თოლიები შემოდგომაზე


თოლიები შემოდგომაზე

შემოდგომები უშენობის დღეებს მითვლიან,
მხოლოდ აქ არა, არყოფნაშიც  მომაგონდები, 
საით მიქრიან, თოლიები, საით მიქრიან,
ფოთოლთა ცვენა როცა ქარებს მოაქვთ გოდებით..
შენზე ოცნება, ახლა ცაზე უფრო შორია,
თუ დაბრუნდები, სიშორესაც  შევეჭიდები,
საუკუნეა შენი ხმა არ გამიგონია,
არადა  ვიცი, ჰაერივით როგორ  გჭირდები..
მეც ისევ მინდა ღამეს შენზე ფიქრით ვათევდე, 
მერე  მომეჭრას  ჩემს ოთახში   ცისკარი გზნებით,    
ხომ შეიძლება, გატეხილი გული გამთელდეს, 
ხომ შეიძლება,  რომ შეერთდნენ  გაყრილი გზები..
მალე მზის  ლოცვებს აღავლენენ ცისკენ  ტუხტები, 
დავუცდი იმ დროს, იჭვის ეკლებს    შენ რომ  მომასევ, 
ახლა სიჩუმეს ჩემს სევდაში ისე უხდები, 
როგორც  ზღვის ნაპირს,  თოლიები შემოდგომაზე…

მარიამ მოლაშხია (მერი)
სიყვარულიშემოდგომა#თოლიები#მოგონება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი