ბარიტონი შენი


ფანჯრიდან რომ იპარება სითბო,
შენ იმ სითბოს ანარეკლებს ჰგავხარ,
როგორ მინდა ისევ რაღაც გკითხო,
კვლავ შევიგრძნო ძველებური განცდა,

კვლავ მომესმას ბარიტონი შენი,
ხმა ხომ ქარის მელოდიას გიგავს,
არ გახსოვარ, მე კი ისევ გელი,
შენი სულის ნაოჭები მიყვარს,

სახლთან თუკი გეფინება სევდა,
თუკი დარდის მტვერ-ბუქები გსტუმრობს,
არ შეშინდე, ყველა სევდა მე ვარ,
ჩემი გული, შენს მისამართს უხმობს,

თმებს გისველებს მონარნარე წვიმა?
ეგ წვეთები ცრემლებია ჩემი,
მინდა რაღაც მორიდებით გითხრა,
გაზაფხულის ფერი როგორ გშვენის,

სარკმლიდან რომ იპარება სითბო,
მახსენდება შენი თვალის ფერი,
“როგორა ხარ?” მინდა ახლა გკითხო,
და გავიგო ბარიტონი შენი.  

მარიამ მოლაშხია (მერი)
გაზაფხულიმოგონებათვალებისევდაბარიტონი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი