ენაში გაჩენილი ყვავილი
ენაში გაჩენილი ყვავილი პოეზია ენობრივი წარმონაქმნია. ადამიანი ენაშია ჩაშენებული, მას აქვს მოცემული სიტყვები, თუმც ეს ენა შორსაა იმ ენისაგან, რომელსაც ადამიანი იყენებდა სამოთხეში, როცა სიტყვები და საგნები ერთმანეთს ისე ეფარდებოდა, რომ გაუგებრობის ჩრდილიც არსად იყო. პოეზია ამ გაუგებრობის ჩრდილის შემცირებაა, საგნებისა და სიტყვების შესაბამისობაში მოყვანა, მისი სემანტიკური ველების განწმენდაა; იგი ის სარკმელია, საიდანაც ყოფიერების არსება შემოგვყურებს. ნამდვილი პოეტური აქტის დროს ხდება ენობრივი კომბინაციების წარმოშობა, რომელიც ჩვენში გაუჩინარებულ ედემს, ლოგოსს აძლევენ საშუალებას, გამოიწიოს ენის ზედაპირზე. ეს ენობრივი კომბინაციები ქმნიან ერთგვარ ეკრანს, მოკრიალებულ ცას, რომელსაც არსებობა თაურ ენაში ჰქონდა, ზეგრძნობადში და ყოვლის აღმნიშვნელში. ის ენა, რომლითაც ადამი ელაპარაკებოდა ღმერთს, მიძინებულია ენების გულისგულში და ამ ენის გარეთ გამომტანი არის პოეტი. პოეზია ცნობიერების ველში გადასაადგილებელი მექანიზმია,იგი გაგების ველში აგდებს მკითხველს, აბრუნებს იმ ფერების სიკაშკაშესთან, რომლისათვის თვალი ყველას მოუკრავს; იგი გამომღვიძებელია იმ მდგომარეობისა, რომლის აღდგენას ესწრაფის რელიგიის ლიტურგიკული ნაწილი; პოეზია თავისებური ლიტურგიაა, რომელიც ადამიანს თაურ მოვლენაში ძირავს, იგი სამყაროს ახსნის ცდაა; ლექსი ენაში გაჩენილი ყვავილია, გზის დასაწყისია, პირველი მებოძირი და გზაჯვარედინი, რომლიდანაც დაიწყო ჩვენი შემოსვლა ამ სამყაროში. პოეზია ფიქრების უვნებო ძირია, საიდანაც კრთის ღმერთის დავიწყებული არსება. იგი უხილავი მზის ღერბია, დიდი მზესუმზირაა, მზისკენ შეტრიალებული. იგი გზაა, ოქსიმორონების ლაბირინთებით მავალი, იგი მომავლიდან მომავალი მგზავრია იმ წერტილისაკენ,” რომლის ცენტრი ყველგანაა, პერიფერია კი –არსად”. ყოველი არსება თვისობრივად არარაა იმ არსის გარეშე, რომელიც ყოველში იმყოფება და ყოველ არსებულს ყოფიერებაში ამაგრებს. თუ პოეზიაში არ ჩნდება ეს არსი, ეს უძირობა, ლექსი კარგავს თავის სიმყარეს, საყრდენს, ის თვისობრივად მკვდარია, არ ფეთქავს. საგნებიდან, ენიდან უნდა მოხდეს გაცვეთილი მნიშვნელობების მოცილება, რომ ლოგოსმა, ყოფიერების არსებამ შეძლოს ენაში შემოსვლა. პოეზიის მეშვეობით ლოგოსი შემოდის, აჩენს თავისმყოფობას, აქ ღვთისა და ადამიანის მზერა ერთდება. პოეზია საერთო სარკმელია, რომელშიც ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს ხედავენ, იგი ფანტასტიური სარკეა, რომელიც ჩვენი არსების შიდაპირს გვიჩვენებს. საზომები, სხვადასხვა მეტრი, სხვადასხვა ზომის და ფორმის საკრავებივითაა, რომელთა მეშვეობით ხდება სიტყვების ქაოსის მოწესრიგება, რითმების და ალიტერაციების ვიტრაჟები ათას ფერებში გარდატეხავენ უხილავი ლოგოსის სხივებს, ისინი ანათებენ ენის კონსტრუქციებს. მეტაფორები, სიმბოლოები სარკმელებია იმ ენის სახლში, რომლიდანაც ყოფიერების არსება ანათებს. პოეზია უფსკრულის პირზე ამოსული ყვავილია, თანაბრად რომ ხვდება უფსკრულის ბნელი სიგრილე და მზის ათინათი, იგი რეალობის გულისგულია,ნიშნების გაბმული ველია, მიმავალი იმ ”სახლისკენ”, სადაც ყველაფერი მშვენიერია. ადამიანისთვის სიტყვები მის თავში არსებული იდეების შესამოსელია, რომლის დახმარებითაც ისინი გამოდიან დღის სინათლეზე. პოეზია ზეგრძნობადი ენის შექმნის ცდაა, რომელზეც სრულად არის ჩაწერილი ეიდოსური სამყაროს კოდი; პოეზია გულის გამოტანის ცდაა სინათლეზე, იგი ეგზინსტენცის სარკეა, სადაც ის თავის წარუვალ არსებას უჭვრეტს. პოეზია ღმერთისაკენ მიმავალი კიბეა, რომელზეც ადამიანები უნდა მოძრაობდნენ აღმავალი ხაზით, იგი ღმერთის დაღმავალი კიბეცაა, რითაც ის ჩვენკენ ეშვება. პოეზიაში მშვენიერება აბსოლუტის, დაფარული არსების ბოლო თავშესაფარია: მშვენიერების არ არსებობის შემთხვევაში აბსოლუტი არ გამოვლინდება; პოეზიას მოძრაობაში მოჰყავს ადამიანში არსებული სტრუქტურები, მისი საშუალებით ხდება ჩავარდნა ცნობიერების ველში, რომელიც საერთოა ყველასათვის; პოეზია შინაგანი ადამიანის გამოღვიძების ცდაა, იგი ხიდია უფსკრულზე გადებული; იგი ადამიანის დაკარგული სახის ამომზიდველია ენის უფსკრულიდან, მისი წარუვალობის და მისი მარადისობის მანიფესტაციაა; პოეზია ენის სარჩული და შიდაპირია, ლოგოსის კიდობანია, რომელშიც სიტყვები სხვადასხვა მეტრის ორღანიდან წამიერად გარდაისახებიან მკვრივ, გონითი სინათლის ფიგურებად; აქ ყოველი სიტყვა უნდა იყოს რითმა, ალიტერაცია,რადგან რაც უფრო არიან სიტყვები ჩაჭიდებული მსგავსებების მბულებით, მით უფრო მყარია, მით უფრო განათებულია ლოგოსის, ყოფიერების არსების სახლი. ლექსი მთლიანად ალიტერაციების, რითმების ბირთვად უნდა იქცეს, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ზედმეტი სიტყვა, არაწმინდა მატერია, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი არასიწმინდე ასეთი ტიპის ლირიკაში, მაგრამ ზედმეტი სიტყვები მაინც რჩებიან, ისინი სიუჟეტური ხაზის შემნარჩუნებელნი, შიდა მოძრაობის დამარეგულირებელნი არიან; ისინი შუქურებივითაა, კეთილხმოვანი ალიტერაციების რითმების შემდნარ ნაკადებზე ამომართული; იმგვარი სიტყვები, რომლებიც ენობრივ ბირთვის შექმნაში არ მონაწილეობენ, გვევლინებიან სიტყვათა ოჯახების გამიჯნავებად, სადემარკაციო ხაზებად: ისინი ერთმანეთში დანთქმისაგან იცავენ ბირთვის შემადგენელ სიტყვებს, უზრუნველყოფენ ამ სიტყვათა მოძრაობას, მათ მთლიანობას. კეთილხმოვანი ალიტერაციების და რითმების ბირთვი ლექსის უდიდეს ნაწილს უნდა შეადგენდეს. თუ ბირთვის მოცულობა მკვეთრად ჩამორჩება დანარჩენი სიტყვების რაოდენობას, მოცულობას, მაშინ ეს ,,ზედმეტი სიტყვები” უკვე ჩაშლილი აგურებია, გაბზარული სვეტებია და საფრთხეს უქმნიან ლოგოსის, დაფარული არსის სახლის სიმყარეს. მკვრივი, შეკრული ფორმები ჟამგაძლეობით გამოირჩევიან. რაც უფრო მტკიცედ არის მოქსოვილი ლექსის სხეული, რაც უფრო რთულდება ენობრივი კომბინაციები, მით უფრო ძლიერდება ლოგოსის ნათება, ხდება საგანთა პირველად მდგომარეობაში აღდგენა, მათი შინაგანი კავშირების ხელახლა აღმოჩენა. პოეზია ენის არქეოლოგია და რესტავრაციაა, წრფეა, რომლის ბოლოები სადღაც უსასრულობაში ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და ერთმანეთში უნდა ჩაეშვან. 2003 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი