ზოგჯერ სიზმარი რეალობის დასასრულია…
მივდივარ სალთად, მივაცილებ ღრუბელთა ვერძებს, შენ გზის ბოლოში მომლოდინე, ალბათ ნისლი ხარ, როგორ მინდა, რომ აჩრდილივით მომსდევდე გვერდზე, შენ კი მიდიხარ, ვერც კი მამჩნევ, ისე მიდიხარ. თუკი სიზმრებში შემიძლია მოვიდე შენთან, დაე, სიზმრებად გადამექცეს, ცხადი, სრულიად, ზოგჯერ ცხოვრება სიზმარია, ღრუბლებთან შერთვა, ზოგჯერ სიზმარი რეალობის დასასრულია.. ვინ იცის მარტი, კიდევ რამდენ ოცნებას გალევს, მთვარე მდარაჯობს, ჩემი თეთრი ღამის მორიგე, ახლა იმგვარად მიეტმასნა ლოდინი კარებს, ბედისწერასთან ვერცერთ თამაშს ვეღარ მოვიგებთ. დგას გაზაფხული, ვით ბოგანო და უსახლკარო, ია იები სადღაც მაინც უნდა დავძებნო, ჩამომსხვრეულა ნაწილებად თითქოს სამყარო, და აღარ ვიცი ნაწილები რით შევაწებო... მომიახლოვდი, დამავიწყე ყველა იარა, გარიყე დარდი, ამ გულიდან გაურიყავი, როგორიცა ხარ იმნაირი მსურხარ კი არა, მინდოდა მეთქვა, ოცნებაში როგორც იყავი.. სათაურივით ყველა ფიქრში ისე მეწყები, ნეტავი ახლა ყველა ჩემი ფიქრი განახა, თუ ბუდეებთან ბრუნდებიან მუდამ მერცხლები, მერცხლის ოდენაც დავიჯერო, როგორ არა ხარ! მარიამ მოლაშხია (მერი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი