ჩემი მაცოცხლებელი მიწა (მცირე პროზა)
წყალწყალა ჩიტებმა გადაიფრინეს ზამთრის სევდაჩამდგარი აკაციის ტოტიდან შინდის ახლადგაკვირტულ, სევდაგაცლილ, გაზაფხულისფრად შემოსილ ხეზე, ხმაურით, ჟღურტულ-ჭიკჭიკით და ააქოთქოთეს გაზაფხულისფერი შინდის ხე. წინ, დიდი, თეთრი თოვლის კაბაში გამოწყობილი, კავკასიონის მთები ჩამდგარა. თვალუწვდენელ მწვერვალთა ზედ, ოცნებასავით, დასტრიალებს ალაგს ნისლის ქულა. მთების კალთებზე შეფენილი ტყე ზამთრის ღრმა ძილისგან თავისუფლდება. მოჩანს აქა-იქ ადრეულად გაყვავებული ტყემლების, ბალამწარის ყვავილებისა და არყის ხის ფოთოლთა სითეთრე, ისე, როგორც ყოველი გაზაფხულის დადგომისას და, თითქოს, ისე, როგორც არასდროს. ჩელთი ისევ იმ სიმღერას მღერის, რასაც მისი გაჩენის დღიდან მღეროდა. მღერის უსასრულოდ, შეუნელებლად, თითქოს ვაჟი იმ გოგონას უხსნიდეს სიყვარულს, რომელსაც გული ცხრაკლიტულით ჩაურაზია, ჩაუკეტია და ვაჟის განწირულ სიმღერას მისთვის ჩალის ფასიც არ დასდებია. ჯაგნარებში და მაყვლიანებში ჩიფჩიფებენ ბეღურები. ასკილის ბუჩქზე შერჩენილ ნაყოფს ნამის ელვარება დაჰფენია, თითქოს ალმასით, ზიზილპიპილებით მორთულა ერთი უბრალო ჩითისკაბიანი გოგონაო. ჩელთის ნაპირებს ახლადამოსული ბალახი — ზურმუხტის ხალიჩა, საბან-გობანი — დაჰფენია და ამ სიმწვანეში, ალაგ-ალაგ, ამობდღვიალებულა ბაბუაწვერას ყვავილი. მთების მწვერვალებს შორის, არწივი მისდევს გულყვითელა ფრინველს — ეს უკვე უთქმელი პოეზიაა. თიხნარ კლდეთა გულიდან გადმოსჩქეფს თიხისფერი, ქაფქაფა წყალი და შვიდი-რვა ნაბიჯის სავალ გზას ისე გადის, როგორც ცოდო-ბრალით ამღვრეული კაცი სიცოცხლის გზას. ჭალაში გაშლილ-გაფენილია მდინარის გამორიყული ხეები — ნარიყი, რომელთაც სიცოცხლის ნიშანწყალი სრულებით დაუკარგავთ, გარდა იმ რამდენიმე ხისა, რომელთა რამდენიმე ფესვი მიწას საბოლოოდ არ გაუწირავს. ასეა: თუ არ დაკარგე ის, რაც გაარსებებს, ადვილად არ გაიწირები. ვდგავარ ამ სამყაროს ცენტრში, სადაც ათასგვარი ქარცეცხლი, ნიაღვარი მიტევს, მე კი საბოლოო ფესვებით ვეჭიდები ჩემს მაარსებელ მიწას — ღმერთს. / გიორგი ზუბიტაშვილი / 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი