ამანდა


წამებასავით გადაიქეც ჩემთვის, მილედი,
ვნებააშლილი შეხვედრები წარსულს ჩაბარდა.
წახვედი ჩემგან, აღარა მაქვს ღმერთის იმედი...
ქმარი შეირთე და დამტოვე, ჩემო ამანდა.
იცი, ძვირფასო, მე კვლავ ვნატრობ შენს ლამაზ თვალებს,
მიდიხარ შენთვის, უკაცრიელ ალუბლებიან
ხეივანში და გზას გინათებს მდუმარე მთვარე...
მე დაგინახავ და ფიქრებიც ადუღდებიან.
მაგრამ ეს როდის?.. ალბათ, როცა ტყვიას დავიხლი
და ჩემი სული უგზოუკვლოდ დაიწყებს ძრწოლას...
შენ რომ, ლამაზო, იმ თოვლისფერ კაბას გაიხდი,
ჩემი სული კი ვერ დაგიშლის ქმართან დაწოლას.
რომ ვთქვათ, იქნება ეს უგულო შენგან ღალატი?
ვფიქრობ და ჩემს თავს გამოვუტან მარტივ განაჩენს:
ჩემი ბრალია, ჩემო კარგო, ვერ დაგაფასე,
ერთადერთი ხარ, ეს ცხოვრებაც მეტყვის დანარჩენს...
მეტყვის, რომ თურმე მოღალატე მე ვარ პირველი,
შენ კი ღალატით გამოწვეულ დამწუხრებიდან,
ქალი, სულ მარტო, ჩავარდნილი დიდ განსაცდელში,
შენი ქმარი კი გამომყვანი მარწუხებიდან.
მეტყვის, რომ შენი სიყვარული შენს ქმარს ეკუთვნის,
მე კი ხეტიალს მომასწავებს ისევ თავიდან...
კვლავაც დამტანჯავს შენი ცქერის ახლო სიშორით
და გადამაქცევს შენს მეხოტბედ, დროთა ნაწილად...
იმ დროთა, რომლის დროულობა ზოგჯერ ფანდია,
მარადისობას უერთდება მათი ჟამთასვლა...
ჩემკენ მოდიხარ, ალისფერი კაბა გაცვია,
მე გეგებები, გულში გიკრავ და დროც გადასცდა
ყოველგვარ წყენას, გაბრაზებას, წუხილს, ვაი–ვიშს...
მე შენი თვალთა ჰორიზონტი მზერას მიზომავს;
მშვიდი სამყარო ეგზოტიკურ ფარჩას გაგვიშლის...
მე და შენ, მხოლოდ, ვუერთდებით მარადისობას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი