სევდისგან გაცალმტვერებული


საღამოს 7 საათია, ცა მუქი ფერებით მოფენილა, მზე ალმაცერად იყურება და თანდათან დასაძინებლად მიეშურება, იგი სიბნელეს ვეღარ ფანტავს. კორპუსთა უმეტესი ნაწილის ფანჯრიდან კი შუქი გამოშჭვივის და სიბნელეს აფრთხობს.
ადამიანები თანდათან სახლისკენ მიეშურებიან, ზოგი ხალისით თავაწეულნი, ზოგი კი მოწყენით და თავდახრილნი.
 ფრინველნიც თავიანთი ბუდეებისკენ მიფრინავენ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ახლო-მახლოს ზის შუქნიშნის ბოძზე და ადგილიდან არ იძვრის. თავიჩაუხრია, მოკუნტულა, თვალებთან ცრემლის ნაკვალევი ეტყობა. იგი გაჰყურებს დღის დინებას, თუ როგორ მიეშურება ყველა ცოცხალი თავისი სახლისკენ, თუ როგორ შთანთქავს თანდათან უკუნი ყველაფერ ნათელს.
 იგი საათობით იჯდა ისევ განუძრევლად, ისე რომ ერთი ფრთაც კი არ შეუხრია. მთელი სამყაროს სევდას მოეცვა იგი. უამრავი კითხვა აწუხებდა, რატომ გაჩნდა? ვისთვის? რისთვის? და თანდათან უფრო და უფრო იპყრობდა ამაზე ფიქრი.
გვერდით არც არავინ ჰყავდა რომ სევდის ნაწილი მაინც გაენაწილებინა, რადგან სევდამ მისი მთლიანი გონება დაიპყრო.
იგი ცდილობდა იმ ხერხების გახსენებას რომლითაც ადრე სევდას ფანტავდა, რადგან ფრინველთა სამყაროში ხომ მხოლოდ ძალიან ცოტა ხერხი არსებობს სევდის გასაფანტად. 
მას არ შეუძლია ალკოჰოლს მიეძალოს და დაიბინდოს გონება, რათა სევდაც თან გაჰყვეს, ან სიგარეტი მოწიოს და ბოლს გაატანოს სევდის ნაგლეჯნნი, ყურადღება გადაიტანოს წიგნის წაკითხვით და გამოწვეული სიამოვნებით გაიწმინდოს გონება სევდისგან, თუნდაც კლასიკური მუსიკის მოსმენით.
არ შეუძლია მეგობრებთან ერთად წავიდეს სადმე გასართობად. რადგან სამყარომ ხომ ადამიანთა მსგავსი ცხოვრება არ არგუნა.
მხოლოდ ორი ხერხი ახსენდება. ან ისევ აქ იჯდეს შუქნიშნის თავზე და  ადამიანთა ცხოვრებას შეჰყუროს, ინატროს ისევ! რომ მათი მსგავსი იყოს. ან მტკვრის ნაპირისკენ გაფრინდეს და მის მომბზინავ ღიმილს გაატანოს სევდა.
 ყოველთვის მოსწონდა მტკვრის ნაპირი. უყვარდა მდინარის მშვიდი ლივლივის ყურება, სიოს უცნაური ზუზუნის მოსმენა, ფოთლების შრიალის ხმაური, ტალღების ნაპირზე მიხეთქების რბილი ხმა.
 მდინარე მტკვარი დღის სინათლეზე ძალიან ლამაზად ბრწყინავდა, ღამეც ისეთივე მშვიდი იყო როგორც დღე. თუმცა დღისით აქ მოსვლა უფრო უყვარდა.
მას უყვარდა დღისით მტკვრის გარშემო ფრენა, მზის სხივების სითბოს შეგრძნობა და მდინარეში თავისი ანარეკლის შეცნობა.
ეს კი მას აგრძნობინებდა თითქოს მარტო არ იყო. იგი ამ წრფელ გარემოს უზიარებდა თავის სევდას, აქ გრძნობდა თავს ლაღად და თავისუფლად. მოსწონდა გაშლილი სიმწვანის დანახვა.
 მზის ჩასვლისას კი როცა გარემოს ელფერი ეკარგებოდა მას ისევ თანდათან ითრევდა, თავს აბეზრებდა ცოტაოდენ მივიწყებული სევდა და მტკვრის ჟღერადი ტალღების ლივლივი საკმარისი არ იყო მის მოსაშორებლად. ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა რომ ისევ ეფრინა, ენავარდა ჰაერში მტკვრის გარშემო და დამტკბარიყო გარემოს სიწმინდით.


  გიუშ სიხარულიძე🖋

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი