მარტო
აქ მიმატოვეს ღმერთებმა მარტომ, რომ ვიყო მარტო დამდეს პატივი, თქვეს შენ ვერავინ ვერ უნდა გმართოს, მომცეს ლამპარი, ხმალი და ტივი. დამარქვეს ათასი სახელი "მარტო"-ს, მაჩუქეს სევდა, ვნება, წუხილი, გამხადეს ელვა უმისამართო, ვიყავი მათი ჭექა-ქუხილი. ვიარე დღეები, წლები მე მარტომ, არ იყო ეს გზა არსად მარტივი, ვნახე ტკივილი, ტირილი ფართოდ, შემხვდა ათასი მდუმარე ქვრივი. ვინც მე მხედავდა ხედავდა "მარტო"-ს, შემხვდა მართალი, კარგი, ცოდვილი, ვნახე მკვლელებიც და არამარტო, ისინიც ვისიც ვიყავ სურვილი. ბოლოს როცა გავიარე მარტომ, მხედავდა დედა, მამა და შვილი, მკითხეს - ბატონო, როგორ მოგმართოთ? ამოვიოხრე "მე ვარ სიკვდილი".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი