულხანი! ამ ცისა ქვეშ თამარს ცრემლი უღვრია, ეს მდინარე ცრემლი არის თამარის, მას დავითის გულზე გადაუვლია - მამა-პაპათ საძვალით და სამარით... ა, ვარძია მზისფერი და მზიანი, ა, გელათი - გაენათი მრავალთა, სულთსაბორგე ქვანი ღაღადიანი, სულთმხუთავი მომხდურთა და მტარვალთა... ოშკ-ხახულის სვეტი კელაპტრიანი... მისი ხილვაც არ იქნა და არ ახდა და მრავალი საუნჯე მისთანანი უძლურებით ასე გამიპარტახდა! ბრაზი მახრჩობს საკუთარი თავისა, მაინც ვმღერი ო, ლილეოს მწირული, როცა მესმის ჯანხი დარიალისა და დიდგორის სუნთქვა თავგანწირული! გიორგი ზუბიტაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი