მედიტაციები


გზის ძაფი და სინათლის დაფანტული მარგალიტები

შუაღამით მამლის ყივილი ღამეს ვერ გაათენებს, თუ გასათენებელია, უფლისმიერი კანონზომიერებით აუცილებლად გათენდება.
ჩვენი სურვილები, ჩვენი ოცნებები ძირითადად ილუზიური ხასიათის არიან და მოძრაობაში მოჰყავთ ჩვენი სხეულები. ქმნიან ცხოვრების ორომტრიალს და სიცოცხლის მრავალფეროვან ცისარტყელას. ჩვენ, ჩვენივე ოცნებებით შეპყრობილები, გადავკვეთთ ერთმანეთის გზებს ამ იდუმალ ბურუსში, რასაც სიცოცხლე ჰქვია. ვპოულობთ ერთმანეთს და ვკარგავთ, ეს ისე, როგორც გზაზე, სიბნელეში სინათლეს დაინახავ და ყველაფერს გაარჩევ: საგნების მოხაზულობას, სახლის კონტურებს, ღობესთან ვარდებს და ყვითელ გუბეს, მერე ისევ სიბნელეში შევაბიჯებთ და გზას ვაგრძელებთ. გზა სინათლეების დაშორებული წერტილებით არის მოფენილი—მისი(სინათლის) ფუნქცია სხვა არაფერია, თუ არა, დავინახოთ ჩვენივე სულის ლანდშაფტი, ჩვენივე სულის ბაღი, რომელიც სიბნელეში არის ჩაძირული. ჩვენი სული ამ წარმავლობის ლიანდაგებზე, ამ ეკლიან და თან ნეტარ გზაზე აუცილებლად ჩაუვლის ყველა ამ ნიშნულს, ყველა ამ სინათლის წერტილს, იმიტომ რომ მოძრაობს ჩვენი შინაგანი დრო, იმიტომ რომ მოძრაობს ჩვენი შინაგანი დროის აღმნიშვნელი საათი, იმიტომ ჩვენ თვითონ თუ არ ვიმოძრავებთ, თვითონ გზა ამოძრავდება და აღასრულებს კანონზომიერებას, მაინც წაგვიყვანს იქ, სადაც უნდა წავსულიყავით.


ჯავახეთი

ჯავახეთი მორევის მბრუნავი თვალია, ერთი შეხედვაც, ერთი დათვალიერებაც საკმარისია, რომ ცნობიერებაში რაღაც წერტილი აენთოს, ჩაუქრობელი წერტილი, რაღაცნაირი სამყაროა, უცხო, მაგრამ ჩვენი ნაწილი, ჩვენი უცნობი სულის ლანდშაფტის ისეთი ნაწილი, რომელსაც მხოლოდ წამით შეგვიძლია თვალი მოვკრათ. ადამიანის სული ძლიერი შთაბეჭდილებების დარბაზებია, ამ დარბაზებს არაფერი აკავშირებს, არც საერთო კედლები აქვთ, არც საერთო დერეფანი, არც კარი, რომელსაც ერთი დარბაზიდან მეორეში გადავყავართ, მათ შორის მხოლოდ მოლივლივე სიცარიელეა. ის განმარტოებულ სოფელს ჰგავს ღამით, ანთებული სინათლეებითა და საკუთარი ცხოვრებით. ჩვენ მას ხანდახან მივაკითხავთ, რომ სიცარიელიდან მის სინათლეში შევიჭვრიტოთ, მაგრამ სიცარიელის უჰაერო სივრცე ჩქარი მატარებელივითაა, იქიდან მხოლოდ თვალის მოკვრა შეიძლება, ხელის დაქნევა. ჩვენი ცხოვრება არაფერია, თუ არა იმედი, რომ ოდესმე ასეთი დარბაზის კარი გაიღება ჩვენთვის, კარი, რომელსაც შევაღებთ და უკან აღარ მოგვიხდება დაბრუნება.


ცრემლის მაგია

პოეზია ცრემლია, სხვა არაფერი. გაქვავებული ცრემლი,
ქარვა, სადაც ჩვენი სული ფართხალებს,
ან ჰოლოგრამა, სადაც ამობრუნებული ჩვენი ,,მე” ელავს.
ცრემლის მაგია არის პოეზია.
პოეზია გვერდავლილ მოვლენათა, 
გულისწყვეტათა ცეცხლოვანი კუდია,
 რომელიც კომეტასავით გაიელვებს.
ტემპერატურას ზრდის, ჰაერს უცხო ელემენტებით ავსებს,
ყველაფერს ცეცხლს უკიდებს და ელვის უსწრაფესად ეფარება თვალს, მხოლოდ იმისთვის, რომ მარადიულად დარჩეს იქ,
სადაც მისი სადგომია, სადაც მისი სავანეა
—ადამიანთა გულებში, ერთგვარ საკრალულ სივრცეში,
სადაც მარადიული მოვლენები ინახებიან.
ეს არის მაგია შეუძლებლობისა, ვერ შეხვედრისა,
დროში გამუდმებით აცდენისა
და ცხოვრების გვერდზე ჩავლის-სულ ახლოს, სულ ახლოს,
თითქოს და შესაძლებელი იყო ყველაფერი,
მაგრამ სულ ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩით,
სულ ერთი წამით დავიგვიანეთ.
ამაზე მოთქვამს პოეზია.
პოეზია არაფერია, თუ არა დიდ გულისწყვეტათა ქრონიკა.
მას ტკივილის განელება არ უნდა, არამედ შენახვა,
იმიტომ, რომ ეს ტკივილი უტკბილესია.
ტკივილში იმალება ყველაზე დიდი ნეტარება.
ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი უზომოდ განვრცობილია, ღმერთივით. ერთდროულად ჯოჯოხეთშიც არის და სამოთხეშიც,
მაგრამ იმ მოვლენებს თუ ჯოჯოხეთს გამოვაცლით,
სამოთხეც გაქრება,
ხოლო თუ სამოთხეს მოვაშორებთ,
მხოლოდ სიცარიელე დაისადგურებს.



სახე და სიცარიელე

თუ ადამიანის კერპს თავი მოტყდება და დაიმსხვრევა, ის ხელახლა მის შეკოწიწებას და დაწებებას არ უნდა შეუდგეს. დაე, იჯდეს სიცარიელეში, სადაც არცერთი სახე არაა, სადაც არავის ხმა არ ისმის, სადაც თვითონაც კი არ არის. არყოფნა, სიცარიელე თვითონ აღმოაცენებს ახალ სახეს, ახალ კერპს, ახალ კელაპტარს აანთებს. ერთადერთი, ვისაც სახე სწყურია, ეს სიცარიელეა, ღმერთია. ის სახის გარეშე ვერ ძლებს. ამიტომ ნუ გვეშინია სიცარიელის, მას ჩვენზე მეტად ეშინია უსახობისა და სიჩუმის. ჩვენი მისი შიშის შვილები ვართ. მას არ შეუძლია ჩვენ გარეშე, ის, ვინც სიცარიელეს ხედავს და ეშინია, არავინ არ არის თუ არა— თვითონ სიცარიელე (ღმერთი). მას თავისივე სიშიშვლის ეშინია და იმალება. ჩვენი აქ ყოფნა არის მისი დამალვა საკუთარი თავისგან და ამავე დროს თავისივე თავის პოვნა თავისივე სიზმარში, რომელიც გამუდმებით ეკარგება, რომელსაც გამუდმებით დასდევს შესაპყრობად, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდება, ხელს შეახებს მას, ვისაც დასდევს, იმწამსვე უჩინარდება. ახალი სახე კი თავისით ჩნდება, როგორც მისი ალტერნატივა, როგორც მისი სარკე, როგორც მისი ხელახლა გაცოცხლებული გული, როგორც მისი ახალი სხეული.


უცნობი

როცა ადამიანებს ვესაუბრები, მათი ხმა თითქოს ძალიან შორიდან მოდის, ჩემს გაგებამდე მხოლოდ საუბრის ნაწილი აღწევს, სიტყვების ნაწილი კი შეუვალი გარსითაა მოცული და ვერცხლისწყლის ბურთულებივით მისხლტებიან, სადღაც მიექანებიან, მეხსიერების უღრანებში. შეიძლება ორი, ან ოთხი წლის შემდეგ ეს მეხსიერების სიბნელეში შემალული, გამსხლტარი ხმები დაბრუნდნენ, მერე კი სრულიად სხვა სურათი, სხვა ხატი მიდგება თვალწინ, სრულიად განსხვავებული, წინანდელი საუბრისგან. საკუთარი თავის მოსმენა და გაგება კიდევ უფრო ძნელია, თითქმის შეუძლებელი. როცა ვლაპარაკობ, ჩემი ხმა რაღაც უცნაურად ჩამესმის, (ის თავზარს მცემს.) არცერთი ხმა არაა ისეთი უცხო, როგორიც ჩემი. ის თითქოს სათამაშო თოჯინაში ჩაწერილი ხმაა, რომელიც მეორდება და მეორდება.
ის თითქოს შინაგანი სიტყვის ჩრდილია. ხან ჩრდილივით გრძელდება, ხან ჩრდილივით მოკლდება, ხან ჩრდილივით უჩინარდება დუმილის წყვდიადში. ვერასდროს გავიგებ ამ ჩრდილის მიხედვით, თუ როგორია მისი პატრონი, რა უნდა? რისკენ ისწრაფვის? რაზე ლაპარაკობს?


გაუცხოება

ჩვენ ხომ ჩვენს თავს გარედან არ ვუყურებთ, როცა ვლაპარაკობთ, ვმოქმედებთ, ბურუსი გვმოსავს, ნისლი საკუთარი თავის ვერ დანახვის. სხვას კი იმწამსვე ვხედავთ ჩვენი თვალების სარკეში ათასგვარად დატრიალებულს, იმწამსვე გვესმის რას ამბობენ სხვები და ნორმალურად აღვიქვამთ. საკუთარი ხმა კი შორიდან ჩაგვესმის, თითქოს არსებული ენის რომელიღაც დიალექტია, რომელზეც სხვები მეტყველებენ.
ასეთი რამ ემართებათ ჰიპერემოციურ ადამიანებს, რომლებსაც მე ვეკუთვნი. ამიტომ ყოველთვის გარედან ვაკვირდები ჩემს თავს, თითქოს გარდაცვლილი ვარ და ჩემს მაგივრად ვიღაც სხვა მოქმედებს, ჩხუბობს, წერს, ნანობს, მიდის-მოდის. შემოქმედება ეს სხვისი დანახვაა, რომლადაც საკუთარი თავი იქცა. სანამ ეს სხვა საკუთარ თავს არ გამოეყოფა, მანამ ფერმენტაცია არ მოხდება, არ გაიძღვიძებს აზრი, არ დაიბადება მეტაფორა, არ დაიბადება სიტყვების სხეული.


უცნობი სახე

ბედნიერება მხოლოდ ზურგით გვეჩვნება, მისი სახე უცნობია ჩვენთვის. ამიტომაც გვინდა, დავეწიოთ და სახეში შევხედოთ. მაგრამ როცა ვუახლოვდებით, ჩვენ აღარ ვართ ჩვენ, ხოლო ის ვინც არის და ვისაც მივდევთ, მოულოდნელად გვეხორცება, ერთიანდება ჩვენთან და უცნაურ არყოფნაში გვაგდებს, ისეთ არყოფნაში, ყოველგვარ აქაურ ყოფნას რომ აღემატება. ჩემთვის ასეთ გაელვებაზე ფიქრი ყველაფერზე მაღლა დგას, თვით ბედნიერებაზე მაღლაც. ჩემთვის მასზე ფიქრი იგივეა, რაც დაკარგული სამოთხის ძიება, ეს არის ელვის დაჭერის ცდა, ანუ იმ მომენტის დაჭერის ცდა, როცა დრო უკუღმა ტრიალებს, კი არ გადის, არამედ გამუდმებით ეშვება წარსულის უფსკრულში და ათასწახნაგოვან რეალობას ამოზიდავს და ეს რეალობა არაფერია, თუ არა ჩემიდან გამსხლტარი ჩემივე თავი, ოღონდ იმ მომენტში, როცა ის ნამდვილად იყო.

„სხვა“

სანამ საკუთარ თავს მოვძებნით, ჩვენ უნდა ვეძებოთ სხვა ადამიანი- სარკე, რომელშიც საკუთარ თავს დავინახავთ (სხვაგვარად შეუძლებელია საკუთარი თავის დანახვა და პოვნა). შეიძლება მილიონი ადამიანი შეგხვდეს და სარკედ არ გამოდგეს და ვერაფერი დავინახოთ, უნდა გაგიმართლოს, რომ ასეთ ადამიანს შეხვდე და მაშინ ჩვენი სულიდან ულამაზესი სახე ამოცურდება, რომელიც არის ჩვენი იდეალური ,,მე“ (შეგიძლიათ მას ღმერთი უწოდოთ) და ჩვენი არსებობის საფუძველს შეადგენს, ის ჩვენი სულის უხილავი ბირთვია და სხვადასხვა სახეს ღებულობს სხვადასხვა ადამიანთან. ღმერთი მხოლოდ აბსტრაქტული სიტყვაა და ადამიანური ფორმის გარეშე მას არც გამოცხადება შეუძლია და არც გამოჩენა, მას ადამიანი სჭირდება თავის ბაგეებად და თავის სახეთ, ის სინამდვილეში ყოველი ადამიანის ხორცშეხმაა, მისი ერთიანობის მრავალფეროვნებაა. ის არის ყოველი და არც არის მანამ, სანამ საკუთარ თავს ანუ ”სხვას ”(სარკეს) მივაგნებდეთ, მაშინ ღმერთი კონკრეტულ სახეს ღებულობს და ჩვენივე სულის ფსკერიდან, ლაბირინთიდან იმ ”სხვის” საშუალებით თავისუფლდება და ჩვენივე უიდუმალეს არსებად წარმოგვიდგება და მას იმ ”სხვის” სახე აქვს.

სახის წიგნი

სურვილები აყალიბებენ ჩვენ სულს, აძლევენ ფორმას. სურვილი გზაა, ხაზია, რომელსაც ადამიანი მიჰყვება, მერე ეს ხაზები, გზები– მის სახეზე აღიბეჭდებიან. აკი, სული თუ რამეს უნდა მივამსგავსოთ, ეს ადამიანის სახეა. სურვილები ჩვენი სულის ფერებია. რომელი სურვილიცაა მაგისტრალული, დანარჩენ სურვილებს ფონად აქცევს. ის ფერი და სურვილი დომინირებს და საერთოდ სურვილი ქმნის სამყაროს ჩვენ გარშემო. ის ყველაზე დიდი ჯადოქარია. "სახე სხეულის სულია".  სახის გარეშე ხომ შეუძლებელი იქნებოდა კომუნიკაცია. თუ სადმეა ღმერთის საიდუმლო, ალბათ ადამიანის სახესა და თვალებში. აი, აქ იკითხება უცნობი წერილი, რომლის წაკითხვას ცდილობს ადამიანი. აი, ერთადერთი წიგნი, რომლის კითხვა ადამიანს არასდროს სწყინდება. შეიძლება, ის პირველი წიგნიც იყოს, ჩვენთვის გამოგზავნილი. აკი შემოქმედმა თავის სახე ამ უცნაურ თიხაზე აღბეჭდა და მოეწონა, ხატი და მსგავსი უწოდა მას. ადამიანის სახეზე ელავს მისი ბეჭედი და საიდუმლო. აი, რატომ მისჩერებიან ერთმანეთს შეყვარებულები დაჟინებით, თითქოს ისეთი რამე იხილეს, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ, თუ ასე ახლოს იქნებოდა ის, რომელსაც უამრავი სახელი აქვს და არცერთი ბოლომდე ვერ მოიცავს მის უკიდეგანობას და ამავე დროს ყველა სახელი მისი სახელია და მისი წახნაგი. მთელი სამყარო ამ სახის მიერ მოხდენილი სასწაულებს ეყრდნობა.



***
შეიძლება, რასაც ჩვენ ნაკლს ვეძახით, მხოლოდ ნაკლი კი არ არის, არამედ საზღვარი და კიდეა, რაც სხვებისგან გაგვყოფს, გამოგვარჩევს და საბოლოოდ ჩვენს ინდივიდუალურ, განსხვავებულ სახეს გვაძლევს, სახეს, რომლითაც ჩვენ ვცნობთ მათ, ვინ გვიყვარს და გვძულს, სახეს რომლითაც გვცნობს ღმერთი და გვეძახის: ადამ სად ხარ? სახე ღმერთის რუკაა, (ჩვენიც), რომლის მიხედვით ის ორიენტირდება თავის უკიდეგანო სიზმრებში და არ იკარგება.

***

სულის სიღრმე, თუ ის ნამდვილი სიღრმეა, იგივეა, რაც სამყაროს სიღრმე. თუ ერთხელ მაინც ადამიანი თავის უსასრულობას თვალს შეავლებს, იმწამსვე მისი სიღრმე სამყაროს უსასრულობას, მის სიღრმეს დაეტოლება. ადამიანი არავინაა სხვა, თუ არა გამზომი, სახელების დამრქმევი არსება, ის თავისივე თავს უამრავ სახელს ეძახის, იმის მოლოდინში, რომ ”ვიღაც” გამოეპასუხოს.
არადა ამ სამყაროში არავინა მის მეტი, რომ მას შეეხმიანოს.

***
სიყვარული მოულოდნელად უსაზღვროებასთან გვაჯახებს, (ის ტრანცენდეტული ავარიაა) ამა სოფლის ფანჯრიდან გვისვრის რაღაც სივრცეში, რასაც უსაზღვრობას ან მარადიულობას ეძახიან. შეწყვეტილი მარადიული სიმღერა ისევ ახმაურდება ჩვენში, თითქოს დამშრალი მაღალი ჩანჩქერიდან უზარმაზარი წყლის ნაკადი დაეშვა.
 
*** 
ღმერთს რომ იდეალური ადამიანი შეექმნა, (მას ის არ შეუქმნია, დაესიზმრა, ესიზმრება.) ამ ქვეყანაზე მისი მილიარდობით ასლი იქნებოდა და არა ცოცხალი, ერთმანეთისგან განსხვავებული, უამრავი ნაკლით და შეცდომით დამძიმებული ადამიანი, რომელიც ახერხებს საკუთარ თავს სხვადასხვა სახელები დაუძახოს და ასე სიზმრების უღრანში იაროს. იაროს, სანამ საკუთარ თავს არ შეხვდება, სანამ მის ხელებში ისევ არ ჩაიფშვნება, ეს ტალახის და ცრემლების სათამაშო.

*** 
პოეზია არის ექოდ ქცეული ცხოვრება, ეს არის ხმა, რომელიც არავის უხმობს, ეს საწყის წერტილში დასაბრუნებელი ხმაა, იმ წერტილში, სადაც ჩვენს ნამდვილ არსებობას, ჩვენს ნამდვილ სახეს თვალი მოვკარით.

***
წარმოიდგინეთ ათასი წლის წინანდელი მკვდარი აღდგა და მყისვე გაეშურა ძველი ნაცნობების მოსანახულებლად, მაგრამ ვისაც იცნობდა მათგან აქ არცერთი არაა. სწორედ ასეთი რამ ემართება ადამიანს, როცა ის თავისი წარმოდგენებით შექმნილ ახლობლებს და მეგობრებს მიაშურებს. ვისთანაც მიდიოდა, არცერთი ადგილზე არ ხვდება, იმიტომ რომ ის არსად მიდის სხვაგან, თუ არა თავის შექმნილ ხატებთან, (რომელებიც ძველი ნაცნობების, მეგობრების სურათებია.) მათი მსგავსი კი ამ წუთისოფელში არ იძებნება.


***
გავიქცევი ხანდახან ადამიანებთან, მეგობრებთან, როგორც კი მივალ, რამდენიმე წუთში ვგრძნობ, რომ არ უნდა მივსულიყავი. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მივედი. სად ვარ და რას ვაკეთებ? განუწყვეტელი შეგრძნება იმისა, რომ სხვაგან ვარ და არა იქ, სადაც უნდა ვიყო, არ მტოვებს. პოეზია არაფერია, თუ არა სხვაგან ყოფნის შეგრძნება, სიშორის შეგრძნება იმ ადგილიდან, რომელიც მატერიალური წერტილი არაა, მაგრამ მატერიალური წერტილის სახეს იღებს, გაიელვებს ჩვენს ცხოვრებაში და უჩინარდება.

 
ცარიელი დარბაზი

სიზმრები განუხორციელებელი ან განხორციელებადი იდეებია (ან კიდევ წარსულის ძონძებით შემოსილი ჩვენივე აჩრდილები, ან კიდევ მომავლის ელვარე სამოსელში გამოწყობილი ჩვენი ვირტუალური მეები). ისინი ღამით გვსტუმრობენ და დაეძებენ რეალობის სამოსელს, ზოგი სულის დარბაზში პოულობენ ამ სამოსელს. ჩემი სულის–დარბაზის სიცარიელეში კი ამაოდ დახეტიალობენ ოთახიდან ოთახში, თითქოს და ღარიბი მასპინძელი შეხვდათ, რომელსაც არაფერი შეუძლია შესთავაზოს, გარდა ღამისა და ვარსკვლავიანი ცისა, აქ ისინი მის უზარმაზარ სარკეში მხოლოდ თავიანთ სიშიშვლეს ხედავენ და შეშინებული თავიანთი სიშიშვლით, უმალ უკან იხევენ უბედისწერო ადამიანის სულიდან და გზებით, ბედისწერით დამძიმებული სულებისკენ მიისწრაფიან.

*** 
არაფრის სურვილი და არც მისწრაფება შემრჩა, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი ცხოვრებისთვის მხოლოდ გარეგნული მნიშვნელობა ექნება, ესეც სხვების თვალში. ნამდვილი სიცოცხლე გამოქვაბულის მდინარესავით, სხვებისგან უხილავად მიედინება. მე კი გამოქვაბულში მირჩევნია ყოფნა იმ დინებასთან, მარტოობაში და სიჩუმეში, ტანჯვაში, რასაც ვერავის ეტყვი, სიხარულში, რომელსაც ვერავის გაუზიარებ.

***

არ ვაძლევ საკუთარ თავს არც შენდობას, არც ვეფერები, ვაშიშვლებ და ვაშიშვლებ, სანამ არ დარჩება რაღაც, თეთრი, ქათქათა ფურცლის მსგავსი, უფრო სწორად, სანამ არ დარჩება ის, რაც კიდევ აუმღვრეველია. ეს ტყეში წყაროდან ნაგვის ამოღებას ჰგავს: ფოთლების, ტოტების, ნეშომპალის, წაბლის ბუძგების, ტალახის. ვწმენდ მანამ, სანამ არ დაიწმინდება და წმინდა თვალი არ ამოვა ზემოთ. ყველაფერი ზედმეტი უნდა მოვიშორო.
  
***
წარსული არსად არ მიდის, ის მარადიული აწმყოა ჩვენი სულისთვის. ის ელის ნიშანს, მოვლენა-ტოტს რომ წამოედოს და მოვარდნილი მდინარესავით უცებ დაგვფაროს, თითქოს ის წამი იყოს ერთადერთი რეალობა, ერთადერთი ხდომილება, სადაც ჩვენი სული გაშიშვლდა, საკუთარი თავის წინაშე დარჩა. შთაბეჭდილებები, შეძრწუნებები საყრდენ სვეტებს ქმნიან ჩვენი სულის სტრუქტურაში, რომელსაც ჩვენი სულის შენობა ეყრდნობა, ნებისმიერი რყევა გვაბრუნებს ამ შენობასთან, რადგან მაშინ საკუთარ თავს ვუბრუნდებით ისეთს, როგორიც შექმნილები ვართ-შიშველს, უსახელოს, უდედმამოს, უმეგობროს, უმზეოს, უვარსკვლავებოს, უჰაეროს, მრთოლვარე ქაოსს.

***
პოეზია “გარეგნული” ამბავის მეშვეობით შინაგანი სამყაროს გამოხმობაა. ისეთი სამყაროს გამოხმობა, რომელიც უცხოა ჩვენთვის და ამავე დროს ყველაზე ახლობელია, ფუნდამენტური. ამ სამყაროზე დგას მთელი ჩვენი არსება. ეს სამყარო ვართ თვითონ ჩვენ, ის შესასვლელი კარია იმ შენობაში, რომელსაც “მეს”, შინაგან ადამიანს ეძახიან, რომელიც არის ღმერთის ჰოლოგრამა, მისი ხატი, მისი გონება, მისი ელვარება, მისი ზეიმების, ტრაგედიების, მისი სიზმრების ერთობლიობა.

***
ავდივარ სოფელში. ასე მგონია ფერად ქვაბში ვარ, დიდ, ყვავილებით მოხატულ, ფერად ქვაბში. ეს გორები ისე არიან გარშემო და სახლი მის ფერდზე, ლანდშაფტის ნაწილად შევიგრძნობ თავს. მივდივარ გიგანტურ ტირიფთან, რომელიც წყაროსთანაა, მერე აყვავებული ატმის ფერადოვნებას ვუცქერ შორიდან, ახლოს მისვლა რატომღაც არ მინდა. მერე ჩავრბივარ დაღმართზე, სადაც დამეწყრილი მიწებია ჩემს სახლს ქვემოთ, დიდი ტალახის მდინარე, რომელსაც ატმის აყვავებული ხეებიც მიაქვს, ტირიფიც, ჩემი ბავშვობის დროინდელი სათამაშოებიც. ჩემი სახლი კი ამ ტალახის მობუყბუყე მდინარის ახლოს დგას. ასეთ ლანდშაფტში მთელი ჩემი ცხოვრების თავი და ბოლოა ჩატეული, თითქოს ჩემი ლექსი გაცოცხლდა და ამ სახით გამომეცხადა.





ცარიელი სასმისი

საკუთარი თავი ძალზე უცნაური რამ არის. ასი ბავშვის შენახვა და მოვლა სჯობია საკუთარ თავის ლოლიავს, ადამიანის ფსიქიკა უზარმაზარ ყაზარმას წააგავს, სადაც ჯარისკაცები გარბი–გამორბიან, ან უზარმაზარ ჰარამხანას, სადაც იშვიათად ჩამოდგება სიწყნარე.
მეგობრებსაც მიატოვებ(თუ არიან), მშობლებსაც–ყველას მიატოვებ და გაიქცევი, საკუთარ თავს კი რას უშვები, სადაც წახვალ, თან წამოგყვება, გამოცვლა მაგის არ შეიძლება და სადმე დატოვება. (ისე ცუდი სულაც არ იქნებოდა). სადაც არ უნდა წახვიდე, უკან გამოგეკიდება, ამიტომ ყველა პრობლემაზე ძნელი გადასაჭრელი საკუთარი თავის პრობლემაა. ის ათას ოინს გვიწყობს, თუ მუდმივად რამე გასართობი არ შევაჩეჩეთ ხელში, ყველაფერს თავზე დაგვამხობს. ხანდახან მგონია, რომ ძირს დავარდნილი რომ ვნახო საკუთარი თავი, (თუ ასეთი სიურეალისტური სურათის წარმოდგენა შესაძლებელია,) როგორც უსიამოვნო ნაცნობს, გვერდს ავუვლიდი და ფეხს არ შევანელებდი. ყველა ადამიანზე უფრო ყველაზე არასასურველი ხშირად საკუთარი თავია და ამავე დროს ყველაზე ახლობელი იმიტომ, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა იმ განუხორციელებელ სურვილებსა და ოცნებებზე, როგორც ძაღლი ჯოხს რომ მოარბენინებდა გახარებული. ძაღლი თეთრი ძვალით ირთობს თავს, აქეთ იქეთ დაარბენინებს. არ ვიცი, ხორცს წარმოიდგენს თუ ოცნებით ავსებს მის სიშიშვლეს. ადამიანისთვის ეს ძნელია. ძნელია, ცარიელი სასმისით წყურვილის მოკვლა. ადამიანი თავის თავს თავის მოტყუებას ვერ პატიობს, ამიტომ უნდა თავის დასჯა. მას უნდა მიატოვოს ცარიელი სასმისების მსმელი არსება. და იმ სასმისს მიაგნოს, რომელიც სულ ისმევა და მაინც სულ სავსეა.

ოცნების ფრანები

ოცნება, რომელიც ფრანივით ცაში აიჭრა–აუცილებლად ურჩხულად ქცეული დაბრუნდება. და მასვე შთანთქავს, ვინც მას ბაბუაწვერასავით სული უბერა. სურვილები, ოცნებები ესოდენ ლამაზი, ურჩხულებად იქცევიან ხოლმე და ყველაზე მეტად იმას ემტერებიან, ვინც ისინი დაბადა და ელოლიავა. მატლიდან ლამაზი პეპელა დაფრთიანდება, თვალს რომ ახარებს, ლამაზი ოცნებებიდან კი მხოლოდ მძვინვარე ურჩხულები იბადებიან, ამიტომ ზედმეტი ოცნება სახიფათოა, ოცნებით ცაში ძალიან დიდ სიმაღლეზე რომ აიჭრება ადამიანი, უცებ აღმოაჩენს რომ ფრთები არა აქვს და ძირს დანარცხებას რეალობის კლდეებზე ვერ აცდება. არსი– ყველა ადამიანის ნეტარებისკენ სწრაფვაა, ამისთვის აგებს ხიდებს, აშენებს კოშკებს, იგონებს უამრავ სამოსლის ფორმას, ადის მთაზე, ეძიებს სიმდიდრეს, ცეკვავს, მღერის, წერს, რომ რამენაირად ”სხვების” და თავის ოცნებისმიერ სახეს დაუახლოვდეს. ადამიანის მთელი ცხოვრება ამ უცნაურ არარეალურ პერსონაჟთან დაახლოვების ცდაა, მაგრამ ის მოუხელთებელი პერსონაჟია, ღმერთის სატყუარაა, მისი ძირს დაგდებული ყვავილია, მისი კვალია უსიერ ტყეში, ის ერთგვარი საპნის ბუშტია, სადაც ჩვენ ავირეკლებით–მისი მიმართულება ვერტიკალურია. ის დროში გაელვებული მოუხელთებელი წამის ფარშავანგისებური ბოლოა. და მაინც ის მის არსისმიერ არსებობაში სულაც არ არის არარეალური. ჩვენ თვითონ მისი შექმნილი პერსონაჟები ვართ, უფრო სწორად, უამრავი სახის მრუდე სარკეებში დაბნეული და დაკარგული მისი სახე. ამიტომ სახეები, ბილიკები არიან მისკენ- საკუთარი თავისკენ. ასეა, მოსწონს მასაც დაკარგვა და დაბნეულობა, ხეტიალი, ასე ქმნის დროის და მოძრაობის ილუზიას, მისი არსებობა ამ ილუზიასთან განუყოფელია,–მისი არსებობა ამ ილუზიითაა განპირობებული. ილუზიის გარეშე მას სახე არა აქვს და არც არსებობს.

გზები

როცა უღრან ტყეში (ცხოვრებაში) მოხვდები, ყველა გზა თანაბარმნიშვნელოვანია. ერთი გზა უნდა აირჩიო და არ გაჩერდე. ვერასოდეს გაიგებ, სწორი რომელია, (ისეა ყველაფერი შექმნილი, რომ ვერ გავიგოთ) უნდა წახვიდე ამ გზაზე და თავს დააღწევ დაბნეულობას, გახვალ სამშვიდობოს აუცილებლად. მთავარი არჩევანია, გზა მერე ხდება მცდარი ან მართალი, იმის მიხედვით, თუ ჩვენ როგორ დავდივართ. როგორ გვწამს, როგორ ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ. გზები მაშინ ხდებიან გზები, როცა ჩვენ დავდივართ. არსად არასდროს არავითარი გზა არ არსებობს ჩვენ გარეშე. გზები ჩვენი პოტენციური შესაძლებლობებია. თავის არჩევანით ადამიანი თავის სულს ქმნის. ჩვენი გასავლელი გზა ჩვენი სულის სქემაა. ჩვენი სიარული ჩვენს გზაზე მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა ვხვდებით, რომ ეს ზემოდან მოგვეცა,რომ გვესუნთქა და სინათლეში გაგვეღწია. უცნაურია, მაგრამ უსიერი ტყის შუაგულიდან სხვადასხვა მიმართულებით წასული გზები ერთ წერტილში იყრის თავს. მაგალითად, ვიღაც წავიდა სამხრეთით, ვიღაც ჩრდილოეთით, ვიღაც დასავლეთით, ვიღაც აღმოსავლეთით––ვინც რწმენით, იმედით და სიყვარულით წავიდა ამ გზებზე, ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან. ყველა მოგზაურობას ერთი მიზანი აქვს, შეხვდე საკუთარ თავს, თუ საკუთარ თავს შეხვდი, ღმერთსაც შეხვდები. აკი საკუთარ თავამდე იმდენივე მანძილია, რამდენიც ღმერთამდე. ადამიანს შეხვედრები სხვებთან იმიტომ ეძლევა, რომ საკუთარ თავი დაკარგოს და ისევ იპოვოს. ადამიანი კარგავს, რაც მისი არ არის და პოულობს, რაც მისია. ადამიანი რასაც საკუთარ თავს უძახის, ეს მისი ნამდვილი მე არ არის, ეს მისი სიზმრისეულ ფრაგმენტებისგან დროებით შემკვრივებული ბირთვია, რომელიც მუდმივ ფერიცვალებაშია, თუ მან ეს დროებითი ბირთვი არ დაკარგა, ვერასოდეს იპოვის საკუთარ თავს. დაკარგვა და პოვნა ერთდროულად ხდება, ეს ურთიერთგანპირობებული საიდუმლოა–აქ დაკარგვა უდრის პოვნას და პოვნა გულისხმობს დაკარგვას და ამ დროს ეს «სხვა»– ადამიანი არაფერია, თუ არა ღმერთის პროექცია ჩვენკენ მოქცეული, ისინი შუქურები არიან. შეიძლება, ჩვენც ასევე სხვებისთვის ვიქცეთ შუქურად. მანძილიც კი სხვების გამო არსებობს. სხვების გარეშე ჩვენ ვერასდროს წავიდოდით სადმე, მიმართულებას მაშინ აქვს აზრი, თუ ვიცით, თუ სად, ან ვისთან მივდივართ. (გაშლილ ოკეანში, რომელსაც ნაპირი არ აქვს, აფრის გაშლას და ნებიმიერი მიმართულებით გაცურვას რა აზრი აქვს? მოძრაობა უნაპიროდ დროს არ აირეკლავს) ან კი როგორ უნდა აირჩიო მიმართულება?ამ დროს მოძრაობა ძალიან პირობითია, ის ფიქტიურია, ჩვენს მიმართულებას და მოძრაობას სხვები განაპირობებენ. არავითარი სხვა გზები არ არსებობს, ეს გზები ადამიანებია, ჩვენი მათი მეშვეობით მივდივართ საკუთარ თავთან, ღმერთანაც. საკუთარ თავამდე ვერასდროს მივალთ სხვების გარეშე.

გადამფრენი ფრინველი

ადამიანი, როცა ბედნიერია, იმ დროს დროდ არ მიიჩნევს. ასეთი რამეები სხვა სამყაროდანაა და აქაური დროით არ ანგარიშდება.
ადამიანები ხარბები არიან–მათ შორის მეც. ადამიანის სული არასდროს აღივსება, სულ უნდა რომ ბედნიერი იყოს. როცა ადამიანს უყვარს, ბედნიერიც არის და უბედურიც. ერთდროულად ჯოჯოხეთშიც არის და სამოთხეშიც (ამ დროს ადამიანი ღმერთივით განვრცობილია, ღმერთი ხომ ჯოჯოხეთშიც არის და არ არის ადგილი, სადაც ის არ არის) და მაინც ეს წამები ერთადერთია, რომლისთვისაც ეს სიცოცხლე ღირდა. სხვა შემთხვევაში ჩვენი არსებობა დიდი უაზრობა და გაუთავებელი ტანჯვა იქნებოდა. ადამიანს მხოლოდ ცუდი ახსოვს, ის, რაც აქაური სამყაროდან არ იყო, მისი მახსოვრობიდან უჩინარდება. უბედურებას ფრთები არ გააჩნია, არც გაფრენა შეუძლია, ამიტომ არასოდეს გვტოვებს, თუ ერთხელ მოგვაგნო. სიყვარული და ბედნიერება კი გადამფრენი ფრინველებივით არიან, დროებით შეჩერდებიან ჩვენთან. ჩვენს წყაროს მოსვამენ და ისევ გააგრძელებენ გზას შორეული ქვეყნებისკენ.

სიზმრების სარკე

რამდენიმე ისეთი სიზმარი მინახავს. ისეთი მუსიკა
მომისმენია სიზმარში. რომელთან შედარებით ბეთჰოვენი ხეზე შემომჯდარი ყვავი გეგონება კაცს, მაგრამ რად გინდა? გამოიღვიძებ და დადიხარ მკვდარი. ღირდა კი გამოღვიძება? ზოგჯერ ისეთი სილამაზე მინახავს იქ, რომელიც აქ არ არსებობს. არც ბუნებაა მსგავსი აქ, არც ყვავილი, არც ქალი, ერთი კია, სიზმარშიც საშინელი სევდა გაქვს, გეშინია, რომ სიზმარიდანაც არ იქნე გაძევებული. ქვეცნობიერად იცი, რომ იქ შენ შემთხვევით მოხვდი და იქ შენი ადგილი არაა. ეს უფრო სძენს სილამაზეს სიზმრისეულ მოვლენებს და საერთოდ, ცხოვრებისეულსაც. როცა ადამიანი უდიდეს სიშორეს გრძნობს სასურველი საგნიდან, ძალიან მტკივნეულია, მაშინ ის სახე, რაც ადამიანს იზიდავს, ყველა სახეზე ახლოა. მაგრამ ადამიანის სული არ ივსება. ალბათ ეს არის არყოფნის სურვილი. მხოლოდ არყოფნის შემთხვევაში გადაილახება ზღვარი ჩვენსა და ჩვენგან დაშორებულ სიზმრისეულ სამყაროს შორის. ადამიანის დამშვიდება შეუძლებელია, ამიტომ მან სამოთხე გამოიგონა, ან არ გამოუგონებია და არის. ჩვენ ამას აქ ვერასოდეს გავიგებთ. აკი ბუნდოვანი სარკიდან მხოლოდ სიზმრები ჩანს. ჩვენი სიცოცხლე ბუნდოვანი სარკის ველია, სადაც გაელვებულ ფიგურებს სიმყარე არ გააჩნიათ. ოდნავ გამოკრთებიან ელვარე სახეები და ჩვენს გულს წაიყოლებენ. დავუჯეროთ გულს? ალბათ, უნდა დავუჯეროთ.

სირბილი

ჩვენ ხომ ათასი სისულელით ვირთულებთ ცხოვრებას. ხშირად თვითონვე ვემალებით ბედნიერებას და სიხარულს. რომელიც შეიძლება ხელის გაწვდენაზე იყოს. ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც მომავალში ცხოვრობს, სიცოცხლე განუწყვეტელი «ახლას» ბუშტუკებისგან შედგება, სადაც ჩვენ არ ავირეკლებით იმიტომ, რომ მუდმივად ხვალეზე, მომავალზე ვზრუნავთ და ხელიდან გვისხლტება ყველაზე ჯადოსნური წამების გაელვება, არსებების, საგნების, ადამიანების უდიდესი იდუმალება, სამყაროს გახსნილობა ჩვენში ექოს არ გამოსცემს. ადამიანი წყაროსავით უნდა იყოს, წმინდა და კრიალა ზედაპირით. ნებისმიერმა, ვინც ამ წყაროზე დაიხრება და მოსვამს, თავის თავი უნდა დაინახოს. ადამიანის ადამიანის მიმართ ყურადღება და დახრილობა აქცევს ადამიანს წყაროდ, კრიალა სარკისებურ ზედაპირად. წყაროს ბოლომდე ამღვრევა შეუძლებელია, თუ ავამღვრევევთ, მისი შინაგანი კანონის ძალით მალევე იწმინდება. წყარო არავის დასდევს უკან, არავის ეუბნება, რომ საამო სასმელია და წმინდაა, არავის სთხოვს თავის სარკეში ჩახედვას, თითქოს იცის, მის გარეშე სხვები ვერ გაძლებენ, რაღაც სიამაყის ძალით თავისივე თავშია ჩაბრუნებული და ამავე დროს გახსნილია ყველასთვის, მის ზედაპირზე სახეები აირეკლებიან. ზოგი სახე უფრო ხანგრძლივად ჩერდება მასთან. ის ამოდის თავისივე სიღრმის წიაღიადან. მან იცის, თუ წავლენ, ისევ დაბრუნდებიან. მართალია, ზოგიერთი ლამაზი სახის გამო მისი ზედაპირი უფრო ციმციმებს, მაგრამ ის ვერასოდეს ეტყვის ლამაზ სახეს გაჩერდი, არ წახვიდე. ადამიანის ბუნება მუდმივი წასვლებისაგან შედგება, სადღაც გავრბივართ მუდამ და სადაც გავრბივართ, ეს ხვალის სამეფოა, ჯერ არარსებული. თუ არ შევჩერდით, ერთმანეთისკენ არ დავიხარეთ, ვერასოდეს დავინახავთ ჩვენ სახეს, ჩვენი სახის დასანახად ერთმანეთისკენ უნდა დავიხაროთ, თვალი შევავლოთ იმ სასწაულს, რასაც ადამიანის საიდუმლო ჰქვია, თვალი გავუშტეროთ ყვავილს, თითქოს პირველად და უკანასკნელად ვხედავდეთ. თითოეული არსება, ძაღლი იქნება თუ ვარდი- სააწაულის აფეთქებაა ჩვენ წინ,  ჩვენ კი სადღაც გავრბივართ, ვემალებით სასწაულების ნათებას. დახურულები ვართ იმიტომ, რომ ადამიანმა მომავალში გადაინაცვლა, აწმყოში აღარ ცხოვრობს. ის კი რაც საოცრება, სასწაულია და ულევი სიხარულის წყარო–ჩვენ გვერდით მიედინება და მუდმივი «ახლას» მწკრივებისგან შედგება, სასწაულის დასანახად სახის დახრაა საჭირო, საგნების, არსებების (ანუ წყაროს კრიალა) ზედაპირზე, ჩვენი თავი რომ დავინახოთ, ყველა ადამიანი, საგანი, ხე, ყვავილი ჩვენთვის სარკედ უნდა იქცეს, ეს კი მაშინაა შესაძლებელი, თუ შევჩერდებით.

***
ძალიან ძნელი წარმოსადგენია ჩვენი სულები სქესის გარეშე. სქესში არის პიროვნული, რაღაც უცვლელი და მარადიული. სქესი ადამიანის გზაა. გამოაცალე მას ეს მოცემულობა და მიიღებ ფიტულს. ფიტულისთვის რა მნიშვნელობა აქვს მარადისობას, მარტო ოსანას მოღაღადე სულები ჩემთვის წარმოუდგენელია და ცოტა ალბათ მოსაწყენიც. ეს იგივეა, იყო სივრცეში, სადაც არცერთი ობიექტი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს საით წახვალ? მოძრაობას ჩვენი სურვილები განაპირობებენ.
უსურვილო ადამიანი და ქვა ერთი და იგივეა.

***
წიგნები გასაღებია, ადამიანის გულის საიდუმლო კარს რომ აღებს და იმ დარბაზებში შევყავართ, რასაც ჰქვია სიცოცხლის, სიკვდილის და სიყვარულის სამეფო. ყველა წიგნი ადამიანის პირად მოგზაურობას ასახავს, ხოლო ამ მოგზაურობაში მთავარი ადგილი სიყვარულს უჭირავს—ადამიანებისთვის წიგნი რუკა და გასაღებია, ადრინდელი სამყაროების ექოებია—რომელსაც ჩემი ცხოვრების ექოც შეურთდება და გასაღებად, მოელვარე სარკედ იქცევა სხვებისათვის.

***
მაინტერესებს ის, რაც არსებითია, რაც ბედნიერებას და ნეტარებას ეხება იმიტომ, რომ ჩვენი არსების ბირთვი მხოლოდ ამისგან შედგება. მაინტერესებს მასთან მისასვლელი გზები და ის, რაც ადამიანს მისგან აცილებს. ეს ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. თუ რატომ ვერ ვუბრუნდებით ჩვენს თავს, ან როცა ვუბრუნდებით მუდამ სხვა რატომ არის ის?


არარეალურის საჭიროება

ვირტუალური მეგობრები სიზმარში ნახული პერსონაჟებივით არიან. გამოიღვიძებთ და ფიქრობთ, ვინ იყვნენ სიზმარში ნანახი ადამიანები, შეიძლება, გინდოდათ კიდევ, საუბარი გაგეგრძელებინათ, შეიძლება შეეჩვიეთ კიდეც, უფრო მეტიც გაუმიჯნურდით. მათი ნახვისათვის და მათთან შეხვედრისთვის სიზმრისეული მდგომარეობაა საჭირო, ისინი (ჩვენ) ნახევრად რეალურნი არიან და როგორც ყველა მოჩვენება, მზის სინათლეს ვერ იტანენ. ჩვენი და მათი არსებობისთვის ვირტუალური ბურუსი, სიბნელე აუცილებელია. ჩვენი ვირტუალური „მეები“ მტრედის მოვალეობას ასრულებენ, ბარათებიც მიაქვთ–მოაქვთ და მხოლოდ არარსებულ სივრცეში ახერხებენ ერთად ღუღუნს. როცა რეალურ ადამიანს სახეში უყურებ, ხვდები, რომ არ გისმენს. წარმოდგენილი, ვირტუალური მეგობარი გაცილებით თავაზიანია და გულისხმიერი, ანუ არის ისეთი, როგორიც გვჭირდებოდა და კიდევ რეალურ მეგობრებზე (თუკი კი ისინი არიან,) ბევრად პოეტური და ამაღლებული გვეჩვენებიან. ადამიანისათვის არარეალურს რეალურზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს,  არარეალური რეალურის ცის თაღია, ჰაერია, რომლის გარეშე მთელი სიცოცხლე ჯოჯოხეთად იქცეოდა და სადღაც ჯანდაბაში გაუჩინარდებოდა.

ტანჯვის ხელები

რატომ უწყობს ტანჯვა ხელს აზროვნებას? ან რატომ არ შეიძლება აზროვნება ტანჯვის გარეშე? ამ კითხვას რამდენი პასუხიც არ უნდა გავცეთ, ისევ ხელახლა იქნება გასაცემი. ეს არის კითხვა, რომელსაც ბევრნაირი პასუხი აქვს, მაგრამ არცერთი არ აკმაყოფილებს ადამიანის გულს იმიტომ, რომ ტანჯვა გარდუვალია, ადამიანის სურვილი – იყოს ბედნიერი და ნეტარი, უსასრულოა და უდიდესი, რაც უფრო იტანჯება ადამიანი, უფრო ფიქრობს. ადამიანის ძირითადი ფიქრი კი მხოლოდ ნეტარებაზეა, მხოლოდ ტანჯვას ამოაქვს ნეტარების ხატი ჩვენი სულის სიღრმიდან, მხოლოდ მას აქვს ასე გრძელი ხელები, რომ ადამიანის სულის ფსკერს შეეხოს.

წყურვილი

სწორედ ენის უძლურებაში შეიცნობს ადამიანი, რომ ჭეშმარიტებას ეხება, როცა ენა უკან იწყებს დახევას. ეს იმის ნიშანია, რომ გამოუხატველის (ჭეშმარიტების) კართან ვდგავართ. უცნაურია, მაგრამ სილამაზეს ვერავითარი ადამიანური სიტყვები ვერ ამოწურავს, ის მოუხელთებელია. რაც არ უნდა აღწერო სილამაზე, რაც არ უნდა თქვა, თითქოს ძირითადი გაგისხლტა და მოშორებით დადგა ჰორიზონტზე.
მე ასე ვფიქრობ, ჩვენი წარმოსახული სამყარო არანაკლებ ძლიერია, ვიდრე ის, რასაც ჩვენ მატერიალურ სამყაროს ვეძახით. ის ღრუბლებივითაა და ჰაერივით. ჩვენ შეგვიძლია, ზემოთ არ ავიხედოთ, მაგრამ ვსუნთქავთ და ხანდახან ღრუბლებსაც ვათვალიერებთ. მათ გარეშე შეუძლებელია ჩვენი წარმოდგენები, არა აქვს მნიშვნელობა, ცრუა თუ რეალური, ბუფერის როლს ასრულებენ, რეალობას რომ არ შევასკდეთ. მიუხედავად იმისა, ასრულდებიან თუ არა ჩვენი სურვილები, ჩვენი ვირტუალური მე მუდამ მზადაა ხელი გამოგვიწოდოს და ჩადგეს ჩვენსა და რეალობის ბასრ ნაჯახს შორის. ანუ ის, რაც ხანდახან სიცრუეა, ჩვენ გამუდმებით გვიხვევს ჭრილობებს და გვეალერსება, ფეხზე გვაყენებს. ეს მტკივნეულია. ვიცით, რომ სიცრუეა, ეს ყველაფერი, მაგრამ მთლად არც ასეა. ჩვენი წარმოდგენები, ფიქრები, რომელიც სიცრუე გვგონია, ჩვენს სულს ქმნიან და ნელა–ნელა გარდაქმნიან რეალობას, რომელიც უძრავი გვგონია, ჩვენი წარმოდგენები და ოცნებები ჩვენი ხელებია. ისინი ინერციით მოცურდებიან მარადისობის (ჭეშმარიტების) ნულოვან ზედაპირზე და ჩვენგან დამოუკიდებლად იწყებენ მოქმედებას. უდაბნოში ხე ასობით მეტრს გადის ფესვებით იმიტომ, რომ სწყურია, თვალები მას არ სჭირდება, რომ გზა გაიგნოს. ჭეშმარიტების ძიებისას თვალები არც ისე საჭიროა, როგორც წყურვილი. მხოლოდ წყურვილს შეუძლია მიგვიყვანოს წყაროსთან და არა თვალებს.



დაბურული სარკეები

რამდენ ტკივილს ვუძლებთ მაინც. რომელსაც ვერავის მოვუყვებით. მე იმედი არ მაქვს, არც არასდროს მქონია, რომ ადამიანს შეუძლია ჩემი გაგება, ამიტომ მუდამ ღმერთს მივმართავ, ხან სიმწრისგან და ხან სიხარულისგან გარეტებული. ვერ ვისვენებ, გამუდმებულ წყურვილს განვიცდი, რომლის დაცხრობა არ შეუძლია არაფერს, რაც ამ სამყაროშია. არც ნივთს, არც ადამიანს, არც წერას. პასუხი მხოლოდ შეიძლება წამოგველანდოს, ის ჰორიზონტივითაა. მივუხლოვდებით, იქ ვართ და პასუხი ის აღარ არის, რაც ჩვენ პასუხი გვეგონა, პასუხს ჩვენთვის ადამიანებისათვის მირაჟული ბუნება აქვს, მას ერთი ფუნქცია აქვს: გვიბიძგოს, დაგვძრას, დაბადოს ჩვენში ინერცია, რომ განუწყვეტლივ ვისწრაფოთ ჰორიზონტისკენ. სადაც ახალი პასუხის მირაჟია. მარადიული კი მისკენ მის გზაზე სიარულია. როცა უდაბნოში წყლის მირაჟს ხედავენ მოგზაურნი, ეს არ ნიშნავს რომ წყალი მხოლოდ მოჩვენებაა, მირაჟი მიუთითებს, რომ წყალი არსებობს, ოღონდ არა იქ, სადაც ხედავენ, ამიტომ მირაჟი სულაც არ არის ცუდის მაცნე, პირიქით, ის მიუთითებს, რომ პირველწყარო არსებობს. საჭიროა განუწყვეტლივ სწრაფვა და სიარული რომ იმ სივრცეში და დროში მოვხვდეთ სადაც პასუხის წყლები მიედინება. როგორც პავლე მოციქული ამბობს: სანამ ცოცხლები ვართ, მხოლოდ დაბურულ სარკეში შეიძლება ვიხილოთ ჭეშმარიტება. (ჩვენ ერთმანეთისთვის დაბურული სარკეები ვართ.) ეს ასე იქნება, სანამ უფლის წინაშე არ წავრდგებით და არ ვიხილავთ მას, ვინც სხვადასხვა პასუხების სახით გველანდებოდა.

დროს პარალელური ხაზების გამრუდება

უშეცდომო ცხოვრება მკვდრის ცხოვრებაა. ნამდვილი ცხოვრება შეიცავს შეცდომებს, როგორც ბუნებრივ შემადგენელ ნაწილს, ამით არის სიცოცხლე საინტერესო, რომ ის სწორხაზოვანი არ არის. ის ზიგზაგებივით მიდის, გამუდმებით სწორ ხაზს უბრუნდება და გამუდმებით უხვევს სწორი გზიდან, რეალობაში აბსოლუტურად სწორი ხაზი არ არსებობს, ის ევკლიდეს გეომეტრიის საკუთრებაა, მხოლოდ აქ შეიძლება იყოს სწორი დ არა რეალობაში, სწორხაზოვანი, უშეცდომო ცხოვრება ღმერთსაც მოსწყინდა და ამიტომ შექმნა სხვა რეალობა, სადაც შეცდომა, გზიდან გადახვევა მრავალფეროვნების, უამრავი ფერების საფუძველთა საფუძველია, ეს ადამიანთა სამყაროა, სადაც ერთმანეთი რომ გავარჩიოთ, სხვადასხვა გზით უნდა წავიდეთ, მუდამ პირდაპირი გზიდან უნდა გადავუხვიოთ. სხვა შემთხვევაში გზა დაკარგავს თავის მნიშვნელობას, შეიკეცება, შემოკლდება და გაქრება. სიცოცხლის გზამ რომ იარსებოს, მას უამრავი მოსახვევი და აღმართ –დაღმართი უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში მთელი რეალობა ერთ წერტილშია კონცენტრირებული. ჩვენი გზები ამ წერტილიდან არეკლილი სხივების თამაშებია, ეს სიზმრისეული სამყარო სიმკვრივეს სწორედ დაბნეულობით, უამრავი მისახვევ–მოსახვევით, განშორება– შეხვედრებით იღებს. ამ რეალობით (ჩვენ) ღმერთი განიცდის სიცოცხლის გემოს, მისი ამრიტაც და ამბროზიაც, ეს ილუზიური სამყაროა, რომელიც რაღაც უცნაურობის ძალით მასზე რეალურია, ეს სამყარო ღმერთის წყურვილია, რეალობად ყოფნის წყურვილი, მასში უამრავი პარალელური დრო მიედინება და ყოველი დროის ხაზი ის თვითონ არის, ის ერთმანეთს «სხვების» სახეებით ეფეთება და სწყურია ყველა ეს პარალელური დროის ხაზი დროის ერთ ხაზში მოაქციოს, მაგრამ ხვდება, ეს შეუძლებელია, მისი სიცოცხლე ასეთი პარალელური დროის ხაზებისაგან შედგება, რომელიც ერთმანეთისკენ მიისწრაფიან და მრუდდებიან, მხოლოდ მისივე შექმნილ სასოწარკვეთის სიცარიელეში იცნობიერებს მისი (ჩვენი) სიცოცხლე თავის თავს. ყველა ადამიანი საათივით არის, ისინი სხვადასხვა დროზე არიან მომართული, სხვადასხვა დროს აჩვენებენ, ისინი პარალელური სამყაროები არიან, თითქოს ერთნაირები, ერთნაირი სტრუქტურით, მათი დროები კი ერთმანეთს არ ემთხვევიან. ხანდახან ხდება სწორება დიდი «საათზე» უძრავზე, მარადიულზე, მაგრამ, ეს დროებითია, ისინი განწირულები არიან, სხვადასხვა დროში იარსებონ, მხოლოდ წამიერად შეჩერდნენ და მიუხლოვდნენ ერთმანეთს და მერე თავის დროების დინებას წაჰყვენ. განსხვება, უთანხმოება დროებს შორის არსებობის საფუძველია, თუ ისინი ერთ დროზე გასწორდებიან, დროითი, ილუზიური სამყარო ისევ გაუჩინარდება, შეიკუმშება და ყველა სახე ერთ დიდ სახეში შეერთდება, მას (ღმერთს) აღარ ექნება სარკე–ადამიანები, სადაც თავის თავს უჭვრეტს და ნეტარებს, ჩვენ მისი ხორცშესხმული აზრები ვართ, მისი სიხარული, ნეტარების წყარო და მისი ჯოჯოხეთი.

დაკარგვა

ნამდვილად დასჯილია ადამიანი აქ მოსვლით, მაგრამ რამდენადაც დასჯილია, იმდენად კურთხეულია. უცნაურია, მაგრამ ასეა. ადამიანი ყველაზე იდუმალი არსებაა ამ ქვეყანაზე და მგონი იმ ქვეყანაზეც. ადამიანი არის გასაღები ყველა კარის, რაც არსებობს და ადამიანი არის ყველა კარი, რომლის იქით ამოუცნობი სამყარო იწყება, ადამიანი არის ყველაზე საოცარი დარბაზი, რომელშიც შევდივართ და ამ დარბაზში საკუთარი თავის უარმყოფელ სიყვარულს შევყავართ. ყველა სასწაული ადამიანის სასწაულთან შედარებით არაფერია. თვით უსახური უსასრულობაც შეიკუმშება, გაქრება ადამიანის გარეშე. ადამიანი თვითონ არის შემოქმედი და თავის თავის ამ სიზმრისეულ რეალობაში ჩამგდები. ღმერთი უამრავი თვალებით თავისავე თავს შეჰყურებს და რწმუნდება– ის არის! ის არსებობს! ჩვენ კი ერთმანეთს შევყურებთ და ვრწმუნდებით, რომ ვართ «ჩვენ» „ის“. ჩვენ  «მისი» არსებობის მანიფესტაცია ვართ. ”ჩვენ” ვართ «ის». «ის» არის ”ჩვენ”. რომელი არის ნამდვილად «ის» თუ «ჩვენ»? «მას» და «ჩვენ» მხოლოდ ორმაგი არსებობა შეგვიძლია, ცალცალკე არცერთი არ ვარსებობთ, არც ღმერთი, არც ადამიანები. ნამდვილი მოგზაურობა –ეს არის მოგზაურობა «ოცნებების» მხარეში. (რომელიც, სინამდვილეში რეალობის გულისგულია). ის არის უსასრულობისკენ მიმართული სურვილი –ბუმერანგი. ამ გზაზე სიარული– სიღრმისეული მოგზაურობაა ადამიანის სულის. ეს არის მოგზაურობა, რომელიც მხოლოდ ადამიანის სულში ხორციელდება. ეს არაა ამბავი, რომელიც შეიძლება სადმე დავინახოთ გარეთ, ის მხოლოდ ჩვენი სულების სიღრმეშია, იქ, სადღაც ფსკერზე, სადაც ადამიანი და ღმერთი, (რომელსაც სატრფოს სახე აქვს.) ვეღარ არჩევენ და არც იციან, რომელია მე, რომელია შენ. ეს იმიტომ, რომ ადამიანი ამ დროს შეიკუმშება ან შეიკეცება გზასავით ღვთაებრივ წერტილში, ნამდვილი სასწაული იბადება იქ, სადაც სარკე თავისევე თავს უმზერს.

***
შეყვარებულ ადამიანსაც კი ხელში სასწორი უჭირავს,
როგორც კი საყვარელ სახეს თვალს მოაცილებს…
განა სხვა რამე დავინახე ამ სამყაროში?
ვინ არის მარტოსული ადამიანი?
თუ არა პირდაღებული უფსკრული, უკიდეგანო უდაბნო,
უსაგნებო სიცარიელე, სიზმარი, სადაც სახეები ფეხს ვერ იკიდებენ,
ამოსუნთქვა, რომელიც ჩასუნთქვისკენ არ მიისწრაფის.

***
ცხოვრება ტკივილებისგან შედგება როგორც სახლი აგურებისაგან, მხოლოდ პატარა სიხარულის სარკმელებს შემოქვს ჰაერი და სინათლე, მაგრამ ზოგჯერ ამ სარკმელებსაც ამოაშენებს ხოლმე ბედისწერა.

უცნაური მადლიერება

ცხოვრების მფეთქავი ბირთვი კოშმარია, რომელსაც ადამიანური კომფორტის, ურთიერთობების თხელი ყინულის ფენა აქვს გადაკრული. ჩვენ დადივართ ამ ბირთვის ზედაპირზე, ამ თხელ ყინულზე, ნებისმიერი ჩვენგანი ყოველწამიერად შეიძლება, აღმოჩნდეს კოშმარის უფსკრულში. შეიძლება, ნებისმიერ დროს, როცა გვძინავს თუ გვღვიძავს, ჩატყდეს თხელი ყინულის ფენა და გაქრეს ადამიანი, რომელიც ჩვენ გვერდითაა და კოშმარის ბირთვზე გადაკრულმა ყინულმა ისევ პირი შეიკრას, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არასდროს ყოფილა.   ჩვენ კი ისევ ვაგრძელებთ გზას, სიხარულით ხანდახან ვარსკვლავებს ვწვდებით. მაინც რა უცნაური არსებაა ადამიანი, სიყვარული რომ შეუძლია, ხანგრძლივი გეგმებიც აქვს, შორეულ მომავალის დამორჩილებასაც სწავლობს. ყოველწამიერად სიკვდილისაგან ზურგშექცეულია და უკან ერთხელაც არ მოიხედავს და მაინც სიცოცხლე საოცრებაა, უდიდესი ძღვენია თავისი შეცდომებით, აღმართ–დაღმართით. შეცდომების გარეშე სიცოცხლე ფიქცია. ის რასაც შეცდომებს ვეძახით, თავად ცხოვრებაა, სიცოცხლეა, რომლის საპირწონე ვარსკვლავებით გადაჭედილი ცაც კი არაა და არც ინდური პანთეონის სამას ორმოცდაათი მილიონი ღმერთი, არც ანგელოზთა იერარქიები, არც წმინდანების წყალზე სიარული, არც ტაძრების ზემსწრაფი გუმბათები
და მაინც ადამიანმა ხშირ–ხშირად უნდა თქვას და გაიმეოროს:
დიდება შენ, ღმერთო, ყველაფრისათვის!

დაუსრულებელი პორტრეტი

მას ეიფორიაში ჩავარდნა ახასიათებს. სასურველი ხშირად რეალობად ეჩვენება. სულწრაფი ადამიანია და მოთმინება აკლია, ამან ბევრჯერ დააზარალა. უცებ ჩამოყრის ხოლმე ყურებს, ნაცვლად იმისა, რომ ხანგრძლივად და დაჟინებით შევეცადოს რაიმეს მიღწევას. ზედმეტი ემოციურობა ხელიშემშლელია, ცოტა ცივსისხლიანი უნდა იყო. მას კი არ შეუძლია ცივსისხლიანობა და ნელა, მიზანმიმართულად მიზნის მიყოლა. მაგრამ ერთი კია, რამდენჯერაც არ უნდა დამარცხდეს, მასში თითქოს ვიღაც სულელი ზის, რომელიც განუწყვეტლივ იგონებს იმედს, ამაში კი ნამდვილად არა ჰყავს ტოლი. არ იცის, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ასეთი რამ ზოგჯერ ეხმარება ადამიანს დეპრესიის ორმოდან ამოსვლაში, იმედი ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, ადამიანს დეპრესიის მატარებელმა რომ არ გადაუაროს რეალობის რელსებზე და ნაკუწებად არ აქციოს. ის თითქოს მისი მეორე „მე“ არის ან მფარველი ანგელოზი, რომელიც მას დარაჯობს და გაჭირვების შემთხვევაში, მაშინ როცა გაწირულია, ხელს კრავს, რეალობის ლიანდაგებიდან გვერდზე მოისვრის და განადგურებისაგან იცავს.


ორი გზა

უკეთესია იყოს მოლიპული, უცნობი გზა (არა აქვს მნიშვნელობა საითკენ მიმავალი.) სადაც არ ვყოფილვართ, სადაც არავინ ყოფილა, ვიდრე ისეთი გზა, რომელიც ვიცით. ამ დროს მხოლოდ ჩვენს ძველ ნაფეხურებს ვაბიჯებთ და ჩვენს თავს ვიმეორებთ. ყველა ასეთი გზა, რომელიც ვიცით, რაც არ უნდა შორს წავიდეთ ამ გზაზე, სიღრმისეული რეალობისთვის არის წრეზე ტრიალი, ჯოჯოხეთი. ადამიანის სიცოცხლის ნიშანია უცნობ «უღრან ტყეში» შეხეტება და დაკარგვა, მაგრამ ეს დაკარგვა და უცნობ გზაზე წასვლა გამოსავლის ძიებაში არის სიცოცხლე, არის მდინარე, რომელმაც დაგუბებული ჭაობიდან უცნობი აყვავებული ხევისაკენ გაისეირნა, კრიალა ნაკადულად იქცა და სრულიად დაივიწყა თავისი «მეგობარი» ბაყაყების ყიყინი.

მდევარი

სამყარო იმედგაცრუებათა ველია. ასრულებული თუ აუსრულებელი იმედები თანაბრად იწვევენ იმედგაცრუებას. ასრულებული იმედი ახალთახალ ფეხის პროთეზს წააგავს, დასანახად არა უშავს რა, მაგრამ სიარულისთვის ნამდვილ ფეხს ვერ ცვლის. ვერავითარ ასრულებულ ოცნებას არ შეუძლია, დაეტოლოს და შეავსოს ჩვენივე სურვილებით, ოცნების ღრუბლებით წარმოქნილი ფორმა, ის ყოველთვის ნაკლული აღმოჩნდება ხოლმე, თითქოს სასურველი სამოსი გამოვიწერეთ ინტერნეტ მაღაზიიდან და სრულიად სხვა ზომისა და ფერის ჩამოგვივიდა, ვიდრე ველოდით. ჩვენი პროექციები, ჩვენი წარმოდგენები, თითქოს მისთვის იბადებიან, რომ ვერასდროს მოერგონ რეალობას, ისინი იდეათა სამყაროდან შემოხეტებული სულები არიან თითქოს, ვერცერთ სხეულს რომ ვერ ირგებენ. ოცნება რეალობის მტერია და მისი ფასდამკარგველი. ის, რაზეც ვოცნებობთ, სასტიკად მტრობს იმას, რასაც ის არსებობისთვის გამოიწვევს, ვისაც ან რასაც სიბნელიდან, არარსებობიდან ამოაშენებს. ზოგჯერ მიზნის ასრულებას მთელ ცხოვრებას ანდომებს ადამიანი, ყველაფერს თმობს ამ მიზნისთვის, ათასჯერ წაქცეული ათასჯერ წამოდგება და არ ნებდება, სანამ მიზანს არ მიაღწევს.და როცა მიაღწევს, მისი ოცნება, მისი მიზანი დღითი დღე კარგავს ელვარებას, მიმზიდველობას, თითქოს ულამაზეს სიზმარს უცებ კოშმარის კუდი მოება და ყველაფერმა სხვა განზომილებაში გადაინაცვლა. ასე რომ, სიზიფეს შეუძლია მშვიდად იყოს თავის ანტიკურ ჯოჯოხეთში, ჩვენ, ყველა, სტრუქტურალურად ვიმეორებთ სიზიფეს ხვედრს, ამას თავიდან ვერავინ აიცდენს, ეს წრეა, ლაბირინთია, რომლის ერთადერთი კარი ცხოვრებაში შემოსვლითანავე ამოგვიშენეს.

არარსებულის გამოხმობა

იმედის გარეშე ადამიანი ისევ ოთხ ფეხზე დადგებოდა და ცხოველად იქცეოდა. იმედი რომ აქვს ადამიანს, იმიტომ დგას ორ ფეხზე და ვარსკვლავებს და ღრუბლებს ათვალიერებს და ოცნებობს. (ფიქრობს იქ არის ის, რასაც ეძებს.) ოცნება მარტო ადამიანს შეუძლია, ცხოველი კი მხოლოდ რეალურ საგნებს ეხება, ღრუბლები და ვარსკვლავიანი ცა არ აინტერესებს, სამაგიეროდ, რაც აინტერესებს, კარგად იცის. ღორს მაგალითად ყნოსვით ოცდაათ სანტიმეტრის სიღრმეზე შეუძლია აღმოაჩინოს ბოლქვები. თუნდაც მიწის ზედაპირზე სულაც არაფერი ნიშანი ჩანდეს მისი, რასაც ეძებს. ადამიანი კი ვარსკვლავიან ცას აკვირდება, ოცნებებით და იმედით შეპყრობილი აღმოაჩენს, სადღაც ვარსკვლავებს იქით კი არ არის ის, ვისაც ან რასაც ეძებს, არამედ საკუთარ თავში, ზედაპირად ქცეულ სიღრმეში, არარსებობის და არსებობის ზღვარზე მოჰკრავს თვალს და ეს გამოთავისუფლებული არსება მოულოდნელად სხვისი სახიდან (რომელიც სარკეა) შემოჰყურებს მას. ადამიანის ხედვის კუთხე განსაზღვრავს მის ვერტიკალურობას, მის ორ ფეხზე დგომას. როგორც ცხოველის ხედვის კუთხე განსახღვრავს მის ჰორიზონტალურობას და ოთხფეხზე დგომას. ჩვენ ვართ ის, საითაც ვიხედებით. ჩვენ ბოლო ბოლო ვხდებით ის, რისკენაც ვისწრაფით. არავითარი სარკე არ არსებობს მანამ, სანამ ადამიანი არ ჩაიხედავს და არც ადამიანი არსებობს მანამ, საკუთარ თავს არ დაინახავს სარკეში. არარსებული და ნახევრად არსებული ქმნიან რეალობას, ქმნიან იმას, რაც არსებობს. »არარსებული» არსებულად იქცევა და ნახევრად არსებულს თავზარს დასცემს. ნახევრად არსებული ადამიანი არსებულად იქცევა. მისივე ოცნებების და ფიქრების პროექცია მისივე არსებად გარდაიქმნება.

***
მე არაფერს მიმიგნია ამ სამყაროში, გარდა იმისა, რომ საკუთარ ბედისწერის უფორმო ლოდს პირი ვუჩინე. ნელ-ნელა მიწა მოვაშორე. ახლა ვფიქრობ, რა გავაკეთო მისგან, ქანდაკება, კერპი, ქათქათა გედი, თუ ისე დავტოვო. ყოველგვარი ხელოვნება იმედგაცრუებათა, უკიდურესი სასოწარკვეთილების ტრანსფორმაციაა. ჩვენი სულიერი სიმაღლის შემთხვევაში, ის უნაპირო მშვენიერებად გარდაიქმნება. უკიდურესი გაბოროტების შემთხვევაში რბილმუცლიან ნიანგად, რომელიც გამოუცდელი, მოწყურებული სულების დასაძიძგნადაა ჩასაფრებული.

ჩრდილი

დიდი საგნის ჩრდილმა შეიძლება თავისი დასაჩრდილი საგანი, დროთა განმავლობაში თავისივე ჩრდილად აქციოს. სანამ ადამიანი ცოცხალია. თეორიულად ყველა შესაძლებლობის მიმართ გახსნილია, ამიტომ არის საინტერესო სიცოცხლე. შემთხვევითობა და ბედისწერა განუწყვეტლივ მონაცვლეობენ და განუწყვეტელი მონაცვლეობით თავის ტურბულენტურ ზონაში ითრევენ ადამიანს ისე, რომ ადამიანის დანახული მოვლენა, საგანი მეორე წამს სხვა რაკურსით წარმოუდგება და დაკვირვების შეუძლებლობაში არწმუნებს მას. ყველაზე ზუსტი დაკვირვება— დაკვირვების შეუძლებლობას, მოვლენის, საგნის გასხლტომად ხასიათს ეჯახება და ამ შეჯახების დროს რაღაც გაკრთება ჰოს და არა მსგავსი, რაღაც, რაც ყველაფრის იქითაა. ის თავის ცეცხლოვან კუდს მოიქნევს, რაღაცას უცნობი ასოებით სწერს და უჩინარდება.

***
სწორედ გამსრესი სიცარიელიდან მოისმის ყველაზე საოცარი სიტყვები,
ყველაზე საოცარი ხმები, ელავს ყველაზე საოცარი ფერები.

ელვარება

მივფრინავთ ძენონის ისარივით და ადგილზე ვდგავართ თან. ეს არის ადამიანის ცხოვრება. მოძრაობა ილუზიაა, მაგრამ ადამიანს ილუზია სჭირდება, არამარტო ადამიანს, ღმერთსაც, რომ წუთისოფლის ერთფეროვნება მრავაფეროვან წამიერ ცისარტყელაში გადაიზარდოს. განა ცისარტყელას დიდი ჟამი აქვს, ის მხოლოდ მირაჟია, მაგრამ ეს ყველაფერი ვინც დაიწყო, ჯიუტად ცდილობს ჩვენს სიზმრებში გახვევას და გამუდმებით გვამოძრავებს თოჯინებივით. რა მანძილს გადის თოჯინა თავისი ყუთიდან სცენამდე, ან სცენაზე ნუთუ ნამდვილად ასრულებს მოძრაობას? ან მართლა სადმე მიდის? ან რამეს განიცდის? ვინც მას ათამაშებს, მის ხელებშია მისი ვნებების და მთელი მოძრაობის მისტერია. მიუხედავად  ამისა ამ არარსებულ სივრცესა და დროში უამრავი ფერი ლივლივებს. სწორედ ეს ნათება და ელვარებაა სიცოცხლე.


სიბნელის სარკიდან გამომკრთალი სინათლე

განწყობები ამინდივით არიან, მის ცვალებადობას ვერც ხელს შევუწყობთ, ვერც ხელს შევუშლით. ადამიანი საკუთარი განწყობების, მასში მობინადრე სტიქიის სათამაშოა. როგორც წვიმის დროს ხეს შეეფარები, ან სახლში შეასწრებ—ცუდი განწყობების სტიქია როცა მძვინვარებს, უნდა ჩაეჭიდო რაღაც ნათელს შენი წარსულიდან, ან ჯერ არდამდგარი მომავლიდან, უნდა ჩაეჭიდო იმას, რაც შუქურასავით მაღალია და მანათობელი, (არა აქვს მნიშვნელობა, ეს სინათლე მოჩვენებითია თუ ნამდვილი.) ამ დროს კიდევ ერთხელ შეძლებ ადგომას დაცემის შემდეგ და გზის გაგრძელებას იქით, სადაც სიმყუდროვეა და სინათლეა, სადაც სიხარულის და ნეტარების ადგილი გეგულება. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი გზა, რომელსაც ავირჩევთ, იქნება აღელვებული ოკეანე მთისხელა ტალღებით. უიმედობა ჩვენს ფსიქიკაში წარმოქმნის ზვიგენებს, რომელთაც ჩვენი უიმედობა იზიდავს. უამრავ კილომეტრით დაშორებულნი იმწამსვე გრძნობენ «სისხლის სუნს» და აზრზე უსწრაფესად მოიჩქარიან მისკენ, ვინც დანებდა და უიმედობის უფსკრულისკენ მიექანება. უიმედობის უფსკრულშია გაუვალი ჯუნგლი ხმალკბილა ვეფხვებით და მუცელრბილი ნიანგებით. ამ დროს ნებისმიერ ორმოში ჩავცვივდებით, ამ დროს ნებისმიერი შემხვედრის საკბილო გავხდებით, მხოლოდ სინათლის ხედვა განწყობათა სტიქიის ზღვაში არის ერთადერთი ჩაუძირავი ნავი ნაპირისაკენ.
არსებული უიმედობის ბნელეთი ”არარსებულმა” ჩვენში წარმოქმნილმა წარმოსახვითმა სინათლემ შეიძლება განდევნოს..
თუ ადამიანი ყველაზე ამაღლებული საგნებისკენ მიილტვის, რისი არც შეჭმა შეიძლება და არც ხელში დაჭერა, მისი ცხოვრება საგნების დევნიდან იდეათა დევნაში გადაიზრდება და აქედან მოდის მისი სევდა მიუწვდომელზე.
სწორედ ამ დროს შემიძლია ფიქრი აზროვნება და წერა.
სწორედ ამ დროს ვხორციელდები.
მხოლოდ რაღაც ყველაზე ძვირფასის ნგრევის პროცესში ვგრძნობ სიცოცხლის ფასს, მოვლენების ფასს, (მოვლენები სიცოცხლის ტალღები არიან). ბოლოვადობა, დასასრული, ნგრევა არის ყველაფრის მშვენიერის საფუძველი და მშობელი.
უსახლოდ მყოფმა ადამიანმა იცის სახლის ფასი, უარყოფილმა ადამიანმა იცის სიყვარულის ფასი, მომაკვდავმა იცის წამების, წუთების ფასი—სწორედ ამ დროს ჩვენ შეგვიძლია გარშემო შემოვუაროთ მოვლენებს, სრულიად მოვიცვათ მისი წრიულობა და ლაბირინთი. სწორედ ამ დროს შეგვიძლია, დავინახოთ ლაბირინთიდან გამოსავალი. სწორედ ამ დროს შეგვიძლია, დავინახოთ გაშიშვლებული ღმერთი საგნების სამოსელიდან, მოვლენების სამოსელიდან, სწორედ ამ დროს შეგვიძლია, დავინახოთ საკუთარი სული დაბრკოლებების მინაში, რომელსაც სარკედ ჩვენი ნანგრევებიდან წამომართული მტვერი აქცევს. ხედვა გრძელდება მანამ, სანამ ნანგრევების მტვერი ძირს არ დაშვებულა.

***
ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვნახეთ დიდი მხატვრობა და დიდი ხელოვნება. ეს იყო ბავშვობაში, როცა შეგვეძლო, დაგვენახა ღმერთის მზერით ყველაფერი— მისი სამყარო, მისი პირველქმნილი ფერები. მერე ამ ფერებს სქელი მტვერი დაედო. როცა რამეს ვიხსენებ საოცარს, წმინდას, ფერებს ბავშვობიდან ვსესხულობ და იმ ფერების მიხედვით აღვადგენ სამყაროს დაზიანებულ ხატს ჩემში. გარეთ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე იყო, მაგრამ მზერა, რომლითაც ვხედავდი სასუფევლის მსგავს სამყაროს, ახლა სხვა ბავშვებს სტუმრობს და მათ უკაშკაშებს ყველაფერს, ყვავილებს, მდინარეს, წაბლის და იფნის ხეებს, ხარები იმხელა მეჩვენებოდნენ მაშინ, სულაც არ გამიკვირდებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, სამყარო ხარის ზურგზე დგასო.


ნამდვილი მეგობრები

მუხის რკოგარეული ყავა (როგორც უძღებ შვილს), ყალბი ფაიფური, ყალბი მეგობრები. არ ვიცი, ალბათ ჩვეულების და დიდი ხნის ნაცნობობის გამო ვეძახი მეგობრებს. სად არიან მეგობრები? რომელი მეგობრები? საკუთარი თავის მეგობარიცა ვარ და მტერიც. მე ისე არავის დავახლოვებივარ, მეგობარი ან მტერი მყოლოდა. სიახლოვეს მეტი ტკივილი მოაქვს, ვიდრე მარტო ყოფნას, (თუმცა არ გავურბივარ, მაგრამ ვფრთხილობ). ეს კეკლუცობა არ არის მარტოობით, ეს მოცემულობაა ადამიანის. სინამდვილეში ადამიანი, როგორც დედის მუცელში ყოველთვის მარტოა, ურთიერთობები, ჩვენი მოძრაობა, ჩვენი ცხოვრება, სიზმრისეულ სამყაროს განეკუთნება, სადაც სიმყარე არაფერსა აქვს. ჩვენ შეგვიძლია, მოწმე გავხდეთ, როგორ იცვლება ყველაფერი, შეიძლება სიზმარს გამოვედევნოთ? ჩვენ ვერაფერს ჩავეჭიდებით. შეგვიძლია ჩვენი მარცხენა ხელით ჩვენი მარჯვენა ხელი ვადღეგრძელოთ, ხოლო მარჯვენა ხელით- მარცხენა (როგორც ნამდვილი მეგობრები). თუ უფსკრულისკენ წახვალთ, მის კიდეებს თქვენი ხელების მეტი არავინ ჩაეჭიდება.


ჰორიზონტს იქით

აუსრულებელი ოცნებები თავის ტრასცენდენტულობას ინარჩუნებენ და შემზარაობასაც. ასრულებულ ოცნებებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყველაფერი აქ ოცნებებით მოძრაობს, იქმნება, ტრასფორმირდება. ოცნება იგივეა ადამიანისათვის, რაც ენისთვის ზმნა, მის გარეშე არც მოძრაობაა და არც სიცოცხლე. ოცნება ღმერთის ჰორიზონტია- ის ღრუბლისებური წარმონაქმნია, როცა ის მატერიალიზირდება, ელვარებას და სრულყოფილებას კარგავს—უფრო მნიშვნელოვანი კი ის გზა მგონია, რომელზეც ვმოძრაობთ ოცნებებისკენ. ოცნებები ჰორიზონტივითაა, მას მუდმივი გადაწევა ახასიათებს. გზა მათკენ ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ასრულებული თუ აუსრულებელი ოცნების ბოლო, შედეგი, იმიტომ, რომ ამ დროს ხორციელდება თვითონ სიცოცხლე, იქმნება ლაბირინთი, წინააღმდეგობები, აღმასვლები, დაცემები. ეს სიცოცხლის ფერადებია, ეს არის შეკუმშული წერტილის განვრცობა, გაშლა. უსასრულო ძალა(ღმერთი) ქმნის ამ სიცოცხლის ორომტრიალს და ინტერესთა დაძაბულ ველს. თვითონ ადამიანიც ღმერთის ოცნებაა, ის მისი შემკვრივებული ოცნების ღრუბელია, არასრულყოფილი -დასრულებას და სრულყოფას მოწყურებული. მანძილი ოცნების დასაწყისიდან მისი ახდენის ზღურბლამდე ადამიანს და მის შემოქმედს შორის მანძილის ტოლია. ადამიანი, როცა ამ გზას ფარავს და მის ცეცხლოვან სამოსს ეხება, ვერაფერს ხედავს, გარდა გაუცხოვებული ოცნების საგნისა, რომელიც ელვარებას კარგავს და სულის დალევის წინ სხვა უცხო ოცნების ღრუბელს წარმოშობს.

დოსტოევსკის ღმერთი და სატანა

დოსტოევსკის ღმერთი მისივე პროექციაა. ის ხანმოკლე გაზაფხულების, გვერდავლილი სიყვარულების, ბნედისაგან თავისუფალი დღეთა გაელვებების ფერმკრთალი ღვთაებაა, რომელსაც მისი სიცოცხლის ხანგრძლივი წყვდიადის, ბნედის, კატორღის, სათამაშო სახლების, მისი ავადმყოფობის, გარეგნული უფერულობის, ძლევამოსილი მბრძანებელი სატანა ებრძვის და მათ ბრძოლას არა აქვს დასასრული. მისი არსების ოთხმოცდაათი პროცენტი წყვდიადშია გაწოლილი პითონივით და სინათლეზე ისეთივე წარმოდგენა აქვს, როგორც ბლოკს თავის სატრფოზე, რომელსაც არასოდეს შეხებია (და არც უნდა რომ შეეხოს). ეს არის მისი წარმოდგენა- პითონის პროექცია სინათლეზე. ამაღლებული და ზედაპირული, რაც მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ გამოქვაბულის გარეთ, სინათლეში გაზრდილი შვილებს ჩაესაფროს, მოინადიროს და თავის წყვდიადის დიდმუცლიან გამოქვაბულში შეითრიოს.

სიახლოვის უკიდურესი წერტილი

ადამიანის სურვილებს, ოცნებებს ფსკერი არა აქვთ.
ისინი უკუნმოუხედავად უჩინარდებიან ადამიანის სულის უძირო ჭაში,
ვერასდროს ამოიღებ ამ ჭიდან (სურვილების, ოცნებების) წყალს, რომლითაც შეიძლება წყურვილი მოიკლა, სურვილებს, ოცნებებს მხოლოდ შეუღწევადი, გამსხლტომი ზედაპირი აქვთ. ისინი სარკესავით პრიალაა და მოწმენდილი ცასავით უძირო. ადამიანს უნდა ის, რაც მერე აღარ უნდა, თუნდაც შეძლოს მოიხელთოს ის, რაც ასე უნდოდა, ის (ახდენილი ოცნება) უცებ უცხოვდება მისგან, თითქოს ეს სხვისი ოცნება და სურვილი იყო და არა მისი. ადამიანები თავიანთ ოცნებებს დასდევენ, როგორც პეპლებს ბავშვები, როცა «დაიჭერენ», ხშირად ფრთები, ან უსიცოცხლო სხეული შერჩებათ ხელში. სიცოცხლე მხოლოდ დევნაა მისი, რაც არასოდეს არ უნდა დაიჭირო. სხვა სიცოცხლე მხოლოდ მიახლოებაში შეიგრძნობა და არა მათ შორის არსებული მანძილის სრულ შთანთქმაში. ის ერთგვარ დისტანციას მოითხოვს, იმისთვის, რომ მუდამ ჰორიზონტზე იყოს.

***
ტანჯვისას ყველაზე მეტად ხარ შენს თავთან ახლოს, უფრო სწორად, ამ დროს შენი თავი ხარ, ნამდვილი მე. მხოლოდ ამ დროს დროებით შეგვიძლია ჩვენი თავი შევიცნოთ და მოვიხელთოთ. პოეზია ტკივილის ენაა, მიმართული მისკენ, ვინც ტკივილის განიცდის. ის არის რეაქცია სევდასა და ტკივილებზე, კარდახურულ მოვლენებზე, რომლის გასაღები ბედისწერის უხილავმა ხელმა შუა ზღვაში გადაისროლა.

***
როგორ მასევდიანებდა, თან რაღაცნაირ აღტკინებულ სიხარულსაც ვგრძნობდი ერთდროულად, როცა უარმყოფდნენ, თითქოს მარტო მე და «იმან» ვიცოდით ჭეშმარიტება.

***
ვარ ჩემთვის, საწოლქვეშ ჩაგდებული თოჯინასავით, რომლის ამოღება ბავშვებს გადაავიწყდათ. ამას ადამიანებთან ურთიერთობაშიც ვატყობ და ისეც, ხანდახან ჩემი თავი უსხეულო სული მგონია, რომელსაც არც ენა აქვს, რომ რამე თქვას, არც ხელი აქვს, რომ რამეს შეეხოს. მას მხოლოდ სმენა აქვს და ხედვა შეუძლია. თან, სამწუხაროდ, ყველაფერი იმაზე უკეთესად ესმის, ვიდრე უნდა ესმოდეს. ყველაფერს იმაზე უკეთესად ხედავს, ვიდრე უნდა ხედავდეს.

ცარიელი ფურცელი

ადამიანი მოგონებებისგან შედგება, როგორც სახლი აგურებისგან.
ადამიანმა არ იცის, ვინ არის, სად არის. მოგონების მატერია გამუდმებით მოსავს ამ «არვინს”.
გამოღვიძების პროცესში მოგონებები, წარსული გვიბრუნებს სახელს, სახეს, ჩვენ თავში ტოპოგრაფია და ადამიანთა სახეები, მოვლენები ხან მფარველ ანგელოზებად გვევლინებიან, ხან ჯოჯოხეთის მცველებად. ვინ ვიქნებოდი მე ამ წარსული მოვლენების გარეშე, ამ ყალბი სახელების გარეშე, რომელთა მნიშვნელობა არავინ იცის. მოგონებები ლურსმნებია ვირტუალურ, არარსებულ კედელში, სადაც ჩვენი «მე» პოულობს საყრდენს, პოულობს სამაგრს. მოგონებები ქურქია შიშველი სხეულისათვის ზამთარში, ხან ყოვლისდამბუგველი ალი, ეს სიზმრისეული მატერია ამყარებს ჩვენს «მეს“, რომელიც ცარიელი ფურცელია, მილიონი ხელით გადაჩხაპნილი, მაგრამ მაინც ცარიელი. მოგონებები ცეცხლოვანი კომეტის ბოლოსავითაა, ბირთვიდან მოშორებულია, მაგრამ ერთადერთი საშუალება ამ კომეტის, ბირთვის, ჩვენი «მეს“ დასანახად ჩემი და სხვების ცნობიერების ცაზე.

***
პოეზია არაფერია, თუ არა ადამიანის მუდმივი კონცენტრირება რაღაც მოვლენაზე, რომელიღაც სახეზე, რომელიღაც მანათობელ წერტილზე, რომლის ექოები და ხატები წარსულიდან და მომავლიდან გამუდმებით აწყდებიან მის ყურებს, თვალებს, გულს და აწმყოს მბრუნავ წერტილად აქცევენ. აქ ყველაფერი შეკრებილია აწმყოს მანათობელ წერტილში. ეს არის მბრუნავი მორევი, ნახატი, რომელიც ათასჯერ იხატება და ათასჯერ იდღაბნება. ეს არის ადგილი, სადაც პიროვნების ნგრევა იწვევს კაშკაშა ალს. ის არაფერია, თუ არა ნგრევა მისი, რაც ბედისწერით მის სახედ იქცა, ის ფსკერის ძიებაა, სახის ძიება, რომელიც დაბადებამდე გვქონდა. მხოლოდ ტკივილით იკვალება გზა ჩვენი სახისკენ, ღმერთისკენ, ნეტარებისკენ. გზა სამოთხისკენ ჯოჯოხეთზე გადის.

სიზმრების გასაღები

ადამიანი თუ არ მოხვდა ორმოს, დილეგის სიბნელეში, ვერასოდეს დაინახავს სამყაროს ფერებს. სამყარო მაშინ იხსნება ჩვენ წინაშე იდუმალებით, როცა მასა და ჩვენს შორის დიდი დაბრკოლებაა, მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებულია თითქოს ჩვენიდან. დაშორება იწვევს იმის დანახვას, რაც პირისპირ უხილავი იყო და დამალული.

***
არაფერია ისე მაგიური, ისე იდუმალი, როგორც წარმავლობა.  წარმავლობა მარადისობის ფორმაა, მისი გაწელილი ჩრდილია. წარმავლობა მარადისობის გახელილი თვალია, რითაც ის საკუთარ თავს ათვალიერებს, მარადისობა არაფერია, თუ არა უამრავი წარმავლობა, უამრავი ანთებული კოცონი, უამრავი გახელილი თვალი, უამრავი მიქცეული ტალღა. მარადისობა წარმავლობის სევდაა, მისი ღრუბელია, მოვლენების, სახის განმეორების შეუძლებლობის გამო გაჩენილი. ცარიელი ფურცელი წარწერების ან ნახატისა გარეშე არის ცარიელი ფურცელი. ანუ ის, რაც მარადიულია, წარმავალის გარეშე თავის თავს ვერ ცნობს, ფონი მაშინ არის ფონი, თუ მასზე ნახატია. ერთმანეთის გარეშე არც ერთია და არც მეორე. ისინი ერთმანეთის სარკეები არიან, საკუთარი თავი რომ იცნონ და არ დაეკარგოთ.

ორი სული ერთ სხეულში

ერთისთვის იმედი ჰორიზონტივითაა, ან ჰიდრასავით, რამდენჯერ თავს მოკვეთს რეალობა, იმდენჯერ ახალი თავი ეზრდება იმედის ჰიდრას. იმედი რეალობის საუკეთესო კორექტორია, მის ბნელ ადგილებს ოქროსფერი შუქით ავსებს, თუნდაც იქ გავლისას კისერი მოიტეხოს იმედის ღრუბლებში გახვეულმა ადამიანმა, მაინც აღარ დაეძებს, ოღონდაც იმედიანად იყოს. მეორისათვის კი იმედი დიდი საპნის ბუშტია, ის უძრავადაა და თვალს ადევნებს მის ელვარებას, მასზე არეკლილ ჯადოსნურ სამყაროს, არასდროს ცხოვრობს იმედის შემყურე, მისი უნდო მზერა მის დასაწყისს და მის დასასრულს წამიერად აღიქვამს. მან იცის იმედები, სურვილები და რეალობა პარალელური ხაზებივით არიან, იქნებ ახლო- ახლოს არიან კიდეც ერთმანეთთან, მაგრამ ერთ ხაზად ვერასდროს იქცევიან. ჩვენი ოცნებები და რეალობა მღვიმის შესასვლელის ორი ბაგეა, ისინი ვერასოდეს დაიხურებიან, ვერასოდეს შეეხებიან ერთმანეთს.


***
ტკივილი არის საუბარი საკუთარ თავთან, ამ დროს ყველა სხვა მოსაუბრე შორს იმყოფება, ამ დროს სამყარო მოსაუბრეთაგან იცლება, ამ დროს საუბრობს ის, ვიღაც, რომელიც არის ყველა და «არავინ». ამ დროს მას მხოლოდ საკუთარი თავის ყურის გდება შეუძლია, მხოლოდ საკუთარი თავის მოსმენა. აი. ამიტომ მოესმის მისი ხმა ყველას, როცა ამ განზომილებაში მოხვდებიან.

***
ის რაც ენას უნდა გამოთქვას, ხატებაა, ელვაა, აალებული სახეა მოვლენების ჩქერიდან. ის კალმახივით სხლტება და მისი მოხელთება ძნელია. შეიძლება, დაჭირო კიდეც, ხელი შეავლო, მაგრამ ის სახე აღარ არის, სხვა რამ შეგვრჩება ხელში, სიცოცხლეგამოცლილი და სულდალეული, მისი საცხოვრებელი ადგილი ადამიანის გულია, მისი მხოლოდ თვალის შევლება შეიძლება წამით, არა ამოთქმა და ამომღერება. მაინც რის თქმა უნდა ადამიანს? ალბათ იმის, რამაც გააკაშკაშა, გაანათა მისი სიბნელე.

***
ამბობენ
საიდუმლოს ბაგე მოკუმული აქვს, არაფრით უნდა გათქვას ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს, ამაზე მაშინ ვფიქრობ, როცა სიცოცხლის საიდუმლოებას ვუსწორებ თვალს, საიდუმლოს არა თუ ბაგე აქვს მოკუმული, დახშული, მას ბაგე საერთოდ არ გააჩნია, სიზმრის უხილავი ხელით გაჩხაპნილი ხაზი მის სახეზე ჩვენმა ფანტაზიამ ბაგეთ შერაცხა და ”სიფხიზლეში” მის ამეტყველებას დაელოდა. საიდუმლოს არსი ისაა რომ, ის იმას არ მალავს, რასაც ჩვენ ველოდით, ის იმას არ ამბობს, რაც ჩვენ გვინდოდა გაგვეგონა. საიდუმლოს ბაგე არ გააჩნია, მას მხოლოდ სახე აქვს და თვალები, ხოლო მის თვალებში ჩვენი სიცოცხლის სიზმარი ციმციმებს.


ნაპირის გაქრობა

ყოველ ადამიანში ცხოვრობს, სადგურობს სულელი (გიჟი). ჭკვიანსა და სულელს შორის მცირე განსხვავებაა, ჭკვიანი აკვირდება თავის თავში სულელს. ის, (სულელი)– ჭკვიანიდან მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. სულელს კი არა ჰყავს დამკვირვებელი ანუ მოწმე, ვინც დააკვირდება, დამკვირვებელი და მოქმედი(გიჟი) მასში შერწყმულია. ის მთლიანობაა, სულელმა არ იცის თავის სისულელის შესახებ, ჭკვიანმა კი იცის. სიბრძნე ამ ორი ”არსების”(გამუდმებული დიალოგის) შვილია. ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებენ, თან თავიანთ ნაპირებს არ ტოვებენ, თითქოს მდინარის გაღმა გამოღმა ისხდნენ. სულელი კი ისაა, ვინც ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადავიდა, დამკვირვებელს შეერწყა და ამის გამო მოსაუბრე დაკარგა, მისი არსების მდინარეს არაა აქვს ნაპირი, ის ქაოსის რაინდია, ნებისმიერ გამოქროლილ აზრზე ამხედრებული, ისწრაფის და ისწრაფის თავისი მიზნისკენ და ეჭვიც არ ეპარება. ეჭვი აჩენს უფსკრულს, სიღრმეს, ღრმა ჭას სულში, ღრმა ჭიდან კი განსაკუთრებით დიდი ვარსკვლავები მოჩანს დღისით–მზისით, ღრუბლით დაფარული ციდანაც კი.

ხილული და ფარული მასწავლებელი

გიჟიდან უფრო ბევრს სწავლობს ბრძენი, ვიდრე თავის მსგავსი ბრძენიდან იმიტომ, რომ სხვა ბრძენიც თავის თავში ამ გიჟს უთვალთვალებს და იქიდან გამოაქვს თავისი სიბრძნე. გიჟი, შეშლილი კი საუკეთესო მასწავლებელია, გიჟი ეს არის მატერიალიზებული ქაოსი ჩვენიდან გადმოსული, მის დასანახად ჩვენში მედიტაცია და ჩაფიქრება გვჭირდება. როცა გიჟს ვაკვირდებით ჩვენ ვხედავთ ჩვენივე თავს უარტახებოდ, მოცეკვავე ქაოსს. გიჟი ეს არის ადამიანი თავისში დამკვირვებლის,ზედამხედველის გარეშე, ის გათავისუფლებული პატიმარია, რომელმაც მოკლა “ზედამხედველი” და ყოველთვის “იცის” საით წავიდეს. მისთვის ყველა გზა “მიზანთან” მიდის, მისი ყველა მიზანი ფიქციაა და მისთან მისასვლელ გზასაც ფიქტიურს “ირჩევს,” უფრო სწორად, გიჟი ნებისმიერ თავში გაელვებულ აზრს მხედარივით მოაჯდება (დონ კიხოტივით) და ისწრაფის “მიზნისკენ”. ჩვენ გიჟისგან ის გვასხვავებს, რომ ასე თუ ისე აზრების ქაოსში ორიენტირება და ამორჩევა შეგვიძლია, მაგრამ არა ყოველთვის. გიჟი საჭემოტეხილი ავტომანქანასავით ნებისმიერ მიმართულებას ირჩევს, აქ მძღოლი აღარ არსებობს. ნორმალურები კი დიდი დაკვირვებით, დიდი დაძაბულობით და დიდი სიჩქარით მოძრაობენ სიცოცხლის, აზრების გადატვირთულ ავტობანზე. ვის არ მოუვა შეცდომა? ვინ არ აღმოჩნდება ხანდახან გიჟის დღეში? ასეთი ადამიანი არ არსებობს. ერთხელ მაინც “ზედამხედველს” არ გაექცეს და გარეთ არ გაისეირნოს, თუნდაც რამდენიმე წუთით. სიბრძნე ჩვენი გზიდან გადავარდნის, შეჯახებების შედეგია, რასაც მოჰყვება “განათებები” ჩვენს სულში.

მშვენიერება ბრმებისათვის

ფარშავანგი ულამაზესი ფრინველია. ფერების ფეიერვერკი, ღმერთის არსებობის მტკიცებულება ჩემთვის. ეს ფრინველი, ეს ვარდები ღმერთის გამოვლინებებია, ის ფორმებია, სადაც ღვთაებრივი შუქი თავის ზეობას აღწევს. და ამის დამნახავს აღარ მჭირდება მტკიცებულება, არის ღმერთი თუ არა? რა სასწაულს ეძებენ ადამიანები, ვერ ვხვდები, ჩვენ წინაშე სასწაულების ზღვაა და თვითონ ადამიანი ყველაზე დიდი სასწაულია. ლამაზი ქალი ყველაზე იდუმალი არსებაა ამ ქვეყანაზე. სილამაზე ნებისმიერი არსების, საგნის არსებობის შინაგანი ფორმაა. თუ ამ საგნებს, არსებებს სიყვარულით და თანაგრძნობით შევხედავთ, ჩვენ ვხვდებით წერტილში, საიდანაც დანახული არსებები, საგნები თვითონ სამყაროს ერთადერთ ცენტრად და სინათლის ერთადერთ წერტილად წარმოგვიდგებიან, მაგრამ ეს ხდება განსაკუთრებულ მომენტებში, როცა ჩვენ და ჩვენში არსებული სიმაღლის და ნათლის წერტილები ერთ სიმაღლეზე არიან. უფრო სწორად, ესაა მდგომარეობა, როცა ”სხვა”და ამ სხვიდან წამოსული სინათლე ჩვენი ,,ეგოს” გალიას გამოგვამტვრევინებს, გალიიდან გამოსული არსება ხდება ვინმე კი არა, არამედ თვითონ არსი, საწყისი წერტილი, სადაც და საიდანაც ყველა ერთიანდება, მთლიანდება, ესაა თანაარსებობა. ეს კი ჩვენი უკიდურესი შემცირებით მიიღწევა, ადამიანმა რომ დაუტეველი დაიტიოს, უსასრულოდ უნდა დაპატარავდეს. ადამიანი, ჭეშმარიტი გაგებით, ეს ერთი კი არაა, ეს არის მთელი სამყარო, როცა ჩვენ გავდივართ ჩვენივე თავიდან, (უფრო სწორად კი არ გავდივართ, ჩვენ ვხვდებით ჩვენივე თავს) მაშინ ჩვენ ვხდებით სამყარო. ღმერთი ზოგჯერ მოიღებს წყალობას ჩვენთვის- ბრმათათვის და ენით აღუწერელი მშვენიერება გარეთ გამოაქვს ფარშავანგის, ვარდის თუ ლამაზი ქალის სახით. ისე თვალხილულთათვის ყველა და ყველაფერი მშვენიერია…
ხშირად ვხედავდი ერთ ახალგაზრდა ქალს, მზესუმზირას ყიდდა, თან იქვე პატარა გოგონა ახლდა, ერთი შეხედვით მიხვდებოდით, რომ მისი შვილი იყო. ასეთ ულამაზო და შეუხედავ ადამიანს იშვიათად შეხვდებოდით, როცა დავინახავდი, თვალს ვარიდებდი და მზერა ლამაზ ადამიანებზე გადამქონდა. ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ ერთხელ, წვიმიან დღეს, საკუთარი თავიდან დაკარგული, მთლად მზერადაფანტული, როცა რაიმე განსაკუთრებულს არ ეძებ, ვხედავ ამ ქალს, საბავშვო ეტლით და თავისი პატარა გოგონათი, ქალს თავზე მზისოდენა ჭილის ქუდი ეხურა. ქუჩაში არავინ იყო, თუ მე მომეჩვენა, რომ არავინაა მათ გარდა. თავზარდამცემმა თანაგრძნობამ და სიყვარულმა მომიცვა, უსასრულოდ დავპატრავდი და ამ ახალგაჩენილ სივრცეში მხოლოდ ეს ქალი და გოგონა ჩანდნენ. ცრემლები წამომივიდა, უცნაური რამ დავინახე, ეს არსებები უდიდესი სინათლით, სილამაზითა და სიყვარულით იყვნენ გარემოსილი, თითქოს ისინი სამყაროს ცენტრად იქცნენ, რომელსაც წამიერად მივუახლოვდი. ღმერთმა ინება და თავისი მშვენიერება და სიყვარული ყველაზე უძლური და შეუხედავი ადამიანების სახით დამანახა. ნებისმიერი არსება სამყაროს ცენტრია და საწყისი წერტილია, თუ მას სიყვარულით შევხედავთ, ხოლო გარეგნული სილამაზე ჩვენთვის- ყველაზე ბრმებისათვისაა შექმნილი, რომ თვალის ახელამდე დავინახოთ მისი სასაწაული, მისი გარეთ გამოვლენილი მშვენიერება,რომ ერთ მშვენიერ დღეს ცხადი გახდეს, მშვენიერება და სიყვარული ყველა არსების(არა აქვს მნიშვნელობა გარეგნულად მშვენიერია თუ ულამაზო) შინაგანი ფორმაა და თვითონ ღმერთია, ხანდახან საგნებიდან თუ ადამიანებიდან ჩვენ თავზარდასაცემად რომ გამოაშუქებს, ჩვენ უსასრულოდ დაგვაპატარავებს და ამავე დროს გვაქცევს უსასრულობად.

სიზუსტის ძიებაში

სიტყვები ჩვენდა უნებურად მოიყოლებენ ისეთ მნიშვნელობათა ველებს, ზოგჯერ დაბნეულობას იწვევენ. და მაინც აბსოლუტურად ზუსტი მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს, ჩვენი აზრები უკეთეს შემთხვევაში მიახლოებითია. ჩვენს სიტყვებს არ შეუძლიათ, ბოლომდე მოიცვან საგნების არსი, მაინც რჩება რაღაც, რაც ჩვენ არ შეგვიძლია აღვწეროთ, სწორედ ეს რაღაც, აღუწერელი არის მანძილი– ჩვენსა და ღმერთს შორის, სწორედ ეს რაღაც აყენებს თავდაყირა მთელ ჩვენს აზროვნებას. ყოველი საგანი, ყოველი მოვლენა აღუწერელია. მისი გადმოცემის, მისი აღწერის ცდა მარცხით მთავრდება, სწორედ ასეთი აზრის გამოხატვის ცდაა საინტრესო. ესაა მანათობელი აზრი, ელვარე, უსაზღვრობის და უდიდესი სიღრმის დამტევი, მაღლა-მაღლა მფრინავი, სფეროსებრი, საპნის ბუშტივით. მასავით წამიერი, მასავით რაღაც მარადიულის და ბავშვური გამონათება.

მიტოვებული ხეები

მწიფე ბლით დახუნძლული ხე მუდამ სავსეა ჩიტებითა და ბავშვებით. რამდენი საფრთხობელა არ უნდა დაუყენო დარაჯად, სტუმარი მაინც არ ელევა, არის ერთი ჟრიამული და შიგდაშიგ გალობაც, როცა ნაყოფი მოილევა, ყველაფერი წყნარდება, ჩიტებიც ისე გადაუფრენენ, თითქოს გუშინ და გუშინწინ პირს არ იტკბარუნებდნენ, არც ბავშვებს ახსოვთ. ვერც ვერავის გაამტყუნებ, ასეა ყველაფერი შექმნილი და მოწყობილი. ახალს დაეძებენ თვალსასეიროს და ახალ პირის გემოს. ღარიბი ადამიანი უნაყოფო ხესავით არის, რომელსაც არასდროს გამოუღია ნაყოფი,არც საფრთხობელა სჭირდება და არც დარაჯი. თვითონ არის ყველაზე დიდი საფრთხობელა, ვინ მიეკარება? ვინ გაჩერდება მის ტოტებზე? ყველა ერიდება, მეგობრები მას არ აწუხებენ და ნათესავები, ისეა, თითქოს უდაბნოში იყოს ამოსული და ვერ ხედავდნენ თანატომელნი, ის არის და არც არის,ზღვარზეა. აქ ყველაფერი მარტივადაა, თუ არავის არაფერში სჭირდები, დიდი ხნის გარდაცვლილივითა ხარ, ახლო ნათესავებსაც ხომ უჭირთ ხანდახან დავიწყებული საფლავის მიგნება? რა მძიმეა ადამიანის ხვედრი, რა მძიმეა მარტოობა. რა ცოდვაა ადამიანი. ყველა ერთმანეთს ეკვრის, ყველა თანაგრძნობას ელის მეორისაგან, ადამიანთა სამყაროში მეფეც კი მათხოვარია, ქვეშემრდომთა სიყვარულს დახარბებული, ხოლო ღარიბთა ბედი უმწარესია. ხეს რა უჭირს, გაზაფხულს და ზაფხულს დაელოდება, ისევ აყვავდება, ისევ მოისხამს ნაყოფს, ისევ მიიღებს სტუმრად ჩიტებს და ბავშვებს. მიტოვებული ადამიანი კი სამუდამოდ არის მიტოვებული, როგორც ამბობენ: “ღვთის ანაბარა”.



არარსებული წერტილი

როცა ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ისინი ჩვენთვის უცნობ ჩვენს შინაგან მხარეებს გვაჩვენებენ. მათ გარეშე ჩვენთვის უცნობი დარჩებოდა ჩვენივე თავი. როცა უცხო ადამიანს ვხვდებით, რაღაც სხვანაირად ვუყურებთ ჩვენს თავს: სხვა თვალით, სხვა კუთხით (არა აქვს მნიშვნელობა ის გიჟია, თუ ბრძენი.) ხოლო თუ ვინმე შეგვიყვარდა, თითქოს ჩვენთვის უცნობი კონტინეტი აღმოგვეჩინოს. ასე წარმოგვიდგება ის ”სხვა”. და ჩვენი თავი გვაცვიფრებს სიყვარულის უსასრულო უნარით. თუმც, სულ რამდენიმე ხნის წინ გადამწვარ უდაბნოს გავდა. მერე თითქოს და კოკისპირული წვიმა დაეშვა ამ უდაბნოში და არნახული ფერების ყვავილებით დაიფარა.
ადამიანები ერთმანეთისთვის თვალიც არიან, წვიმაც, მზეც და სიკვდილიც. არსებობა არის სხვებთან შეხვედრები, შეხლა, კონფლიქტი, მიზიდულობა, ზიზღი. არსებობის გზა ამ მონაკვეთებისგან შედგება. ცალკეული ადამიანი არარსებულია, არსებობას სხვებთან ურთიერთობა განაპირობებს. არა აქვს მნიშვნელობა, კაცი შერწყმულია, განზავებულია ხალხში თუ განზე გამდგარია. ადამიანის პოზიცია და დგომის კუთხე მხოლოდ დანარჩენ ადამიანებთან მიმართებით იძენს საზრისს, ხოლო სხვების გარეშე არავითარი ადგილი არ აქვს ცალკე ადამიანს ამ სამყაროში. სხვების გარეშე ადამიანი არის წერტილი, რომელიც ჯერ არ დასმულა ქაღალდის (სიცოცხლის) ქათქათა ზედაპირზე.

***
ამბობენ, რომ ღმერთი უსასრულოდ დიდია, ისე, რომ მისი არც გაზომვა შეიძლება, არც მასთან დატოლება. მე კი მგონია, ღმერთი არც დიდია, არც პატარა. ის ყოველთვის იმ ზომისაა, რა ზომისაცაა საგანი ან არსება, რომელსაც ვამჩნევთ და სიყვარულით ვუმზერთ. 

***
პოეზია სულია ყველაფრის. ეს არის წერტილი, სადაც მოულოდნელად ერთდება ფრაგმენტები ჩვენი ცხოვრების, რომლის შეკრება და შეერთება შეუძლებელი ჩანდა თითქოს. როცა სასოწარკვეთილნი უარს ვამბობთ ყველაფერზე, რაც გაიბნა, რაც ხელიდან გაგვისხლტა და მისგან ზურგით შევტრიალდებით, ის, მოულოდნელად აღორძინებული, ჩვენ წინ აელვარდება.

***
პოეზია არაფერია, თუ არა შეუძლებელთან მიახლოება. თვითონ ის, რაც შეუძლებელი და გამსხლტომია, თვითონვე ბადებს ადამიანებს, სულებს, რომელთაც მიიტაცებს და პერფექციონისტებად აქცევს. თვითონ შეგრძნება ვერ მიახლოვებისა და სიშორის არის მბადი წერტილი, სადაც შეერთებას იწყებს გაბნეული ფრაგმენტები, მთელი დაკარგული დრო და ჩვენ წინაშე წარდგება უცნაური დრო მოჩვენება, რომელიც თითქოს უნდა ყოფილიყო, რომელიც თითქოს იყო კიდეც, მაგრამ სად? როდის? რომელ განზომილებაში? უკვე ვეღარ დაგვიდგენია.

გამოუთქმელი

ეს სამყარო, უბედურების და ტანჯვის ველია, (მე თუ ვინმე მკითხავს, ბედნიერებაზე ოცნების და ამ ოცნების გაცამტვერების ველიც არის.)
ჩვენი წარმოდგენილი ბედნიერება და სიხარული — ეს არის ჩვენი შეფუთული, რეკონსტრუირებული რეალობა, ნამდვილი რეალობა კი უხეში, ბასრი სამართებელივით მჭრელია და ზვავივით დაუნდობელი, ხან ყვავილივით თავაღერილი და ლამაზი, ხან ნიავივით უჩინარი და მოალერსე, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. რა მყიფეა ადამიანის ოცნებები, მისი წარმოდგენები, რეალობა კი რა მარტივია, მას არავითარი ქვეტექსტი არა აქვს. ის არის ის, რაც არის,
ჩვენ კი ჩვენს რეალობას ვქმნით, ჩვენი წარმოდგენის სამოთხეს, სადაც ყველაფერი უსაფრთხოა, სადაც ყველაფერი მშვენიერია, სადაც ყველაფერი კარგად მთავრდება. რეალობა ინდური სასმელივითაა, ერთდროულად ცხარეა და ტკბილი, მარილითა და სიტკბოთი გაჯერებული, ისე, რომ ენის რეცეპტორები ვერ ასწრებენ გემოთა დაცალკავებას, თუ რა არის ეს? ეს არის რეალობა აღუწერელი და თავზარდამცემი. ეს არის ჩვენი სამყარო.



***
როცა გაუცხოვების და მარტოობის სული მეპატრონება, ვიკეტები დღეები, თვეები, წლები. ხანდახან პატიმარივით გამოვდივარ ჰაერზე, მაგრამ როცა გამოვდივარ, მაშინ ყველაფერი ფასს იძენს, ყველაფერს ხარბად ვუცქერი, მიყვარს კიდეც ადამიანები ამ დროს, იმ ადამიანის სიყვარულით, რომელიც მათ თითქოს ბოლოჯერ ხედავს.

სახის ვარსკვლავი

ყველაზე ზუსტი საათები ჩვენი თანატოლების სახეებია, ისინი გვიჩვენებენ, რა დროა გასული ჩვენი მოვლინებიდან, ჩვენ ჩვენს რეალურ სახეს ვერ ვხედავთ, ადამიანი შემწყნარებელია საკუთარი რეალობისადმი და მყისიერად გამლამაზებელი. მანამ, სანამ ჩვენი სახე სარკიდან ჩვენს თვალებში აირეკლება, ის გარდაისახება ელვისებურად და ჩვენთვის მისაღები ფორმით გვეცხადება. სხვები კი სხვა საქმეა, სხვების, ამ შემთხვევაში ჩვენი თანატოლების დანახვა და (არა მარტო თანატოლების) მათზე დაკვირვება ყველაზე უკეთესად გვარკვევს, «მდინარის» რა ადგილზეა მისული ჩვენი ნავი, დასაწყისში, შუაში თუ შესართავთან. მათ შუბლსა და უპეებზე გაჩენილი ნაოჭები ახალი სახის რუკაა, რომლის ფორმა, რომლის ტერიტორია მუდმივად იცვლება. სწორედ ამ «რუკის» წყალობითა და დახმარებით შევძლებთ, დავათვალიეროთ ჩვენი სახე, რომელიც ყველა სახეზე მეტად გვეუცხოება.

***
ნებისმიერი სიარული წრეზე სიარულია, ერთ ადგილზე ბრუნვაა, განსხვავება მხოლოდ სიჩქარეში და თავდავიწყებაშია. ვინც სწრაფად დარბის და ჟინიანად, თავისივე დატოვებული კვალი ეკარგება და მის წინაშე უსასრულობა გადაიშლება.


კიბე

მთელი ჩემი ცხოვრება კიბის მიდგმის ცდაა მაღალსართულიან კოშკზე, იქ, სადაც წარმოსახული ჩემი «სხვა» ცხოვრობს, ამაღლებული, ჩემს მიერ შექმნილი არსება, ის არის ის, ვის გამოც ვემზადები, ყველაფერს ვთმობ, რაც დასათმობია და არ არის დასათმობი. ის არის ჩემი ოცნებების შემკვრივებული ხატება , რომელიც დანახვისთანავე თავისივე შემქმნელს უარყოფს. მან რომ იცოცხლოს, უნდა დაივიწყოს თავისი შემქნელი და თუ შეძლებს, გაანადგუროს კიდეც. ოცნება ადამიანის შექმნილი ურჩხულია, მით უარესი, თუ გაცოცხლდება და ხორცს შეისხამს. მის სახეს მიწის პირზე ვერავინ დაემალება.

***
ადამიანი, როცა ბავშვია, უცნაური სიხარულითაა აღვსილი, ჰგონია, რომ მისი დანახვა ყველას უხარია, ჰგონია, რომ ყველა კარი სიხარულით იღება მისთვის. დიდების საქმე კი სხვაგვარადაა, გამოგონილი სიხარულით უნდა შეაბიჯო ყველგან, გამოგონილი ღიმილით გხვდებიან, გამოგონილ, მსხვრევად სამყაროში დააბიჯებენ, საკუთარ თავში მიმალულ ბავშვს ივიწყებენ, ბავშვს, რომელიც სადღაც მიაგდეს, რომელიღაც დროის, მახსოვრობის ოთახში. ეს ბავშვი არ შეცვლილა, ისევ ისეთია. ისევ გულწრფელია, თვალები ისევ არაამქვეყნიური შუქით უელავს. ადამიანი, რომლის გულებშიც ის ცხოვრობს, ვიღაც სხვა გახდა, უცხო, ხაფანგების დამგები, ბოროტი ჟინით აღვსებული არსება, რომლის სიკეთეც კი შესვრილია რაღაც მწიკვლით. დიდ, ზრდასრულ ადამიანს სულაც არ უკვირს რომ სხვებს არ მოსწონთ, ან თავს აბეზრებთ მისი არსებობა. ისინი, როცა მარტონი არიან, ხანდახან თავიანთ დავიწყებულ ოთახში იმ ბავშვს შეუვლიან, ცრემლებს მოსწმენდენ, მოუბოდიშებენ, დაუყვავებენ, იტირებენ კიდეც მასთან ერთად, მაგრამ სწრაფად მიატოვებენ, კარს გაიჯახუნებენ და ისევ დიდების ჯოჯოხეთისკენ მიისწრაფიან.

***
რეალური ადამიანის ატანა და მისი ნაკლოვანებების შეგუება
ადვილი არ არის. თანაცხოვრებას თავისი ეკლები აქვს და
ადამიანს კიდევ რბილი ქუსლები.
ტყუილად კი არ ხატავდნენ ბერძნები ეროსს ღრუბლებში,
ღრუბლებზე მოსიარულეს.
რეალობის ეკლები არასოდეს ეხებოდა მის ტერფებს,
არც მათ ტერფებს, ვისაც მისი ისარი მოხვდებოდა.

***
რასაც დაკარგულს ეძახის, ის რასაც დაკარგულად თვლის კაცი,
არაა დაკარგული დრო, რახან არსებობს ამ დროით შექმნილი სიცარიელე, სიცარიელე ყველაფრის წარმომომშობი და ყველაფრის საწყისი. ამ სიცარიელის ბნელი ლაქიდან ამოხეთქავს ხოლმე ყველა დიდი შემოქმედება.

***
განწყობები არაფერს ეკითხებიან ადამიანს,
ისინი ჩვენი უსახელო მბრძანებლები არიან.
არსებობს ნიავისებრი სუსტი განწყობები, ტკივილიანი ან სასიამოვნო,
ასეთ შუალედურ მდგომარეობაში ძალისხმევით შეიძლება
მარჯვნივ ან მარცხნივ გადაიხარო.
ხოლო თუ დიდი ტალღა მოდის უკეთესია არ გაინძრე,
სანამ არ გადაივლის.

***
როცა ყველა ზურგს შეგვაქცევს, როცა მთელი სამყარო ზურგით დადგება,
ვითომ არ გვიცნობს, ვითომ აჩრდილი ვართ, არარსებული,
ეს არის სწორედ ნიშანი, რომ მსხვერპლი მიღებულია
და მისი დაკეტილი კარი თავისით იღება.

***
საგნები უცნაურ შუქშია მასთან, თითქოსდა ღმერთისგან «მიტოვებულია», «დაწყევლილი». მაგრამ, როცა ყველაფერი მისგან ზურგით შეტრიალდება, თუ თვითონ შეტრიალდება ყველაფრისგან ზურგით, მისთვის მახჩობელა მოვლენები, საგნები მისი სულიდან იწყებენ ნათებას, თითქოს მის უარყოფას უცდიან, რომ ამეტყველდენ და სინათლის ფრქვევა დაიწყონ.
სწორედ მიტოვებულობის, სიშორის, დაკარგულის უმძაფრესი შეგრძნებაა მასთან ღმერთის სიახლოვე.

***
სულაც ვერ ვპოულობ ნუგეშს იმაში, რომ მაღლა მხედი ვარ თუ მიწიშქვეშ მომზირალი. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის ფეხმოტეხილ სკამზე ვჯდებით. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ, ნებისმიერი ჩვენი შესვლა მოვლენების მდინარეში გულისწყვეტების უწყვეტ ტალღებს დაგვატეხს თავზე.
ეს სამყარო ისეა მოწყობილი, ნებისმიერი მოვლენა იმედგაცრუების ქვიშაზეა აგებული და არა ასრულებულ იმედთა კლდეზე.
და ამას ხელიდან ვერავინ გაუსხლტება, ამას თავიდან ვერავინ აიცილებს.

დიდი მარტოობა

ღმერთის სევდის გამოა ეს სამყარო და ადამიანი რომ არსებობს, თუმცა მან ეტყობა, მაინც ვერაფერი მოუხერხა თავის მარტოობას. ხან წარღვნას ავლენს, ხან ცეცხლს, ხან იმუქრება ყველაფერს მოვპობ და თავიდან შევქმნიო, მაგრამ მაინც სულ ჩვენთან მოიჩქარის, გვეძახის და პასუხს ელოდება. ღმერთი როგორც ლამაზი ქალი ათას მრუდე სარკეში, თავის თავს ვერ ცნობს და ეძებს, ეძებს იმ სარკეს, სადაც თავის თავს დაინახავს, მაგრამ წინ მხოლოდ მრუდე სარკეები აქვს ჩვენი სახით. ეს არის მისი ტრაგედია, ის ვერასოდეს დაეტოლება თავის გამოსახულებას და მისი ტრაგედიის განმეორებაა ჩვენი სიცოცხლე.


***
ყველა დრო ერთია პოეტისათვის. (ამბობენ ახლა ცუდი დროა, ადრე კარგი იყო ან ოდესღაც იყო კარგი დრო.) თუ მარტო არ დარჩი, შენ თავს ვერ მოუსმენ, ვერც სხვებს. მართალია ცხოვრება იპარება, მაგრამ ის ყველას ეპარება, არავინაა მისით კმაყოფილი. პოეტი რაღაცას თვალს გაუშტერებს, მოვლენას, სახეს და ჩნდება დაძაბულობის მანათობელი წერტილი, მას ტორნადოს თვალივით ყველაფერი ჰაერში ააქვს: სახურავები, ქუდები, ხეები, ადამიანები. რაღაც ან ვიღაც იწყებს მეტყველებას მასში, რომელიც ყველა პიროვნების უკან დგას. ეს უპიროვნო ხმაა, მუსიკის, სიტყვების, ფერების ცრემლიანი სული, ის იაზრებს ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ტრიალებს. თავის ბეჭედს ასვამს დროზე, თავის არეულ ხელმოწერას და ისევ უჩინარდება მარტოობის სიბნელეში.


ველოსიპედი

ბავშვობისას სასაფლაოზე დავდიოდი ხოლმე დედაჩემის სოფელში, სასაფლაო იქვე იყო, ბაბუის სახლთან ახლოს, (საფლავებს ვათვალიერებდი.). მახსოვს ერთი საფლავი, 3-4 წლის პატარა ბავშვის, სურათით ქვაზე და დაჟანგებული ველოსიპედი საფლავზე, პატარა ნამცეცა სახლში. უამრავი წელი გავიდა, მაინც თავიდან არ ამომდის. უამრავი რამ დამავიწყდა, იმათი სახეებიც კი, ვინც მიყვარდა, მაგრამ ხატი იმ ბავშვისა და მისი ჟანგიანი ველოსიპედის უძრავადაა, თითქოს იმ ბავშვმა შესანახად მომაბარა და მეც დავატარებ სულ, ყველგან, მხიარულებაში, მოწყენილობაში თუ მეგობრებთან. უცებ, მოულოდნელად მომაკითხავს, სადღაც მაბრუნებს, რაღაც წმინდასთან, დავიწყებულთან, თითქოს ჩემმა სულმა იმ ჟანგიან ველოსიპედში და საფლავის ქვასთან დაისადგურა სამუდამოდ, როცა რამე წმინდა შემეხება, წარმავლობის ცრემლიანი სახე, მაშინვე იმ ბავშვის სახე ცოცხლდება ჩემში. ეჰ. პატარა. პატარა. რა გითხრა, მე მხოლოდ ცრემლები მაქვს პასუხად.


***
ნაწილ-ნაწილ ვაწყობ ჩემს თავს დილით, გაღვიძებისას, (პრუსტის პერსონაჟივით.) მაგრამ ისეთი დღეებიც არის, ხან «ფეხს» ვერ ვპოულობ, ხან «თავს», სარკეს კიდევ თვალს ვერ ვუსწორებ და მაშინ იწყება გაუსაძლისობა. ჩემი სხეული, გრძნობები და გონება ერთადერთი მტერი მგონია ხოლმე, ამ მდგომარეობაში რომ მაგდებს. ნათელი დღეები იშვიათად მოდიან და ანტარქტიდაზე მზიანი დღეების რაოდენობას არ აღემატებიან და როცა მაინც გამოიჭიატებს, სულ ცოტათი გამოანათებს, ახლად გარემონტებული, კატასტროფა გამოვლილი ავტოსავით ისევ ფორმაში ვარ, (თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, გუშინ ვინ ვიყავი, ან ახლა ვინ ვარ, რახან ამდენი რამ შეიცვალა ჩემში) და ისევ მივქრივარ ახალი კატასტროფისკენ, რომელსაც ცხოვრებას ეძახიან.

***

სიზმრის სტრუქტურა გენეტიკური სტრუქტურის მსგავსია. უსასრულო წინაპრების რიგი, გარშემო მბრუნავი მოვლენები, სახეები, სურვილები, იმედები უცებ ღამღამობით უცნაურ კომბინაციაში შედიან ერთმანეთთან და ახალ რეალობას ქსოვენ, ართავენ, კერავენ, ხატავენ, ამოძრავებენ ერთმანეთს. ჩვენ, გაკვირვებული «ჩვენი» უნებური შემოქმედებითა და მოქმედებით, თავს დამტყდარი ახალი რეალობით, ვერაფერს ვახერხებთ, მხოლოდ ერთი არჩევანი გვაქვს: დაველოდოთ გამოღვიძებას. სიზმრების შექმნა -დაბადება ბევრად არაფრით განსხვავდება ადამიანის ჩასახვა-დაბადებისაგან, შედეგი კი სიზმრის მსგავსია. ჩვენ უნდა გვიყვარდეს საკუთარი ინერციის შედეგი, სიზმრისგან განსხვავებით, თუმცა არც ჩვენ დაგვიხატავს, არც გამოგვიძერწავს, არც თვალების ფერი შეგვირჩევია და არც ხასიათი. ვიღაც ძლევამოსილი, რომელსაც ხან რას ეძახიან, ხან რას, რომელიც ხან მრისხანებს, ხან კეთილია, რომელმაც შექმნა ნიანგი, პითონები, შვლები, ვარდები, იები და ბავშვები, განუწყვეტლივ მიგვერეკება, გვამოძრავებს, გვაყვარებს და გვანადგურებინებს ერთმანეთს. ასაფრებს ნიანგს მდინარეში რომ მისი საგულდაგულოდ მორთულ. მოხატული ნიამორი დაიჭიროს და დაგლიჯოს. ძაღლს მიაშარდვინებს ვარდებზე. ავარიაში თავმოგლეჯილ ბავშვს დედას აძებნინებს. ნუთუ ღირს მწუხარება ამ შემთხვევით არსებებზე, საგნებზე, რომელიც სიზმარს არაფრით სჯობიან? ალბათ ასე ფიქრობს ის, ვინც ეს თეატრი არყოფნიდან ამოაშენა. ალბათ ასე ვფიქრობთ ჩვენც, როცა წამიერად გონება გაგვინათდება.

როლის გარეშე

თითქოს სხვის დადგმულ პიესაში მოვხვდი, რომელშიც გმირები ღელავენ, უყვართ, სძულთ, უხარიათ, წუხან, ინტრიგებს ხლართავენ. მეორეხარისხოვანი გმირები კი ეხმარებიან, ან ხელს უშლიან მათ, უბრალოდ ფონს ქმნიან, აქ-იქ დეკორაციისთვის აყვავებული ხე და ჩიტიც მიუხატავთ და ვარსკვლავიანი ღამის დეკორაციით ანაცვლებენ მერე. ქოროც გამოჩნდება ხანდახან და ყვავივით დაიჩხავლებს. მე კი დავდივარ ამ პერსონაჟებს შორის, არც არაფერი მესმის მათი, არც მათ ესმით ჩემი ხმა, იმდენად გართულნი არიან თავიანთი როლებით, თითქოს ეშინიათ ნასწავლი სიტყვები არ დაავიწყდეთ. არც კარი ჩანს, რომ ავდგე და გამოვიდე, არც ცალკე ოთახი, რომ შევიდე და ჩავიკეტო. ყველაფერი რაც არის, მათი მოქმედებისთვისაა განსაზღვრული. მე კი რას ვაკეთებ აქ, ვერ გამიგია და ეტყობა, ვერც ვერასდროს გავიგებ.

უხილავი ხელები

სიზმრებში იმას ვაკეთებთ რაც ჩვენ, უფრო სწორად «მას» სურს. ეს საერთო გონია, რომელიც «ჩვენი» აზრის მატერიისგან ჭრის და კერავს მოვლენებს, რომლებსც გამოღვიძებულნი ტანზე მოვირგებთ. სიზმარი ანუ ის, ვინც გვასიზმრებს წარსულის, მომავლის და ყველა დროისგან შექმნილ კოლაჟურ პროექციებს, დროის და მატერიის გონიერი მანქანაა, ტრასფორმაციის დროს, დრო და მატერია სიზმრის მიქსერში მოძრაობს, ახალ სახეს იღებს. ჩვენ, რომელიც მოწმე ვართ და თანაც მოქმედი ამ უცნაური პროცესის, დაბნეულობა გვიპყრობს და ხშირად ყველაფერს აბსურდად მივიჩნევთ, სინამდვილეში ჩვენ ვესწრებით, ვმონაწილეობთ მომავლის ფორმირებაში, რომელშიც გამოღვიძებულნი მიმოვიხედავთ და ჩვენივე სიზმრების შექმნილ ტყეში მივაბიჯებთ.

***
ჩვენ ვმოძრაობთ მხოლოდ ჩვენი სიზმრის ჩარჩოებში.
სიზმარი იმ "რეალობის" შემომწერი და კორექტორია, რომელშიც უნდა ვიმოძრაოთ. ის "რეალობის" საფუარია, იმ რეალობის, რომელიც თვითონაც სიზმრისეული მატერიისგან შედგება. ის რასაც ბედისწერას ეძახიან, ჩვენს სიზმრებში ფორმირდება და გამოკაშკაშდება, როგორც უალტერნატივო პროექტი, როგორც ლიანდაგი, რომლიდანაც ვერ გადაუხვევ მატარებლის მსგავსად.

ერთი მხატვარი მილიარდი ხელით

სიზმრების ავტორი მხატვარია, ის საერთო ავტორია ჩვენში, მას მილიარდი ხელი აქვს, ის ახალ სიუჟეტებს ძერწავს, ძველს შლის, ახალ სივრცეს და დროს ქმნის, რომელიც ძველი სახეებისგან არის შედგენილი, ხანდახან უცნობ, უფორმო სახეებსაც ამატებს, სახეშეუვსებელი მომავლიდან. ის დროებს ურევს, წარსულს, აწმყოს, მომავალს ერთ სიბრტყეზე ათავსებს. სიზმარი იმით არის უცნაური რომ მოქმედება ერთდროულად წარსულში, აწმყოში და მომავალში მიმდინარეობს. სიზმარში ხდება დროის საპირისპირო ხაზების შეერთება, წარმოიშობა ისეთი სივრცე და დრო, სადაც ეს სამი დრო გაერთიანებულია, ერთდროულად თითქოს სამივე დროა წარმოდგენილი და ამავე დროს არც ერთი დრო არ არის. ეს ავტორი, ჯერ არ დამდგარი, გამსხლტარი, დავიწყებული დროების საცავებს განაგებს, მხოლოდ მას აქვს კოდი, უამრავი ციფრის კომბინაცია, და კარიც რომელიც მისი ხელით იღება, რა იმალება იმ კარს იქით? იქ დროის გამაერთიანებელი წერტილია თითქოს. სიზმარი შეიძლება მომავლიდან იყოს, მაშინ უცნობი, ბუნდოვანი სახეები არის დამატებული, რომელიც მომავლის ხორცით უნდა შეივსოს, (ფრენსის ბეკონის ნახატებივით სახე არ ამოიცნობა) ის უცნაური რეალობის წვეთებით არის შევსილი, შეიძლება სიზმარი წარსულის ელემენტებიდან იყოს აგებული და მომავალი ილანდებოდეს მასში. სიზმარი იყენებს იგავის ფორმებს და ხშირად იაპონური კაბუკის თეატრივით უცნაურად გამოიყურება. სიზმრების ავტორი უფრო დადაისტია ან სიურეალისტი, არც რეალურ ფერწერას წუნობს. ხანდახან გონისაგან დაცლილ სიუჟეტურ ამბებს თხზავს, ხან ისეთ უცნაურ სიმბოლოებს, პასუხებს, სიფხიზლეში თავით რომ მოგვეკლა ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ შესაძლებელი იყო ამის გაგება.

***
სხეული იძარცვება თანდათანობით, მიტოვებული სახლივით. მიტოვებულ სახლში კი უპატრონო კატები თუ გადაძვრებიან, ან ღამურები დაიდებენ ბინას, ან ვიღაც მაწანწალა გამოიძინებს. რამდენჯერაც არ უნდა დახუჭო თვალები და ბუდად გაიღვიძო, სარკეში ხომ ჩაიხედავ? სარკე კი ჩვენი სულიერი აღმავლობის თუ ტრანცენდენტული გრადაციების მიმართ ბრმაა, არ იანტერესებს რა მოხდა ჩვენს შიგნით. ის იმას გვაჩვენებს, რაც არის, რეალობას, მის ზედაპირს. ჰო და ამ ზედაპირის გამოა ჩვენი ფიქრი და ჯავრი. ამ ზედაპირთა ფერიცვალება, კონტრასტი, მათი გადინებანი საკუთარი ფორმიდან, მათი დეგრადაციები ბადებს პოეზიას და აზროვნებას.

***
ვერგაგების, ვერდანახვის, მიტოვებულობის განცდა ჩემთვის სამსონის თმებივით არის, სწორედ მასშია ჩემი ძალა და სიძლიერე. ჩემი ოცნებების, ჩემი სურვილების ასრულება ჩემს კატასტროფას გამოიწვევს, დავკარგავ ყველაფერს, რაც მასაზრდოებს: რწმენას, გამუდმებულ მიზნისკენ სწრაფვას და იდუმალებისგან განვიძარცვები. ასე მგონია, ეს არის მისი და ჩემი საიდუმლო და ჩვენი იდუმალი შეთანხმების პირობა.

ზედაპირის სიცრუე

სიტყვები რომლებსაც წარმოვთქვავ, არ არიან ის სიტყვები, რომელიც უნდა წარმომეთქვა, ისინი მხოლოდ დამახინჯებული ანარეკლია ჩემი შინაგანი სიტყვის. როლი რომელიც შევასრულე, არ არის ის როლი რომელიც უნდა შემესრულებინა, ის უფრო პაროდია ჩემი შინაგანი სურვილის, ჩემი შინაგანი სახის, ჩემი შინაგანი როლის. სარკე რომელშიც ჩემს სახეს ვხედავ, თითქოს მხოლოდ ჩემს გროტესკულ გამოსახულებას მაჩვენებს. ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც სარკეში ჩანს? ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ მოვლენაში რაღაც მოქმედებას ასრულებს? ვუყურებ გარედან ჩემს თავს, როგორც უცხო მაყურებელი, რომელიც პირველად მოხვდა თეატრში. მაინც რა მოუხეშავია ჩემი მოძრაობა, ჩემი საუბარი, რა უაზროა ჩემი გამოხედვა. თითქოს ჩემი დამახინჯებული ასლის მოძრაობას ვუცქერ, რომელიც ვირივით ჯიუტია და მილიონჯერ იმეორებს გაზეპირებულ ცრუ მოძრაობებს, ყალბ სიტყვებს, საუბრობს მაშინ როცა უნდა დუმდეს, დუმს მაშინ როცა მთელი ხმით უნდა ყვიროდეს. მე თითქოს გამოუცდელი მეთოჯინე ვარ მინიატურების თეატრში და პირველად მომაჩეჩეს ხელში ჩემი თოჯინა. აი. უნდა ავამოძრაო მისი ხელი და მივესალმო, მაგრამ დამშვიდობება გამომდის. უნდა გადავდგა მისი ფეხით ნაბიჯი სხვა პერსონაჟისკენ და ფეხები ეკეცება ჩემს თოჯინას, უნდა ვთქვა რამე და სწორედ მაშინ მავიწყდება ის სიტყვები და სულ სხვა რამეს ვამბობ. რა უცხოა ეს ადამიანი, რომელსაც ჩემს თავს ვეძახი, როგორ დაშორებულია ჩემი თავიდან, თითქოს მილიონი სინათლის წელიწადი აშორებს მას ჩემი ჭეშმარიტი მედან. მხოლოდ ხანდახან ემთხვევა ჩემი სიტყვები ჩემს შინაგან სიტყვას, მხოლოდ ხანდახან ემთხვევა ჩემი მოძრაობა ჩემს შინაგან მოძრაობის ტრაექტორიას. პოეზია არსებობს ჩემს ნამდვილ მოძრაობას და ყალბ მოძრაობას შორის, ყალბ სიტყვებს და შინაგან სიტყვებს შორის, რომელიც უნდა წარმომეთქვა, ის ჯოჯოხეთური შეგრძნებების პირმშოა და იმ შუალედში არსებობს, როცა ასეთი შეგრძნებები მეუფლება.
პოეზია აღწერს სრულყოფილ მოძრაობას, ამოთქვამს სრულყოფილ სიტყვებს, ქმნის სრულყოფილ სიუჟეტს, რომელიც არასდროს მომხდარა თითქოს, მაგრამ ის მოხდა წამიერად, როცა ჩემი შინაგანი სიტყვა ჩემს გარეგნულ სიტყვას დაემთხვა, მაშინ როცა ჩემი მოძრაობა ჩემს შინაგან ნაბიჯს დაემთხვა, სადღაც არარსებულ სივრცეში და დროში, ამ დროის გარეთ, ამ სარკეების მიღმა.
პოეზია ზედაპირის სიცრუის საპირისპირო რეალობას ქმნის.
ის ზედაპირის სიცრუის დაძლევის ცდაა.

სიზმრის ორი განზომილება

თითქოს ვიღაც ჩვენ მაგივრად ცხოვრობს ჩვენს ცხოვრებას და ვერაფერს შევუსწორებთ, ვერაფერს ვაიძულებთ, სანამ არ დამთავრდება ყველაფერი, ისე როგორც სიზმარში. ჩვენ არა მარტო სიზმარში ვართ უძლურები, რამე შევცვალოთ, არამედ ცხოვრებაშიც, მაგრამ ცხოვრებაში, სიზმრისგან განსხვავებით, გვგონია, თვითონ ვწყვეტთ რამეს. დრო რომ გადის, ვხვდებით, თითქოს სიზმრისეული ლოგიკით განვითარდა ყველაფერი და სადღაც მოვხვდით, უცხო ადგილზე, სადაც არც წასვლა გვინდოდა და არც მოხვედრა. ადამიანი, სადაც არ უნდა წავიდეს, განა მუდამ «სხვაგან» არ ხვდება? ადამიანი ვისთანაც არ უნდა მივიდეს, განა მუდამ «სხვასთან» არ ამოყოფს თავს? ის არც იმ ადგილზე მიდიოდა, სადაც მივიდა და არც იმასთან მიდიოდა, ვისთანაც მივიდა.

***
მე ვერ ვფიქრობ ადამიანზე განსაზღვრულად , ასეთი ტერმინებით: კარგი, ცუდი, ბოროტი, კეთილი. (ამ სიტყვებს იყენებენ, როცა უნდათ დაახასიათონ ადამიანი, მოიცვან, განსაზღვრონ.) რაღაც ამის იქით მინდა დავინახო. ადამიანი განსაზღვრების გარეშე დგას, ის განსაზღვრებებს უსხლტება ღმერთის მსგავსად. ადამიანი ღმერთივით განუსაზღვრელია, რომ შემეძლოს ადამიანის განსაზღვრა ბოლომდე, ვგულისხმობ საკუთარი თავის განსაზღვრას, მაშინ ღმერთზეც ყველაფერი მეცოდინებოდა.

***
სიყვარულს ვერც დაგეგმავ, ვერც აიცილებ. სწორედ იქ ამოყოფ თავს, სადაც არასდროს არ იფიქრებდი, რომ მოხვდებოდი. ეს ცუდიც არის და კარგიც. კარგია იმიტომ რომ ყოვედღიურობის ერთფეროვნებიდან ამოგაგდებს, სხვა განზომილებაში გისვრის, სადაც სხვა ფერები, სხვა ცა და სხვანაირი დროს მდინარებაა.
ცუდია იმიტომ, როცა ამ მოვლენიდან ამოვარდები, ნაბახუსევით ხარ. როგორც მთვრალი გამოფხიზლების შემდეგ ხედავს მილეწ-მოლეწილ ჭურჭელს, თავის გატეხილ ცხვირს და ვერაფრით იხსენებს, ეს როგორ ჩაიდინა. ასე ემართება ადამიანს რომელმაც ჯადოსნურ წრეს თავი დააღწია.

წასვლა

სრულ სიცარიელეში უნდა დავრჩე, სიტყვები რომ ამომივიდეს პირიდან. უნდა შევიძულო ყველაფერი, რაც კი დამიწერია, ისე როგორც საკუთარი თავი. განწირული რომ იწყებს ხროტინს, ნახევრად მომაკვდავი, გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებს-ასე იწყება ჩემთვის წერა, როგორც განწირულის აღსარება, შელოცვა, შერიგება ტკივილთან.
ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მკვდარი ვარ და აქ ცოცხლებში მხოლოდ ჩემი სულია და ვერაფრით ვხვდები, რას აკეთებენ სხვები, რა უხარიათ? რაზე სწუხან? რა უნდათ? არც სიტყვები ესმით ჩემი თითქოს, მათი სიტყვები კი მესმის, მაგრამ რად გინდა, თითქოს რომელიღაც მკვდარ ენაზე ლაპარაკობენ. მათი არც ერთი აზრი, არც ერთი სიტყვა ჩემში არაფერს აღძრავს, ერთი შეგრძნების გარდა: სწრაფად გავეცალო იქაურობას და წავიდე იქ- წარმოსახულ სივრცეში, არარსებულ ადამიანებთან, რომლებსაც ჩემი სიტყვები ძერწავენ.

***
უცებ ყველა რომ დამეთანხმოს, მიმიღოს და ჩემს ჭკუაზე დადგეს, ეს იგივე იქნებოდა ჩემთვის, რაც შეშლილი, ფანატიკოსი მთამსვლელისთვის, მთელი დედამიწა, მისი მწვერვალები, უცებ დაბლობად და ვაკედ რომ იქცნენ, (ამაზე დიდი უბედურება რა უნდა ყოფილიყო მისთვის?) უარი და უარყოფა უფრო მაძლიერებს, მიყვარს კედელი რომაა ჩემს წინ აღმართული და მე ვცდილობ დავანგრიო, გაღებულ კარში რა უნდა გავაკეთო, წარმოდგენა არ მაქვს—ალბათ უნდა შევიდე, მაგრამ მე წინააღმდეგობა მხიბლავს. წინააღმდეგობებში და უარყოფებშია ჩემი ძალა და რწმენის საიდუმლო. ჩემი საქმე არ არის სამოთხის ბაღში სეირნობა, ჩემი საქმე, ჩემი გზა, სამოთხის მოძებნაა, სხვების მეშვეობით საკუთარ თავში. ეს გზა კი იმ წამსვე დასრულდება, როცა მისი კონტურები რეალური გახდება.


***
ადამიანი თავისი არჩევანის ჩრდილია. ადამიანის ხასიათიც არჩევანში შედის, როგორც საათში წამები, წუთები. ის გარკვეულ მუდმივობას გულისხმობს, სხვანაირად არჩევანი არ არსებობს. თუ ქმედებების მუდმივობა არ არის, მაშინ ადამიანი გზაჯვარედინზე მდგომ კაცს ემსგავსება, რომელიც წავა ერთი მიმართულებით და ყოყმანით უკან ბრუნდება, მერე სხვა მიმართულებით მიდის და ისევ უკან ბრუნდება და ასე უსასრულობამდე. ეს არჩევანი კი არა, არჩევნის შეუძლებლობაა. არჩევანი მიმართულებაა, ხაზია, გზაა, რომელიც გაივლის ყველანაირ გზას, უფსკრულებზე დებს ხიდებს, მეორე გზის ნახევარზე რომ გადავიდეს. არჩევანი ხედვა და მოძრაობაა ერთი მიმართულებით, მიუხედავად იმისა, ჩანს, თუ არა გზის დასასრული, ან სულაც გზა.
***
სხვისი თვალებით რომ დაგვანახა საკუთარი თავი, მოქმედება გაგვიჭირდებოდა. კიდევ კარგი რომ ყველაფერს ვერ ვხედავთ სხვისი თვალებით, ან გვიან ვხედავთ, თორემ გული გაგვისკდებოდა. ადამიანი თავის თავის და თავის აზრების სარკედ რომ იქცეს და ყოველი ნიუანსი თავის მოქმედების, მის თავში მორიალე აზრების გაიაზროს, ის საერთოდ ვერ შეძლებდა მოქმედებას. ყოყმანის გზაჯვარედინზე დარჩებოდა სამარადისოდ, ან მადამ ტიუსოს მუზეუმის ცვილის ფიგურასავით გაშეშდებოდა, ცვილის ფიგურასავით, რომელიც თითქოს რაღაც მოქმედებას აპირებს და მაინც არასდროს მოჰყვება, ამ მოქმედების დაპირებას მისი ამოძრავება.


გალაკტიონი

შეუძლებელია, ადამიანს ასეთი სიმაღლის პოეზია შეექმნა და ის ყოფილიყო ინფანტილი, კაცი რომელსაც ამა სოფლის არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა. პირიქით, მის პოეზია რეალობის დამაბრმავებელმა შუქმა წარმოშვა. ის იმდენად ახლოს იდგა საგნების, მოვლენების, რეალობის სულთან, რომ რეალობა მას სახეზე ჰქონდა აფარებული, რეალობა უდაბნოს ქვიშასავით ცხვირის ნესტოებს და თვალებს უვსებდა. მისმა სულმა როგორც ტალღოვანმა ენერგიამ ყველა მოვლენა, საგანი გაიარა, და უკანვე დაუბრუნდა მას, გარდაქმნილი და მოელვარე. მისი პოეზია რეალობასთან უძლიერესი შეჯახების შედეგად წარმოიშვა. ისე როგორც დედამიწასთან დიდი მეტეორის შეჯახების შედეგად წარმოიშობა ღრმულები, გადამწვარ ტყეები, უცხო შენადნობები.

***
ადამიანის ცხოვრება მოგზაურობაა არარსებულ საზღვრისკენ, ამ არარსებული საზღვრის გარეშე, ჩვენ სული შეგვეხუთებოდა და ვერ ვისუნთქებდით.
ეს არის „საზღვარი“, რომელიც ადამიანს სამოთხეს (ჯოჯოხეთს) აშორებს. რეალობიდან გაქცევა, ამ არარსებულ საზღვრისკენ სწრაფვა, რეალობის აბობოქრებას და გამძვინვარებას იწვევს, რეალობა ალესილ სამართებლად იქცევა, როცა მას გაურბიან, წინ ხვდება ადამიანს და უხილავი ხელით ყელში გამოესმება. რეალობას უყვარს როცა ეთამაშებიან,( რეალობა კატაა, ადამიანი თაგვი) მაგრამ როცა მის მიტოვებას ცდილობენ, ის მძვინვარე ურჩხულად გადაიქცევა და გაქცევის მოსურნეს წინ დახვდება.

დავიწყება

ადამიანის დამახსოვრებული მოვლენები, სახეები დროთა განმავლობაში იცვლება, ეროზიას განიცდის, ან სხვა მოვლენების მეზობლობის შედეგად სრულიად სხვა “შენადნობად“ ყალიბდება. სიზმრები თითქოს უდაბნოს დიუნებივით გადაადგილებენ დამახსოვრებულ რეალობას, რაღაც ნაწილს მოგლეჯენ, რაღაც ნაწილს სხვა მოვლენიდან უმატებენ და ჩვენ, გამოღვიძებულებს, გვიჭირს, გავარჩიოთ, რა სახის იყო წარსული, მასზე უამრავი დანალექია ახალი რეალობისგან, სიზმრები სიურეალისტი მხატვარივით უადგილო ადგილას გამოაბავს თავს და ხელ-ფეხს ხსოვნაში არსებული წარსულის სხეულს. საბოლოოდ, ადამიანს რეალური წარსული კი არა, უამრავი ნიუანსით გადახალისებული და შეცვლილი წარსული  „რეალობა“ წარმოუდგება თვალწინ—ქიმერა, ურჩხული, რომელსაც თითქოს და ნაცნობი თავი აქვს, მაგრამ სრულიად უცხო ტანი და კიდევ მეტიც, შეიძლება, პეპლის ფრთებითაც იყოს შემოსილი, რომელითაც რეალურ წარსულში ვერასდროს გავფრინდებით.

ვინ სცემს დონ კიხოტს?

დონ კიხოტს სცემს მისივე შეცვლილი რეალობა. მის ცნობიერებაში შეცვლილი რეალობა ათასთავიანი ურჩხულია, რომლის თავების ჭრით დონ კიხოტი არასდროს იღლება. არარსებული ურჩხულის თავები, არარსებული რაინდი, არარსებული სატრფო. რა არის იქ რეალური? რეალური არის გზა, რომელსაც ის, თავის სულში გადის, რომელიც უფრო გამძლე გამოდგა, ვიდრე რომაელების ქვაფენილიანი გზა თუ თანამედროვე ბეტონის გზატკეცილი. ის გზები იცვითება, ინგრევა, დონ კიხოტის გზა კი მუდამ ჰგიებს, როგორც ყველა გზის ალტერნატივა, როგორც ყველა გზის პირველსახე. ეს არის გზა, რომელზეც არავინ დადის, ეს არის სარკე, რომელზეც მხოლოდ ადამიანის ოცნებები პროეცირდებიან. ადამიანის სული იბადება ამ გზაზე.

***
მე აღვწერ ამბავს, რომელიც თითქოს ყველას გადახდა თავს, მაგრამ ამ ამბავს, კონკრეტული, მკვეთრი მოხაზულობა არა აქვს ღრუბლებივით. როცა ადამიანი კითხულობს, მისი სულის ფორმას იღებს, ისე როგორც ღრუბლები, როცა მათ დაჟინებით უმზერენ-ხან აქლემებს ჰგვანან, ხან ადამიანს, ხან ლომს, ხან რას. ის პოტენციური ფორმაა, არარსებული, ის მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როცა მონათესავე, მგძნობიარე სული მიუახლოვდება და მის პირად ამბავად იქცევა.

***
რა ვარ, ან ვინ ვარ, გზადაგზა ვარკვევ. რომ ვიცოდე ვინ ვარ და რა მინდა, არასდროს არაფერს დავწერდი.
სხვადასხვა მიმართულების და მსოფლმხედველობის ხალხი ისე ლაპარაკობს, ვითომ ღმერთი გამოეცხადათ და უთხრა რომ სწორია, რასაც ლაპარაკობენ, რასაც აკეთებენ. მე კი ასეთი მოცემულობები არ გამაჩნია. სახელი რომ მქვია გოჩა, ისიც ვერ გამირკვევია რატომ მქვია და აქლემის კუზივით დამაქვს.
ან ვინ არიან ეს სახელჩამოცმული ადამიანები, წარმოდგენა არა მაქვს. მთელი სამყარო ჩემთვის შიშველია, სახელების და ღირებულებების გარეშე. ამ სამყაროში ყოველდღე ისე შევდივარ როგორც სიზმარში და ყველაფერი მეუცხოვება.

ჯვარცმა

ახალგაზრდა კაცი მხვდება ამ დილით, უფრო ბიჭი ეთქმის. მაჩერებს.. ცდილობს, რაღაც ამიხსნას. მე ვჩქარობ, ბიბლიოთეკაში მივდივარ, ათასმეერთედ უნდა წავიკითხო რაღაც ჯანდაბა. მაგრამ ვატყობ, იოლად თავს ვერ დავიხსნი. ვუსმენ: ფეხსაცმლის ხელოსანთან ვიყავი, ტყავი არ მაქვსო, ასე მითხრა. (ვერაფერს ვიგებ, ვიბნევი.) იღებს უბიდან პლასტიკატში ჩასმულ თეთრ ფურცელს, ზუსტად პირადობის მოწმობის ზომისაა და ვხედავ, ლოცვა წერია ამ ფურცელზე, სულ წერტილისოდენა, მოყვითალო ჯვარცმაა ლოცვის დასაწყისში მიხატული. (ხატების გამყიდველი მგონია.) მინდა, ტყავის ბუდეში ჩავსვა ჯვარცმაო, არადა ტყავის ბუდეში რომ ჩასვას, ლოცვა აღარ გამოჩნდება, მხოლოდ წერტილი გამოჩნდება ჯვარცმის. ვატყობ რომ სულიერად ავადაა..( ისეთი უმანკოება და თვინიერება მოდის ამ ადამიანიდან, ფეხდანაბიჯებ ბალახს რომ აქვს, ისეთი.)
მერე იღებს ღვთისმშობლის ხატს უბიდან, უფრო სწორად, ფურცელს, ტყავში აქვს ჩასმული. აი. ასე მინდა, ჩავსვა ისიცო. მე ვასწავლი, თუ სადაა კიდევ სხვა ფეხსაცმლის ხელოსანი, ვატყობ, ვერ იგებს ადგილს, სადაც ეს სახელოსნოა, მისთვის მიუწვდომელია, მისთვის გაუგებარია, არადა ზუსტად ორ ნაბიჯზეა და ვერც ვერასდროს მიაგნებს, ვხვდები. გული მეწურება. რაღაცას დუდუნებს, თითქოს პეპელასავით ობობას ქსელში არის გაბმული და ფრთხიალებს, ფრთხიალებს და დაჟინებით დაშტერებია ჯვარცმის წერტილს, ლოცვაზე გამოსახულს, რომლის ტყავის ბუდეშიც ჩასმა უნდა. ერთი კი ვიფიქრე, გავყვები, ვასწავლი და თვითონ ვეტყვი, რომ გაუკეთოს-თქო, მაგრამ იმ ფიქრმა სწრაფად ჩამიარა, ისე, რომ ვერ მოვეჭიდე. ვტოვებ დაბნეულს იმ ადამიანს, რომლისთვის ოთხივე მიმართულება გზის არაფერს ლაპარაკობს, არაფერს ნიშნავს და მივდივარ. მაგრამ სევდამ დამამძიმა და ჩემი თავი შემძულდა, სად მივდივარ? ნუთუ ნამდვილი წიგნი არ შემხვდა იმ კაცის სახით? მე კი სასწრაფოდ, ფაციფუცით დავხურე და მივაშურე ბიბლიოთეკას, სადაც კვირა დღეს მხოლოდ მე და ჩემსავით მარტოსული ვირთხა ფაჩუნობს.

***
რა კარგია, რომ არ იცნობენ ადამიანები საკუთარ თავს, რა კარგია, რომ სხვებსაც არ იცნობენ, სხვაგვარად ხომ არ იარსებებდა ეს სიზმრების სამყარო. ასე სიბნელეში, იმპულსურად აწყდებიან ერთმანეთს შურით, სიყვარულით, სიძულვილით. საკუთარი თავი რომ შეეცნო ადამიანს, აღმოაჩენდა, ყველა სხეული მისი სხეულია, ყველა თვალი მისი თვალია, ყველა სიყვარული და სიძულვილი, რაც არსებობს, მისია და აქ სხვა არავინაა, მის გარდა, ვისაც შეეძლო, ეს დაენახა, ეს ეთქვა. სხვები, ეს მე ვარ უსასრულო დროში პერსონაჟებად დაშლილი. შეიძლება, დღეს ერთი პერსონაჟი მომწონს, მის როლში შევდივარ, მაგრამ დროის უსასრულო სცენაზე ჩემს მიერ ყველა პერსონაჟი გათამაშდება, სულ შემთხვევითაა ის მზერა, რომელიც ახლა მე მიყურებს, რომ მე არა ვარ, მაგრამ ოდესმე აუცილებლად ვიქნები.
არჩევანი
სულ ვფიქრობ, რაა საჭირო რომ პოეტად იქცეს კაცი, ნამდვილ პოეტად. (გარდა ნიჭისა.)
ჩემი აზრი ასეთია, უნდა გაქრეს სხვა ყველაფერი, ყველა და ყველაფერი, საგნები, ადამიანები შენთვის, რომ მერე პოეზიაში შეძლოს გაცოცხლება. მარტოობა ისეთივე აუცილებელია ამ საქმისთვის, როგორც ჰაერი. მიტოვება და მიტოვებულობის შეგრძნება ისეთივე აუცილებელია, როგორც მიწა. უმეგობრობის სასტიკი შეგრძნება ისევე აუცილებელია, როგორც წყალი და საკვები. უპასუხო გრძნობა ისეთივე აუცილებელია, როგორც ცა, როგორც ვარსკვლავები, როგორც ღრუბლები, როგორც გაზაფხულზე ატმების აბრიალება.

***
ყველაფერი ცვდება: ჩვენი დარდები, ჩვენი გრძნობები, ჩვენი სხეულები, საგნები- რომელიც აღგვაფრთოვანებდა. ერთადერთი რაც რჩება- გაკვირვება, დაბნეულობა ამ ყველაფრით. პირდაღებულნი ვტოვებთ ამ საწუთროს. თითქოსდა გამოცდილება კი არ მივიღეთ, რამე კი არ გავიგეთ- ის ბოლო ფურცელი, სამყაროს წიგნში, რომელზეც ყველაფერი ეწერებოდა,რომელსაც გვეგონა რომ მივაგნებდით, ცარიელი აღმოჩნდა. ჩვენი ცხოვრება კი სიზმრის ფრაგმენტებივით აქროლადი.

***
გუშინ შემთხვევით, სოფელში უცნაურ ხმებს მოვკარი ყური, ხიდან, ასე რამდენიმე მეტრის დაშორებით, რაღაც საშუალოს ბაყაყის ყიყინსა და ჭრიჭინას ჭრიჭინს შორის. მალევე, ორმოცდაათიოდე მეტრის დაშორებით, ასეთივე ხმები გაისმა. დავიბენი, ჭრიჭინების სეზონი უკვე აღარ არის, ბაყაყისგანაც კი ეს ხმა განსხვავდება. ვეკითხები დედას, ეს რა ხმაა? ხის ბაყაყია, მპასუხობს.
სოფელში დავიბადე და გავიზარდე და აქამდე არასდროს მიმიქცევია ყურადღება ამ ხმისთვის. უცნაურია, რამდენი ხმა და ფერია, რამდენი ფორმაა ყვავილის, მცენარის, ან რამდენი სახეობაა ფრინველის, მწერის, რასაც არასდროს დავაკვირდებით და შეუმჩნევლად გვერდს ავუვლით.

***
ყველაფერი ჩემს რაც გარეთაა, საშინელ ტკივილს მაყენებს: ადამიანები, მათი საუბრები, ურთიერთობები, გარდა ბუნებისა. ახლა განსაკუთრებით ფერები მომწონს, მეწამული, ყვითელი, მთელი ფერების პალიტრა. ასტრებს ჯერ კიდევ აქვთ ძალა, მზისკენ მიტრიალდენ,
ჯერ კიდევ ცოცხლობენ.


ჩრდილის დაბრუნება

ხალხი ფიქრობს რომ პოეტს ცხოვრების არაფერი გაეგება, სინამდვილეში პოეტმა ცხოვრების წუმპე კარგად იცის, იმათზე კარგადაც კი, ვისაც ის გულუბრყვილო ჰგონია, მაგრამ ის მაინც დაჟინებით სხვაგან იყურება, თუნდაც «ვარსკვლავებისკენ». ეს «სხვაგან» არის მიმართულება, ფარული არსი ყველა ადამიანის. ვუწოდოთ მას ბავშვური სული, უმანკოება, სიწმინდე, სიცარიელე (ბუდისტური გაგებით). სწორედ ეს ხდის პოეზიას მარადიულ ღირებულებად, ადამიანის განუშორებელ ჩრდილად, მიუხედავად იმისა ეს ჩრდილი შეიძლება დამოკლდეს უკიდურესად, შეიძლება უზარმაზარი გახდეს, მაგრამ სრულად ის მხოლოდ სრულ სიბნელეში უჩინარდება. სწორედ ამ უკიდურესი სიბნელის დროს იბადება პოეზია, როგორც სული, როგორც დაისის წინ გაჩენილი ჩრდილი, იმ იმედით რომ სხეულის გარეშეც იცოცხლებს.

***
რეალობა დამღლელი, საშიში, ჩვენი მოლოდინების და იმედების საპირისპიროა, როგორიც ჭკვიანი არ უნდა იყო და იცოდე ეს სამყარო არა სიხარულის და ბედნიერების ბაღი, ვიღაც მაინც შენში, შენს უკითხავად თხზავს სასიხარულო მოლოდინებს, არარეალურ ხატებს, თუმცა ზუსტად ისეთიც რომ იყოს რეალობა როგორც ჩვენ გვინდა, (ან მას, ვინც ჩვენს უკითხავად, ინერციით ქმნის აბსტრაქციებს ჩვენში.) ჩვენი განწყობები მაინც არ შეიცვლებიან. მწუხარება- სიხარული ზღვის მიქცევ-მოქცევასავითა და სულაც არაა დამოკიდებული რეალობის ჩვენთან შესაბამისობაში, ან განხეთქილებაში ყოფნასთან. უცნაური არსებები ვართ.

***
იანვრის დასაწყისი იყო, თუ დეკემბრის შუა რიცხვები. რატომღაც გარეთ გამოვედი, გავაღე ჭიშკარი. მეზობლის მოპირდაპირე ეზოში, მაღალ ხეზე ასული, სისხლისფერი ვარდები დავინახე, ფიფქები რომ ეცემოდა ნება-ნება. დიდი, მძიმე ფიფქები. დრო გაჩერდა, თითქოს დაკარგული ჩემი სული ვიპოვე და ის ელვისებურად ჩემს ცნობიერებაში, ჩემს გულში ჩაესვენა. გაოგნებული ვუყურებდი რაღაც სასწაულს, რომელიც განვიცადე და არ შემიძლია გადმოვცე არანაირად. ეს იყო დაუცველი მშვენიერება, დიადი რამ, თითქოს იმისთვის ჰყვაოდა, მხოლოდ მე რომ დამენახა, ის, რაც მიუწვდომელია, რაც მხოლოდ ცრემლით იზომება და მხოლოდ მარტოობაში გაკრთება. ამის მერე ამ სურათს არასდროს დავუტოვებივარ. დროდადრო გაიელვებს ხოლმე ჩემში, ჩემს კუნაპეტს გაანათებს, თითქოს ჩემში ღამე არასდროს ყოფილა და თუ ისევ არის ღამე, მხოლოდ იმისთვის, რომ ამ სურათმა გაიელვოს დროდადრო.

***
ლექსის ტრანსფორმაცია, ლექსზე მუშაობის პროცესი, აი, ყველაზე საინტერესო რამ პოეზიაში. ეს არის პოეტის ნეტარება და ჯოჯოხეთი. ამ დროს პოეტში ვლინდება დიდი ინტენსივობა, რომლის გამოვლენა მას აძლევს რწმენას, რომ რაღაც მარადიულს, სრულყოფილს, წარუვალს უახლოვდება და ეს მოახლოებული «ობიექტი», გასიტყვებული საკუთარი თავია, რომელიც მას გამუდმებით სხვად და შორეულად ეჩვენებოდა.

***
როცა სიზმარში ვარ, არაფერი არ მეუბნება იმას, რომ ეს სიზმარია, რომ ეს არარეალურია. გუშინ ღამეს, სიზმარში ვხედავდი დამრეც მინდორს, ისე როგორც ჩემს სოფელშია, ველზე უჩვეულოდ დიდი ზომის სამყურას თეთრ ყვავილებს, ოდნავ იისფერი რომ დაჰკრავდათ, ნისლს, წვრილ წვიმას, ჟინჟლს რომ ეძახიან. ეს უფრო რეალური იყო, ვიდრე ის, რასაც ყოველდღე ვხედავ. წარმოუდგენელი ფერები, წარმოუდგენელი რეალობის შეგრძნება. ხანდახან ბავშვობაში დამინახავს ასეთი გამჭოლი სამყარო სიფხიზლეში, მაგრამ მალევე იფარებოდა ჩემი ხედვისგან.




***
გუშინ ღამე სიზმარში იმას გავყვიროდი, რასაც ცხადში სულ ვფიქრობ: რაზე გავჩნდი, რაზე გამაჩინემეთქი?... ოღონდ აღარ მახსოვს, ვის მივმართავდი: დედას, მამას თუ ღმერთს. ეს სამი ვიღაც ერთად ქცეულიყო, უსახოდ, უპიროვნოდ, უსახელოდ. ვიცოდი, რომ "ის" არ მისმენდა, ვერ მხედავდა. არც ყური ჰქონდა, რომ მოესმინა, არც თვალი, რომ დავენახე. თავი ისე მოჰქონდა, თითქოს არ არსებობდა და არც არასდროს უარსებია.


***

ყველა მართალი იყო ჩემთან, ერთი მე აღმოვჩნდი მტყუანი და სულელი ყველაფერში, ბრმა, რომელიც წინ ვერაფერს ხედავს. და ხარ საზიზღარ სიცარიელეში, როგორც ნული, რომელიც დანარჩენმა რიცხვებმა მიატოვეს.











                 






ფიქრები პოეზიაზე. მინიატურები.

შთაბეჭდილების გრადაციები

ნელ-ნელა იზრდება ჩვენი სულის ნიჟარაში ძველი შთაბეჭდილების ქვიშისგან » მარგალიტი», ძველი შთაბეჭდილების მანათობელი ვერსია, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ პოეტურ ტექსტში იწყებს ნათებას და ციმციმს.
შთაბეჭდილებები რომელიც ჩვენს სულში ინახება, იკუმშება და წერტილოვანი ხდება, (ბრაილის შრიფტს ემსგავსება). თითქოს შავ ხვრელში ხვდება და უსაშველოდ დეფორმირდება. ერთადერთი რაც რჩება შთაბეჭდილებებისგან, ეს გაღვიძების უნარია, გამჟღავდნენ გარკვეული დროის შემდეგ, სულ სხვა ელფერით და სახით. ამ შთაბეჭდილებების წერტილებს გააჩნიათ უნარი გენერაციის, წარმოქმნან თავისგან განსხვავებული შთამომავლობა, რომელიც რეაქციაში შედის არსებული შთაბეჭდილებების არქივთან. ახალი შთაბეჭდილებებიც ეწევიან მის დეფორმირებას. (ახალი შთაბეჭდილება ელვასავითაა და მეხივით ეცემა ძველი შთაბეჭდილებების ხეს, აპობს, ანახშირებს მას, ზოგჯერ ფერფლად, ზოგჯერ ალმასადაც აქცევს.) შთაბეჭდილება ბავშვივითაა, ის იცვლება, ფერიცვალებას განიცდის და შეიძლება ისეთი სახით წარმოგვიდგეს მერე, რომელიც არც არასდროს ყოფილა და არც არასდროს მომხდარა. ის ნაცნობს ჰგავს, რომელიც მრავალი წელი არ გვინახავს და მოულოდნელად სადღაც შეგვეყრება და რაღაც ნიშნებით ვცნობთ და ვერ ვცნობთ, გვაკვირვებს მისი ცვალებადობა. მაგრამ როცა შთაბეჭდილება ცოცხლდება პოეზიაში, შეიძლება მას რეალობის კაშკაშა სახე ჰქონდეს. ეს შთაბეჭდილებების დაღვინება, ფარული დუღილი, ფერიცვალება და ფერმენტაცია აუცილებელია რომ მან «ნამდვილი» სახე მიიღოს და ის ელვარებით შეიძლება ბევრჯერ სჭარბობდეს პირვანდელ შთაბეჭდილებას.

***

სრულყოფილება ღმერთივიაა, ის მიუწვდომელია. რაღაც მანძილზე მიახლოება შესაძლებელია ალბათ. შესაძლოა შთაინთქა დროებით მისით, მაგრამ ისევ გარეთ გადმოვარდები.
ლექსს როცა ვწერ, ვხედავ, რაღაც აკლია და ვიტანჯები. უამრავს ვმუშაობ. ვასწორებ, ვასწორებ. " კუზიანს სამარე გაასწორებს". ლექსი კუზიანივითაა, ბოლომდე არ სწორდება. გგონია რომ გაასწორე. გავა დრო და ისევ ნელნელა ამოდის "კუზი". შეიძლება იმოდენა არა, რაც დასაწყისში იყო, უფრო პატარა, პაწაწკინტელა. რაღაც ხინჯი სულ რჩება.


***
ოცი დღის წინ ლექსის წერა დავიწყე, რამდენიმე დღეა დავამთავრე. ის უამრავი ფრაგმენტიდან ამოიზარდა. უამრავი შემთხვევითი სიტყვიდან უკეთესი ვარიანტი უნდა ამერჩია. თანდათან ლექსის ზედაპირი გაპრიალდა, როცა ვკითხულობ ჩემი გონება სხლტება და აღარ ჩერდება სიტყვების ზედაპირზე, ეს იმის ნიშანია ლექსზე მუშაობა სრულდება. რამდენიმე დღე კიდევ მიმიზიდავს ეს ტექსტი, როცა ვეღარ დავინახავ დაბრკოლებებს, სუსტ ადგილებს ლექსში, მაშინ ლექსი იწყებს გაუცხოვებას და აღარ დამაინტერესებს, აღარ ამაღელვებს და ისევ სიცარიელე დაისადგურებს ჩემში. 

***
როცა ვწერ, უბედური ვარ, ამავე დროს უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, იმის გამო რომ უბედური ვარ. ეს უცნაური შეგრძნებაა და ჩემთვის ნაცნობ, ყველანაირ ნეტარების და ბედნიერების განცდას აღემატება.

***
ის რაც შეიძლება მომხდარიყო უფრო არსებითია, უფრო ნამდვილია იმაზე, რაც მოხდა. პოეზია ყოველთვის აქედან ამოიზრდება. ის მომხდარი მოვლენების ალტერნატივაა.


***
ლექსის წერის დროს, ვგრძნობ რომ ბედნიერი და უბედური ვარ, ერთდროულად. ციებ-ცხელებასავით ავყავარ და ჩამოვყავარ წერის პროცესს ამ საფეხურებზე, სიხარულის და ტანჯვის ელვისებური მონაცვლეობით, თითქოს დროის მანქანაში ვარ, სადაც ყველა დროს ვწვდები, უფრო მეტიც, თითქოს დროის ახალ ფორმატს ვქმნი, რომელიც ცვლის რეალობას, რომელიც ცვლის ჩემს და სხვის ცნობიერებას.

***
პოეტი, «მუნჯი ადამიანების», მოვლენების, საგნების დროებითი ბაგეა. წერის დასრულებისთანავე ყველაფერს ისევ დუმილი მოიცავს და გაუგებრობის, უვიცობის უკუნი დაფარავს.

***
პოეზიაში ერთადერთი ჭეშმარიტება არის შთაბეჭდილება. რამდენად სრულად არის გადმოცემული შთაბეჭდილება, იმდენად არის ჭეშმარიტება ლექსში და სრულყოფილების შეგრძნება. პოეტურ «ჭეშმარიტებას» მხოლოდ შთაბეჭდილების გზით შეუძლია გამოცხადება.

***
ნებისმიერი ლამაზი პოეტური ყვავილის სამშობლო უდაბნოა, სადაც არც წყალია და არც სიგრილე, სადაც მხოლოდ ოქროსფერი მოძრავი ქვიშაა, მხოლოდ გავარვარებული მზეა და უსასრულო ჰორიზონტზე მირაჟების მონაცვლეობა.

***
რა არის ყველაზე მთავარი პოეტისთვის? მე მგონი, ემპათიის უნარი.  მთლიანად ჩავარდნა მოვლენაში. შერწყმა ობიექტთან. ოღონდ ისე რომ ობიექტი უცხო კი არა, ვითომ შენც ხარ და არც ხარ შენ. არა აქვს მნიშვნელობა ვისზე წერ. ჩემი ყველა მიძღვნა, რომელიც გარდაცვლილ ადამიანებს მივუძღვენი, იმით იყო უცნაური, რომ ამ ხალხს კარგად არც ვიცნობდი და არც მეგობრები იყვნენ ჩემი. უფრო ნაცნობები ეთქმოდათ. არა აქვს მნიშვნელობა ნათესავი იყო, თუ მეზობელი. ჩემი ცხოვრების წესის გამო, მეგობარი მე არ მყოლია, არც ნათესავი. (ყოველ შემთხვევაში არც ნათესავებთან მქონია ახლო ურთიერთობა.) მაგრამ ერთი შეხედვით მათთვის, ეს უგულო ადამიანი ისე ჩავვარდებოდი ხოლმე, ჩემდა უნებურად ამ «უცხოთა» მწუხარების უფსკრულში. განწირული ვფართხალებდი იქ და ვტიროდი. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ლექსს არ დავასრულებდი.

***
პოეზია სხვაგვარად აწყობს მოვლენებს, საგნებს. მათ ამოაბრუნებს. მოვლენების, საგნების შიდა მხარე, რომელიც არ ჩანს, ყურადღებას არავინ აქცევს, ამ დროს მოტრიალდებიან ადამიანების გულის მხარეს, ისე რომ ეს შემოტრიალება ყველას ბუნებრივი ჰგონია. სინამდვილეში ეს ხელოვნური კონსტრუქციაა, რომლის მეშვეობით ხანდახან ვიცით, ვინ ვართ. სად ვართ. მაგრამ როცა ეს ცოდნის, აღფრთოვანების შეგრძნება მთავრდება, ის რაც სიტყვებშია გადმოცემული, კვლავ ჩაკეტილი რჩება, იმალება, უპირველესად მისგან, ვინც ეს კონსტრუქციაა ააგო.

***
არაფერი ვიცოდი დაბადებისას, არც დასასრულის ჟამს მეცოდინება რამე.
გაკვირვებისგანაც დავიღალე. (ეს საოცრებაა! ის საოცრებაა! რა კარგად შეგიქმნია ღმერთო! ან რა საშინელება დაგიტრიალებია!)
მწამს ღმერთი, მაგრამ არ მესმის მისი არაფერი, ბოლომდე.
ისე ვარ, როგორც ახალშობილი პირველად, თვალებგახელისას.
ეს ვერ გაგება, მაძლევს ძალას.
ამ ვერგაგებაში, სიბრმავეში და დაბნეულობაში ზოგჯერ მეჩვენება რომ რაღაც მესმის, რაღაც გავიგე.
და რა გავიგე? ეს ძალზე რთულია გადმოსაცემად, სათქმელად. მაგრამ ვცდილობ მაინც გამოვთქვა და აღვწერო ეს განცდა, როცა ვწერ.

***
ლექსს აქვს სტრუქტურა, გაჩენის, დაბადების წინა პირობები, გავლენები, ცვალებადი მატერია, საზომი, ლექსიკა, ინტონაციები, მთელი ქაოსი, რომელიც სუდარასავით გარს ეკვრის პოეტს. მართლა ლაზარე უნდა იყო, რომ ამ სიბნელიდან ცოცხალი გამოხვიდე, იმ სიბნელიდან, სადაც ლაზარე და ქრისტეც შენ ხარ. სუდარის შიგნიდან ეძახი შენს თავს: გამოდი გარეთ!

***
ჩვეულებრივ ხეს საუკეთესო პირობები სჭირდება, ნაყოფი რომ გამოიღოს. პოეზიის ხე კი ამ მხრივ რადიკალურად განსხვავდება, მას სრულიად სხვა პირობები სჭირდება, რომ იყვავილოს და ნაყოფი მოისხას. მიწის ნაცვლად კლდე, წყლის ნაცვლად გვალვა, წყლით დამძიმებული ღრუბლის ნაცვლად კალიების ღრუბელი-ეს არის პოეზიის ნიადაგი, რომელიც ნაყოფს იძლევა.

***
პოეტი, რომელიც სხვაგვარად ხედავს, არ ჰყავს იგივე კერპები, რაც ლიტერატორების უმრავლესობას, ამბობს სიმართლეს, ითვლება კეთროვნად თავისივე წრეში და ყველა ცდილობს მისგან თავი შორს დაიჭიროს. ხალხი რომელიც თითქოს თავისუფლად უნდა აზროვნებდეს, მუცლის გამო საშინელ დღეში არიან. იძულებულნი არიან ჯოგებად გადაადგილდენ და ასე შეერკინონ ბედისწერას. დახედეთ მათ ჯგუფურ ფოტოებს, თავი იეღოველების ჟურნალში, ან ოცდაათიანი წლების კომუნისტურ გაზეთში გეგონებათ. უზომოდ ბედნიერები და გაბადრულები, სიყვარულით სავსენი. თითქოს სამოთხის ბაღიდანაა მათი რეპორტაჟი.
რა საცოდავია ადამიანი.


***
დღევანდელ ლიტერატურულ სამყაროში მლიქვნელობა, მუცელზე ხოხვა, სიცრუე, თავხედობა, ეშმაკობა, უსინდისობა, გულქვაობა ისევე სჭირდება მწერალს, როგორც შუასაუკუნეების მეომარს ცხენი, აბჯარი, შუბი, ხმალი და მუზარადი. ნიჭიერება მეათეხარისხოვანია, მე მგონი ზედმეტიც კი. უფრო მეტიც ხელისშემშლელიცაა. იმიტომ რომ დიდი მწერალი, პოეტი თავისი ბუნებით ხომ ყოველთვის დაუცველი და შიშველია, ამ თავიდან-ფეხებამდე აღჭურვილ “რაინდებში”.

***
ლექსის წერა ილუზიათაგან განთავისუფლებაა, ეს არის მტკივნეული პროცესი, ამავე დროს უცნაური სიხარულის მომნიჭებელი- დაამსხვრიო ის, რაც გამოძრავებდა, გაუკეთო დეკონსტრუქცია მას, რაც გზას გინათებდა, ლექსების წერა საგნებისგან გათავისუფლებაა, იმ საგნებისგან რასაც ჩვენი სული შეეხორცა.

თიხა და სული

პოეტი კონდესირებას უკეთებს მოვლენებს, წნეხავს ისე, როგორც ჭვარტლს წნეხენ და ალმასს იღებენ. ის შეკუმშულად წარმოადგენს სიმართლეს, რომელიც თითქოს არადროს მომხდარა, მაგრამ ყველა მომხდარ მოვლენაზე რეალურად გამოიყურება იმიტომ, რომ ეს არის ეიდოსური სიმართლე, სიმართლე, რომელიც სადღაც მოხდა, დროის და სივრცის გარეთ და გამუდმებით მეორდება სხვადასხვა სახისა და ადამიანების ცხოვრებაში. ლექსი ეს არის შინაგანი, დაფარული სიმართლე, რომელიც მუდმივად გამეორებადია. მზესავითაა და ჩვენი ცხოვრებას ატრიალებს თავის გარშემო, მაგრამ მას ვერასოდეს მივუახლოვდებით, შეიძლება ზოგი უფრო ახლოს მივიდეს, მაგრამ ცოცხალი ადამიანი იდეალური ცხოვრებისგან შორს დგას
და არ შეუძლია იყოს ისე ჰაეროვანი, როგორც დიდი რომანების ან ლირიკის პერსონაჟები არიან. ჩვენში უფრო მეტი თიხაა, ისინი უფრო ღრუბლებისგან და ეთეროვანი მატერიისგან არიან ნაგები, მაგრამ ჩვენ ყველა ვოცნებობთ ასეთ ცხოვრებაზე და ასეთ სიკვდილზე. ადამიანი ზედმეტად დამიწებულია იმისთვის, რომ იდეალურ სამყაროში შეაბიჯოს. ის პავლე მოციქულივით დროებით შეიძლება ატაცებული იქნას მესამე ცამდე, ან მეეცხრემდე, მაგრამ მას არ შეუძლია, სულ ამ შთაბეჭდილებების ქვეშ იცხოვროს, ეს მის ძალებს აღემატება. ნამდვილი ნაწარმოები არაფერია, თუ არა სიცრუიდან თავის დაღწევის ცდა, ანუ იმის დანახვა, რისი დანახვაც ადამიანს არ შეუძლია, ან არ უნდა დაინახოს ის, რაც დაფარულია, მხოლოდ ხანდახან გაიელვებს ჩვენ წინ მოჩვენებასავით ან სიზმარივით. ის რაღაც სიზმრისეულის ხორცშესხმაა და მატერიალურის ეთერულად ქცევაა, ეს არის ნამდვილი სიცოცხლის პროექტი, რომლის განხორციელება, გამუდმებით გადაიდება. ის ჰორიზონტივით გამხლტომი იდეაა, ის ”შეუძლებელი” ყოველგვარი არსებულის და არარსებულის გულისგულია, დიდი ალმასის მსგავსი ბირთვია, სადაც ჩვენი სინათლე შედის და ათასმაგი ბრწინვალებით გამოკაშკაშდება ჩვენი სიცოცხლის სიბნელიდან და ჩვენვე გვანცვიფრებს ელვარებით და ყელზე ალესილი დანის წვერივით მიდებული, მჭრელი და შეღწევადი სიმართლით. შემოქმედება არაფერია, თუ არა მოხმობა. ყველაფერი, რაც კარგი შექმნილა, მხოლოდ შეუთანხმებლობის და ვერშეხვედრის ექოა. ეს არის დაკარგული სამოთხის ექო, ანუ ის, რაც შეიძლება ყოფილიყო და მაინც თითქოს არასდროს ყოფილა, ან თუ ყოფილა, მაშინ ეს მისი ექოებია, ჩვენამდე მოღწეული ტურბულენტური, დიდი შემოქმედების სახით.

***
ბოდვის და სიცხადის ზღვარზე მოძრაობენ დიდი პოეტები და მწერლები.
დიდი ვნებების გარეშე არა თუ შემოქმედება, ღმერთან მიახლოვებაც შეუძლებელია. ის ერთადერთი საწვავია, რომელიც ჩვენ ამა თუ იმ მიმართულებით გადაგვაადგილებს.
დიდი ვნებები თუ არ არის ადამიანში, არ იქნება არც მოძრაობა, არც ქარიშხალი, არც პოეზია, არც აზროვნება, არც გზა, ლაბირინთიდან გარეთ რომ გამოაღწევს.

***
მწერლობა ჩვენთან— ეს არის ნებაყოფილობითი შეშლილობა.
ეს ნიშნავს იმას, რომ კაცმა იცის, რომ გიჟი არააა და მაინც თავს იგიჟიანებს. (ისე რომელმა გიჟმა იცის რომ გიჟია? ის სრულიად სერიოზულია თავის სიტყვებში და საქმეებში. აი, მწერალს და მოაზროვნეს ამის ბედნიერებაც კი არა აქვს, ის არაფერშია დარწმუნებული. არც თავის სიგიჟეში, არც თავის ჭკუათმყოფლობაში.) მწერალი ისეთივე ზედმეტია, როგორც ზაფხულში ფანჯარაში შემოფრენილი ბუზი, რომელიც უკან გასასვლელს ვერ პოულობს. (ვიტგენშტეინის საყვარელი მეტაფორა). პრინციპში დიდი ლიტერატურა არაფერია, თუ არა გასასვლელის ძიება, ხაფანგიდან თავის დაღწევის ცდა.


მცირე ინსტრუქცია ფრენის მსურველებისათვის.

ახალდაწერილმა ლექსმა, მცირე ეიფორიის და აღფრთოვანების შემდეგ, შეცბუნება უნდა გამოიწვიოს ავტორის, ეს ისე, თითქოს დედას ნაკიანი შვილი დაბადებოდეს, ასე რომ ლექსი მყისიერად არ სრულდება, მისი სრულყოფა და მომწიფება სწორედ დაბადების შემდეგ იწყება. (ისე როგორც ფრაგული ყველის, როკფორის.) თავიდან შეიძლება ის უსახურ ჩანასახს გავდეს, მერე თანდათან ღებულობს ფორმას, კონტურები იკვეთება, ნათდება. მაგრამ ეს რომ მოხდეს, ავტორმა მეტოქის, ოღონდ მცოდნე მეტოქის თვალით უნდა შეხედოს თავის დაწერილს, ყველაზე კირკიტა და შარიანი კრიტიკოსის თვალით და ისეთი რამეები დაინახოს — უმცირესი დეტალები, რომელიც არ მუშაობს, რაც, თუ არ გაუცხოვდა თავის ნაწერიდან, შეუძლებელი იქნება. ყველაზე რთული «უმცირესი» დეტალებია, თვითმფრინავის ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის გაუმართაობამ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს, ასევეა ლექსიც. (აკი ორივე საფრენად ემზადება ერთი ჰაერში, მეორე დროში- მომავლისკენ.) ამიტომ პოეტში ასი კორექტორი მაინც უნდა იჯდეს რომელიც გულდაგულ და უნდობლად ეპყრობა სხვა კორექტორის საქმიანობას, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მცირე, მაგრამ აუცილებელი დეტალების ჩაშლილობა, გაუმართაობა. ლექსი რომელიც ორი კვირის წინ დავწერე თავიდან გულს მიღონებდა თავის შემზარაობით, უამრავი ცვლილების, გაზომვის, შეჯერების შემდეგ უცებ რაღაც სინათლე დავლანდე ამ ალუფხულ უსახურობაში, მივყევი ამ სინათლის გზას და თანდათანობით ცხადი გახდა ფორმა, რომელსაც ეს ლექსი მიიღებდა, ხმა და სილბო რომელსაც დაიმგზავრებდა.
***
არა შესაბამისი სიტყვა ლექსში შავი ხვრელივით არის, მას შეუძლია მთელი ლექსის მატერია შთანთქას , მისი სიტყვების თანავარსკვლავედი. ლექსის მანათობელი აურა უჩინარდება ასეთი «უადგილო» სიტყვის შავ ხვრელში მყისიერად და ლექსისაგან არაფერი რჩება, გარდა სიტყვების ჩენჩოსი, რომელსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი დაკარგული აქვს. ყველაზე დიდი უნარი პოეტის, არის ნიჭი ასეთი სიტყვის შემჩნევის და გამორიცხვის. მაგრამ ეს უნარი მხოლოდ დიდ პოეტებს აქვთ. ჩვეულებრივი პოეტები ვერ ამჩნევენ ასეთ სიტყვას და თავიანთ ლექსებთან ერთად უჩინარდებიან დროის პირდაღებულ შავ ხვრელში.

***
პოეტური ტექსტი გველივით უნდა მისრიალებდეს, ხან ტალღებივით უნდა იგრაგნებოდეს, უამრავ სახეს უნდა იღებდეს, სანამ საკუთარს გამოჰკვეთდეს, ბოლოს უნდა უფსკრულში მოწყვეტით ეშვებოდეს, უნდა უჩინარდებოდეს. ჩამქრალი ვარსკვლავივით მხოლოდ ნათებას უნდა ტოვებდეს. ლექსი მატერიალურიდან უნდა იქცეს პულსირებად, ტალღოვან ენერგიად, მან თავის საგნობრიობა ილუზიად, მოჩვენებად უნდა აქციოს.


***
პოეზია, მარტოსულის ადამიანის გზაა, თუ კაცი თავს კეთროვნად არ გრძნობს და თავისივე ზანზალაკების ჟღარუნი არ ჩაესმის, რომ ის ქალაქში არ უნდა შევიდეს, რომ ის ქალაქისთვის ზედმეტი და ავისმომასწავებელია, თუ მას არ აქვს ასეთი შეგრძნება, მას მაშინ პოეზიასთან არაფერი ესაქმება.
***
პოეტს ჭიანჭველაჭამიასავით უნდა ჰქონდეს განვითარებული ენის «რეცეპტორები», ინსტიქტი. როცა ჭიანჭველაჭამია თავის უგრძეს ენას ყოფს ჭიანჭველების ბუდეში, ჭიანჭველებს ვერ ხედავს, მაგრამ წებოვან ენაზე თვითონ ეკვრიან მწერები. ენა ჭინჭველების ბუდეს წააგავს, სადაც უთვალავი სიტყვა ფუთფუთებს, მოძრაობს. პოეტური ენის ინსტიქტი კი ის ინსტიქტია და იმგვარად ვითარდება რომ მას უცთომელად გამოაქვს თავისი სიტყვები ენის უღრანიდან, ენის წყვდიადიდან, ისე რომ არც კი ფიქრობს ამაზე.

***
ერთი და იმავე ფორმებით და ინტონაციებით, რითმებით, უამრავი ლექსი (უფრო სწორად ერთი ლექსი) იწერება, თითქოს აქ საწყისი ლექსი მოცემულობაა, რომელიც სამუშაოდ მიეცა უსახელო ავტორებს. ლექსი, (ლექსები) დიდი ხნის განმავლობაში მეორდებოდა და ყველაფერი იმისთვის რომ ამ გაუჩინარებულ, წინა ავტორების უხილავ პალიმფესტზე, ისევ ახალი ლექსი ამოშენებულიყო, რომ ბოლო-ბოლო ენის ფსკერიდან ამოსულიყო, ამოხვეწილიყო ის საბოლოო და ერთადერთი ლექსი, რომელიც თითქოს მიწიდან ამოდის ყვავილივით, სიტყვების მიწას და კლდეს ამოარღვევს, თავისკენ მიგვახედებს და სადღაც გადაგვისრის- ჩვენი სულის და ღმერთის საერთო ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს სადემარკაციო ხაზები «მას» და «ჩვენს» შორის. როგორც ჩანს ეს ტერიტორია უნდა იყოს დიდი პოეზიის სამშობლო და პირველწყარო. არა აქვს მნიშვნელობა, ეს შედევრი ლექსი ხალხურია, თუ დიდი თანამედროვე ავტორის მიერ არის დაწერილი.

***
არა მგონია, მხოლოდ მკითხველისთვის იწერებოდეს ლექსები, ჩვენ ამ დროს უფრო ჩვენი სული მოგვყავს წესრიგში. ეს კი სხვა რამეა, ვიდრე რამის დატოვება, ვიღაცის წასაკითხად. ეს არის დიალოგი მარადიულ ძალასთან, რომელიც გვბადებს და მერე მივყავართ უცნობ სამყაროში. წერის დრო ზღვრული დროა, სასაზღვრო დრო, როცა საერთო, გაუმიჯნავ ცნობიერებაში ვვარდებით, მის ტერიტორიაზე, მის აზრში.
ეს არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი ჩემის აზრით, ერთობის განცდა შემოქმედ ძალასთან, ანუ იმ დროში მოხვედრა, როცა სამყარო ის ის იყო, იწყებდა წარმოქმნას და დაბადებას.

***
პოეტს ინდივიდუალიზმის ბეჭედი უნდა ჰქონდეს, რაღაც რელიგიის, თუ მსოფმხედველობის მსგავსი, ერთგვარი პოზიცია სამყაროს მიმართ, კუთხე, სადაც მის გარდა ვერვინ დადგება, თავისი ადგილი, საიდანაც სხვანაირად მოსჩანს სამყარო. სამყარო რომელიც სხვა სამყაროებს ჰგავს და კიდევაც განსხვავდება. ისე როგორც გალაქტიკების ფორმები და მოხაზულობა განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა მათი მატერია, როგორც ვიცით ერთნაირი ელემენტებისგან შედგება.

***
ლიტერატურულ სამყაროში ჩემის აზრით, უძლეველი იარაღი მლიქვნელობა და ტყუილებია, მაამებლობა, რომელიც მუდამ მოქმედებაშია, ამ ხერხებით მიიწევენ ჟურნალებისკენ, გამომცემლობისკენ, ანთოლოგიებისკენ, პრემიებისკენ, უცხოეთისკენ და კიდევაც აღწევენ. მათ ფოტოებს თუ დახედავთ, იეღოველთა ბროშურებიდან გადმოსულები ეგონება კაცს ისინი, ისე იღიმიან და «უყვართ» ერთმანეთი. ერთი გულწრფელი კაცი შემახვედრა და მამეგობრა, რომ ასეთ ვირეშმაკობას არ ეწეოდეს. მისი არა იყოს არა. მისი «ჰო» იყოს ჰო». კარგია» იყოს კარგი. «ცუდია» იყოს ცუდი.

***
პოეზიაში ყველაფერი ჩვენს გამო იძენს მნიშვნელობას, როცა რეაქციაში შედის ჩვენს გამოცდილებებთან. სწორედ ამ დროს შეიძლება შევიდეთ «ფიგურაში» და სურათმა დამოუკიდებელი სიცოცხლე შეიძინოს, თუნდაც ხის მსგავსი, რომელიც ნაკადულის პირას «ელის» გამვლელებს, რომელსაც აღარ ახსოვს და არც სჭირდება იმის გახსენება, თუ ვინ დარგო, ან რას ფიქრობდა ამ დროს დამრგველი-ამაზე ხის ნაყოფმა და შემხვედრმა ბაგემ ილაპარაკოს.

***
რომ ვუკვირდები, ლექსი პალიმფსესტივითაა, უამრავჯერ იშლება და უამრავჯერ იწერება ამ წარმოსახვით პერგამენტზე ვარიაციები. მაგრამ გამოცდილი თვალისათვის ის მრავალდარბაზიან ჰოლოგრამასავით აჩენს სხვის ლექსებს, მათ ლანდებს, ინტერპრეტაციებს, აჩენს და მალავს. პოეტის ხელოვნება სწორედ ისაა, რომ მიუხედავად სხვებისა, რომელიც მისი ლექსებიდან გამოკრთებიან, მაინც ორიგინალური და განსხვავებული დარჩეს. და ეს მაშინ ხდება როცა დიდი ტკივილის ტემპერატურაზე ძველი საგნები, ძველი ფაქტურა განიცდის ტრანსფორმაციას და ახალ პოეტურ ელემენტად ყალიბდება.

***
დიალექტური სიტყვების შერჩევითი და ზომიერი გამოყენება პოეზიაში, ღეროვანი უჯრედების მსგავს ეფექტს იწვევს. მისი გადანერგვის დროს, ენის მკვდარი სხეული ცოცხლდება, ხდება ენის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა. როგორც ვიცით ენის «ღეროვანი უჯრედები» (დიალექტური სიტყვები) ამავე ორგანიზმს ეკუთვნის, მაგრამ «ენის უღრანში» დაკარგულია და ამით შენახულია, საჭირო დროისთვის, რომ უამრავმა ბაგემ და კალამმა არ გაალაყონ და გაცვითონ.

ნარცისების ბაღი და უდაბნო

შემოქმედება ხესავითაა, ის იზრდება მარტოობის უდაბნოში. დრო სჭირდება, რომ ყვავილი და ნაყოფი გამოიღოს. უნდა იმუშაო სულ და ერთ მშვენიერ დღეს, როცა არ ელი, შენი ხე აყვავდება, ნაყოფს გამოიღებს, მაგრამ ხე ნამდვილი უნდა იყოს, ცოცხალი და არა რკინის ან თიხის. ადამიანებს ვერ გაასულელებ, ვერ მოატყუებ. (ან თუ გაასულელებ, მხოლოდ დროებით). ის რაც ყალბია, არა ღირებულია, დრო გააუქმებს. ის რაც დიადია, მარადიულ თემებს ეხება— დიდი ჩამთრევი მორევივითაა. ის დარჩება. იმედი, როგორც ამბობენ, ბოლოს კვდება—ეს მაშინ, როცა ჭკვიან ადამიანზეა ლაპარაკი, სულელის შემთხვევაში კი არასდროს არ კვდება იმედი. (ძნელია გაიგო, რომელ კატეგორიას მიეკუთნები, სულელებსა თუ ჭკვიანებს. საკუთარი ეგო ხომ გამუდმებით ჩაგვჩურჩულებს, რომ რჩეულები ვართ). ამიტომ ხელოვანი ადამიანის ჭკუაზე მოსაყვანად ის მასზე უარესად გადარეულ (ნარცის) მწერლთან ან პოეტთან უნდა მიიყვანო და იმ წამსვე დაიწყებს გამოჯანმრთელებას. გიჟი თავისზე უარესი გიჟების წრეში ჭკვიანად გრძნობს თავს და შეშინებული თავის ამოჩემებულ სისულელებსაც, როგორც გავარვარებულ რკინას, ხელს გაუშვებს. დიდი ამბიციის ადამიანი სიცილის (მრუდე სარკეებიან) ოთახში ხვდება და აღარაფერი აღარ უნდა, გარდა იმისა, რომ გარეთ გავარდეს, ისუნთქოს, სადღაც გადაიკარგოს და უკან არასოდეს მოიხედოს.

***
ეს ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა სალიერი მოცარტად მიიჩნევს თავს, მოცარტი კიდეც რომ გამოჩნდეს, არავინ შეხედავს. თავიანთი საცოდაობით ისე არიან აღფრთოვანებული, შურისთვისაც არც კი სცალიათ. (ნამდვილი, უფრო სწორად ლეგენდების სალიერი პოზიტიური მოვლენაა, ის რეაქციაა ნამდვილზე, არსებულზე.) მოცარტის ბედი მარტოობაა, ჩვენი სალიერები კი ჯგუფურად დადიან, ღრუბლებივით ან ინდური ტაძრის კედელზე კამასუტრის  ფიგურებივით არიან გადამბულები- ლიქნით, ფარისევლობით, სადღაც ახოხების სურვილით შეპყრობილები. მოცარტის ბედი ეკჰარტის უდაბნოა, სადაც უსაგნობაში, ყველაფრისგან დაცლილ სამყაროში, ხედავს და უსმენს მას, ვინც ეს ორომტრიალი გამოიგონა. ის ხედავს საგანთა სულებს, ადამიანებს, მათი ჭეშმარიტი სახით, ის ხედავს საკუთარ თავს, საკუთარ უფსკრულს, ხედავს დიდი მარტოობის მისტერიას, იმეორებს რა ღმერთის ტრაექტორიას, სამყაროსთან და საგნებთან მიმართებაში.

***
დიდი პოეტი, ეს არის «ღვთაებრივი შეშლილი», ოღონდ ისეთი,
მუდამ სწორ ნაბიჯებს რომ დგამს ბნელში,
ვიდრე «ნორმალური», ჩვეულებრივი პოეტი სინათლეში.

ხის ელეგია

ხის მოჭრა ყოველთვის დასანანია, თუნდაც კარგი წიგნებისთვის. და თუ მაინცდამაინც ეს გარდაუვალია, სასურველია, კარგი წიგნებისათვის გამოიყენებოდეს ქაღალდი. თანამედროვე ლიტერატურის ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი (რბილად რომ ვთქვათ,) ქაღალდის საწყის ღირებულებას არ სცდება, მდარეა და ძალიან პირობითად შეიძლება ეწოდოს წიგნები. იმედად ისღა რჩება, ოდესმე ამ ქაღალდს ნამდვილი ლიტერატურა ეღირსება, სიკვდილის, მაკულატურად ყოფნის შემდეგ ისევ აღდგება, გაქათქათდება და ნამდვილ ავტორს–დიდ პოეტსა თუ დიდ მწერალს შეიფარებს. მხოლოდ მაშინ ოდნავ შეიძლება, გამართლდეს ხის მოჭრა. მხოლოდ მაშინ შეიძლება, მოისვენოს მოხეტიალე ხის სულმა, ასე ძალადობრივად რომ გააშორეს სიცოცხლეს.



ტრიფონა

ჩემი მეზობელი, მოხუცი ტრიფონა სულ საკერვლებიანი სამოსით დაიარებოდა. ეცვა გალიფე შარვალი და ვარდისფერ სარჩულიანი, შავი კალოშები. ჩაივლიდა, თუ ამოივლიდა, სულ ბურტყუნებდა, სულ იგინებოდა. მისი გამარჯობა გინება იყო. ერთხელ ჩვენი ტრიფონა ქალაქში შვილს ეწვია, ჩაუტანა ტიკით ღვინო, არ ვიცი საფერავი, არ ვიცი ალექსანდროული, ციცქა, თუ ცოლიკაური. შეიძლება დაბადების დღე ჰქონდა მის შვილს და იმიტომ ჩავიდა, თუმცა საეჭვოა, სოფელში მკაცრი ცხოვრებაა, სოფლის ღრჯუ ხალხს დაბადების დღეები და მსგავსი ზიზილ-პიპილოები არ ახსოვს, არც ჩემებს ახსოვდათ, მხოლოდ ერთი მეზობელი უხდიდა ბავშვებს დაბადების დღეებს და იმასაც მატრაკვეცად თვლიდენ და დასცინოდნენ, ზოგი ცელოფანს ეძახდა, ზოგი სილიბისტროს და ათას რამეს. არადა ცუდს რას აკეთებდა? ჰო, სოფელი უხეში და მკაცრია, გინდა თუ არა, თავის ზომაზე გამოგჭრის ბლაგვი მაკრატლით, რაც არ უნდა იყვირო და ხელები შალო, ვერაფერს გახდები. ტრიფონა სოფლის ხმა იყო, მისი ქორო. ჰოდა, ტრიფონა როცა შვილს მიადგა თბილისქალაქში, შვილს სტუმრები ჰყავდა მისივე შესაფერისი, მისი კოლოდის კარტიდან გადმოსულები. შეწუხდა ტრიფონის შვილი, კაცი მინისტრის მოადგილეა და ამ მათხოვარივით ჩაცმულ მამას რა მოუხერხოს. ისევ ის კალოშები, დასაკერვლებული გალიფე შარვალი, "ტელეგრეიკა", გაუპარსავი სახე, ჩუმი გინება, მანტრასავით რომ მეორდება ტრიფონას პირიდან. ღვინო სამზარეულოში დადეო, უთქვამს შვილს. ტრიფონიც დამორჩილებია, შესულა სამზარეულოში, დაუდევს ტიკი, ალბათ ჩამოჯდა კიდეც და რა ესმის მის ყურებს? ვინაა ეს კაცი? ეკითხებიან გადიდკაცებულს მეგობრები. ბაზარში ვნახე, ღვინოს ყიდდა და ვუთხარი მოეტანა ჩემთან, უპასუხა მინისტრის მოადგილემ. ალბათ როგორც შვილი სხვა რამეს ფიქრობდა, წითლდებოდა, რცხვენოდა, ენა ებმოდა, მაგრამ მაინც მოუგო ბრძოლა დიდმა კაცმა სოფლელ ბიჭს მასში. ტრიფონა უმიზეზოდაც სულ იგინებოდა, ახლა კი რა მიზეზი უნდოდა. ადგა თავისი გალესილი ჯაყვა დანა დაუსვა ტიკს, მიაგინა შვილსაც და მის თანამესუფრეებსაც. გავიდა კარის გაჯახუნებით. მისი დამყნილი, უზარმაზარი, მსხვილი, შავი ბლის ხეები, მის ყანებში, სოფლის კოლექტივის ნალიებს ზემოთ იყო გაბარჯღული, ბავშვები, როგორც დამწიფდებოდა, იმწამსვე ხეზე ავიპარებოდით, ლამის ხეზე ვიძინებდით. ტრიფონა იმწამსვე გამოგვეცხადებოდა ხოლმე. არავინ აქცევდა მის გინებას და ბურდღუნს ყურადღებას. იმ სიმაღლეზე ვიყავით ხეზე ტრიფონას გინება რას მოგვწვდებოდა. მისი ატმებიც მახსოვს. როგორ ვივსებდით პერანგს, მისი ბუსუსებიანი ატმებით. ხანდახან გამაჟრჟოლებს თითქოს მუცელი მაქვს დასუსხული, როცა გავიხსენებ მის სახლეჩ ატმებს. ახლა აღარც ბლებია, აღარც ატმები, აღარც ტრიფონაა ცოცხალი, არც მისი შვილი. არ ვიცი არაფერი, არც მისი სახლის, არც მერე რა მოხდა. ჩემში შემოვიდა მისი სახე, ბავშვობიდან სახლობს. ხანდახან ჩაივლის დაღმართზე, ბავშვები ვთამაშობთ იქ. ის რაღაცას ბურდღუნებს, მგონი გვაგინებს კიდეც. მიდის, არავის უყურებს, თავისთვის ლაპარაკობს, შარვალზე, უკან საკერველი ადევს, აუცილებლად სხვა ფერის და ასე ამ ჭრელა-ჭრულა, ფერადი სამოსით ნელ-ნელა გადადის ბნელ სოფელში.



სიზმრების სახლი


ჩემი ძველი სახლი, სადაც ექვს წლამდე ვცხოვრობდი, უკვე აღარ არსებობს, ნაგრევებია. პირველი სართული ქვიტკირი იყო, ზემო სართული წაბლის ხის ფიცრებისგან იყო აგებული. სიზმარში ვაშენებ ხოლმე ამ სახლს ისევ, მეხმარება ჩემი ძმა. მე სახლი აღარ მაქვს სოფლად, ვაშენებთ ორივე. მინდა მეც მქონდეს სახლი იქ. გამოვდივარ მერე, ვუყურებ აშენებულს შორიდან და ვტკბები. შევდივარ ამ სახლში, ვწვები ლოგინზე და ვხედავ მუქ ყვითელ ჭერს, დირეებს, იქ ვხედავ კორძებს, ადამიანის სახეებს რომ ვამსგავსებდი. ეს სიზმარი უამრავ ვარიაციებად, ხშირად მეორდება. ვუყურებ აშენებულ სახლს, უმემკვიდრო, უსახლო და მიხარია. აქ უნდა ვიცხოვრო, ვბუტბუტებ ჩემთვის სიზმარში. თუ შუა შენების დროს გამომეღვიძება, ვცდილობ დაძინებას, სიზმარში ჩავარდნას, რომ ისევ გავაგრძელო შენება, მაგრამ სიზმარი აღარ მიღებს და ვარ ასე თვალებგახელილი, იქ, სადაც არავის ვუყვარვარ.
ამ სახლის კიბისქვეშ, ციცქნა ოთახში, მამაჩემის ბებიანაცვალი ცხოვრობდა. ფეხმტკივანი ქალი. იშვიათად გამოდიოდა ოთახიდან. ალბათ გრძნობდა ამრეზილობას, უსიყვარულობას და ერიდებოდა. მოხუცებს მარტოობა ურჩევნიათ, არ უნდათ ყოველ წამს იგრძნონ, თუ რაოდენ არასასურველები არიან სხვებისთვის. სადილ-ვახშამზე რა თქმა უნდა გამოდიოდა. გააჩაღებდა ყალიონს და აბოლებდა. სულ პატარამ დავინახე, თუ როგორ იჯდა სახლის უკან აყვავებული კომშის ძირში და დასცქეროდა თავის ფეხს, რომელიც გალურჯებულ-დაჩირქებული ჰქონდა.
     ერთხელ, ალბათ სამი-ხუთი წლის ვიქნებოდი, მინდორში წამიყვანა. მივედით წაბლის დიდ ხესთან. წაბლი ჯერ მოთეთროა, არ გაყავისფრებულა, ფეხით უნდა გასრისო ბუძგი და გამოიღო ნაყოფი. ამ დროს წაბლს სრულიად განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს, რასაც გვიან სიმწიფეში ჰკარგავს. მამაჩემის ბებიანაცვალი ამტვრევს წაბლის ტოტებს, თავის ფეხით გასრესილი ბუძგიდან იღებს ამ წაბლებს, აწყობს წელზე შებმულ კალთაში ბლომად და მოვდივართ უკან. გზაში სოფლის ნახირი მოდის, უფრო სწორად აღმართზე ამოდის. ციცაბო გზაა, ჩაკიდებული აღმართი. გავუსხლტი ხელიდან, გავიქეცი, შევარდი ჯოგში. წაქცეულს უზარმაზარმა ხარმა გადამიარა.
ეს ხარი ისეთი უზარმაზარი მეჩვენა, მეგონა მთელი სამყაროს ჭერი იყო. ახლაც გაკრთება ხოლმე გონებაში მისი უზარმაზარი, მუქი მოყვითალო მუცელი და გიგანტური ფეხები, არა ფეხი არ დაუბიჯებია, გადავრჩი. არ ვიცი, რას მალავდა გულში. რა მოგონებები ჰქონდა. მისი ჩემოდანი, მის ოთახში შეპარულს ხშირად გამიჩხრეკია. ჩურჩხელები და შოკოლადი იყო იქ და სუფთა, დაუთოებული კაბები.
როცა გარდაიცვალა, დამარხვითაც ცალკე დამარხეს, არავის გვერდში. როცა აღდგომას ავიდოდით ეკლესიაში, მისი სამარე უბრალო, დაჟანგული ლითონის ბადით იყო შემორაგული, არც ქვა ედო სახელით და სურათით, სამარის ბორცვიც გამქრალიყო. ეკალ-ბარდი ხარობდა მის გულზე და არცერთი ხე, არცერთი ყვავილი. აქაური ცხოვრება არ დასრულებულიყო მისთვის, ეკალ-ბარდი იქაც წაჰყოლოდა, ეხვეოდა მტკივან ფეხზე, ნატკენ გულზე და ცასაც ვერ ხედავდა, თავის ახალი, უფანჯრო ოთახიდან.


განძის მაძიებლები

პირველად ოცი წლის წინ ვნახე, თავის გათხრილ, უზარმაზარ ორმოში იდგა. ჩემმა მეგობარმა მღვდელმა წამიყვანა, იქნებ რამე შეისმინოს და გაჩერდესო. მივედით და დაიწყო: აქ მსოფლიო საგანძურია დამალული, თუ ღმერთი ინებებს, კარს ხვალვე გავხსნი. აქ მეფეები და ეპისკოპოსები ასვენია ოქროს კუბოებში. შევეკითხე, თუ საიდან იცის? სიზმარში ვხედავ ყველაფერს, ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეპისკოპოსი ეცხადება და ის უყვება, თუ რა საგანძურია ამ ადგილზე. ზედმიწევნით აღწერდა ოქროს თასების მორთულობას და სხვა სამკაულების ფორმას. ვერ იყო ჭკუაზე. ამის შემდეგ, ოცი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე შემხვდა ქუჩაში, თურმე თოთხმეტ სართულიანი სახლის ზომის, გიგანტური ორმო გაუთხრია. დაენგრა სახლი, გაუვერანდა ყველაფერი. მშიერ მწყურვალი დაიარება. მეზობლები უჩივიან განუწყვეტლივ, იმიტომ რომ მათი საქონელი ცვივა ორმოში და იღუპება. მე მგონი ფსიქიატრიულშიც ყავდათ, მაგრამ თხრა ვერაფრით მოაშლევინეს. უნდა ნახოთ მისი ბედნიერი სახე და მოელვარე თვალები, როცა საგანძურზე ლაპარაკობს. ყველა მოვა და მოინანიებს, პატრიარქი გამოუძღვება ფეხშიშველი, ყველა ფეხშიშველი იქნება, ამბობს სახეაელვარებული. მე მეღიმება, აბა რა უნდა ვუთხრა, ვერაფრით გადავარწმუნებ, ან რომ გადავარწმუნო, რა უნდა შევთავაზო რომ ასე ბედნიერი იყოს? არც დენი აქვს, ჩაუჭრეს. დიდი კაბელი უნდა ვიყიდო, დენი რომ გადავიყვანო, ღამე რომ ვიმუშაოო, მეუბნება. გუშინწინებზე ქუჩაში შემხვდა, ხარხარი ამიტყდა. შეცბუნებული მომესალმა, ისევ დაიწყო მოყოლა რომ ხვალ გახსნის საგანძურს, თუ ღმერთი ანიშნებს. მერე გულნატკენმა დაამატა, ადამიანის დაცინვა არაა კარგი, არ შეიძლება. არადა, მასზე კი არა, საკუთარ თავზე ამიტყდა ხარხარი, მისი სახით, საკუთარი თავი დავინახე მრუდე სარკეებიან, სიცილის ოთახში. მივხვდი ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ჩვენი საქმიანობის სფეროებით შემოიფარგლებოდა, დანარჩენი იდენტური იყო ყველაფერი- ირგვლივ ყველაფრის გავერანება, მარტოობა, დაცინვა, საკუთარი საქმის თავგანწირული, ბრმა სიყვარული და დაღუპვისათვის მზაობა. საკუთარ თავზე მეცინებოდა, მაგრამ არ ვუთხარი, ასე დავტოვე სახტად, ჩემი შეშლილი ძმა.
ორივე ჩვენი საქმისკენ, ჩვენი «ორმოებისკენ», სულმოუთქმელად მივიჩქაროდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი