... (ჩვეულებრივად დაღამდა)


ჩვეულებრივად დაღამდა ეს დღეც,
ჩვეულებრივი ჩამოდგა ღამე,
რა, რა დარჩება ამ ღამის შემდეგ,
ანდა საერთოდ დარჩება რამე?

ჩვეულებრივად მიყვარხარ მე შენ,
ჩვეულებრივად გიყვარვარ შენ მე,
რაა ისეთი, ეს ღამე შეგვრჩეს,
რაა ისეთი, ამ ღამეს შერჩეს.

ჩვეულებრივი ღამეა მშვიდი,
ჩვეულებრივად ჩვენც ვათევთ ღამეს,
დაგვავიწყდება ეს ღამეც დილით,
ღამეც ჩვენს ვნებებს გაატანს ქარებს.

ჩვეულებრივი ოცნება დიდი,
ჩვეულებრივი სევდა და ფიქრი,
ჩვენც მივყავართ და ცხოვრებაც მიდის
და ჩვენ გვგონია, ჩვენ მიგვყავს იგი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი