II. არავის ტყეში: ცოდვილთა მეფე
მთიდან ვუყურებ უფსკრულის წყვდიადს, უფსკრულში წყვდიადი მიყურებს მე, მიყურებს მე როგორც მთაზე მდგარს დიადს და მეტ დიდებას მაწყურებს მე! აქ მთაზე დგომა საშინლად მიჭირს, ამოსვლა ათასჯერ ნაკლებად ჭირდა! მეფეს, მეფობის ჭირი თუ მიკვირს, ჩემი აქ მოსვლა ნეტავ თუ ღირდა? არვიცი, მაგრამ აქ მოსასვლელად მე უნდობელმა ვთელე თავები, ვიარე მათზე როგორც უსისხლომ და მომყვებიან სიკვდილს ყვავები! ვინ იცის, აქ ამოსვლის დროს, რამდენი მაქვს მე დანაშავები? რაღა აზრი აქვს ფიქრებს ამაზე, როცა დავსვარე სისხლში მკლავები! ბევრი რაინდი, ბევრიც კი მეფე და მათზე მეტი საცოდავები, ვინ დაითვალა? ვინ მოათრია? ვინ ამოთხარა ეს საფლავები? ყველგან ვიწვევდი განადგურებას, აღფრთოვანებას ან შიშს მე ვიწვევდი, იმ ბოროტების დასადგურებას, მარტო დანახვით რომ დაიწვები! მთიდან ვეხები უფსკრულში წყვდიადს, უფსკრულის წყვდიადი მეხება მე, როგორ ველოდი ბნელში განთიადს, ველოდი მზის სხივის შეხებას მე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი