არსებობის ეიდოსი


გათენდა, ზეცა შეიმოსა სისხლისფერ ტილოდ,
ავბედით დღეთა პერსონაჟად იქცა სიკვდილი.
ღმერთი ეძახის ადამიანს: მომენდე შვილო,
მომენდე, რათა აგარიდო სულის ტკივილი.
მივარდნილს სადღაც, მაწანწალად ქცეულ ღვთისმშობელს,
მე დავინახავ უდარდელი, ძალზედ მაძღარი,
თვალს ავარიდებ, მოწყალების ფიქრებს ვიშორებ...
შენ, დიდო ღმერთო, თუ მიყურებ, ჭკუას გასწავლი!
აუხსნელია ჩვენი ყოფის ყველა რაობა,
მიზანს ვისახავთ, უსასრულოდ მივდივართ შორეთს.
არარსებული მითოსივით ქრება თაობა...
მოვა სიკვდილი და სიცოცხლე უმწეოდ გვტოვებს.
გარდასულ დროთა მოგონება იმონებს აწმყოს,
ზექმნილი ღმერთი დაგვისახავს ნათელ მომავალს?
გუშინ მესიზმრა, შემოქმედი თურმე ,,კარტს აწყობს",
ირონიულად ამაყია, თან ქმნის მონახაზს.
სიცოცხლე ჩვენი, ამ მცირე ხნით მაინც გვეთმობა,
თქვენ, მოკვდავებო, შემოსხედით ცხოვრების ნავზე...
აბსტრაქტულია ამ ცხოვრების ავბედითობა,
სრულყოფილი კი არავინ არს ამქვეყანაზე!
ნუ ვემონებით დოგმატურად შექმნილ სიუჟეტს
და მოკვდავები ჩვენი თავის გავხდეთ მესია;
მარადისობა დავინახოთ ამ სიცოცხლეში...
ეს უბადრუკი არსებობის ეიდოსია.
გათენდა, ზეცა შეიმოსა სისხლისფერ ტილოდ,
ავბედით დღეთა პერსონაჟად იქცა სიკვდილი.
ღმერთი ეძახის ადამიანს: მომენდე შვილო,
მომენდე, რათა აგარიდო სულის ტკივილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი