სიკვდილის წარმოდგენა


მე აპათიით შევიმეცნებ ჩემს გულის ხინჯებს...
სიმშვიდედ ქცეულ ცისქვეშეთში ტრიალებს მტვერი.
იარაღს ვიღებ, გადავტენი, საფეთქელს ვიბჯენ,
შემდეგ კი სასხლეტს გამოვკრავ და... უბრალოდ ვკვდები.


არ მინდა მერქვას უსუსურად გარდაცვლილს მკვდარი,
თავბედწყევლილი კუბოს ფიცარს დავუწყებ ლეწვას;
მანამ კი ალბათ სახეზედაც ვიქნები მკრთალი
და დამარხვისას შემოხედვაც მოიცავს ერთ წამს.


მიმამარხავენ და წამოვა ყველა ცოცხალი,
სიკვდილ–სიცოცხლის რაობაზე იწყებენ ბჭობას:
,,ეს რა ამბავი დაგვემართა, ცხონდეს საწყალი,
ღმერთის ნებაა, ჩვენ რას ვიზამთ, მოკვდა და მოკვდა"!


მე კი დავრჩები სამარეში გდებული ლეში.
უბადრუკ სულსაც სხეულობა მოსწყურდეს ვინძლო;
ჩემი სხეული შთაინთქმება წყვდიადის ფერში
და ჩემი სულის მის წიაღში სიკვდილსაც ვიგრძნობ.


დასრულდა ლოცვა, დასრულდა და დაეშვა ფარდა.
სხეულის გახრწნის მოლოდინში ვარ მონდომებით...
მე ახლა მხოლოდ მარტოობით, ყველაფრის გარდა;
აღარც სამოთხე, აღარც ღმერთი, არც ჯოჯოხეთი!


შთაინთქა ნოტი სიმფონიად ქცეულ მორევში.
ღამეს დღემ სძლია და ცხოვრებაც ებრძვის სამყაროს;
მე ამ ცხოვრების შარაგზაზე სიკვდილს მოველი...
ეს უბადრუკი სიკვდილია და წარმოდგენა.


მე აპათიით შევიმეცნებ ჩემს გულის ხინჯებს...
სიმშვიდედ ქცეულ ცისქვეშეთში ტრიალებს მტვერი.
იარაღს ვიღებ, გადავტენი, საფეთქელს ვიბჯენ,
შემდეგ კი სასხლეტს გამოვკრავ და... უბრალოდ ვკვდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი