ლურჯი სტიქია


ღმრთეებრივი და ლურჯი ფიქრნია ლურჯ ღამეების:
ლურჯი სტიქია, ლურჯი ღვინო, ლურჯი ფრთაები...
აბობოქრებას სულისასა და ზეურ გრიალს,
გული სვავს ღვინოს - იდუმალებას, ქარიშხალს, გრიგალს...
ულურჯეს ცაზე ებრძვიან გრგვინვით ზარებს ზარები,
აზვირთებულან და მიჰყვებიან აზრებს აზრები...
რითმებს, ნოტებსა და მდუმარ ღამის ზმანებებს ვიჭერ,
სტიქიით მთვრალი მოიდუმალო სალოსურ ლექსთ ვწერ...
ლურჯი ბჭეები მწვერვალებისა - აჰა- აღიხსნა,
ლურჯ ზვირთთა ნანა ულურჯეს ჰანგთა ციდან დაიძრა...
ღმრთისა ცხებულმან - გამოიღვიძა ყოვლადძლიერმან,
ლურჯ მზის გვირგვინი თავსსა დაიდგა მან მშვენიერმან...
თავისუფლების დიადმან სულმან ლურჯად იალა,
მან თეთრმ არწივმან ქარიშხლიანი ფრთაები შალა...
ააფრიალეს ცისფერ კლდეების ცისფერი აფრა,
კავკასიონის დიდების უკრავს ქნარი და არფა...
ისმის გალობა და ქუხს მუზიკა, თოვს ცა  ბგერათა,
მდუმარებაში მესმის შრიალი ანგელთა ფრთათა...
მუქლურჯ მწვერვალზე ფეერიული ქარები ჰქრიან,
ლურჯი სიმუსის მუქლურჯ გრიგალებს ზეციდან ყრიან...
აჰა, აენთო ბახუსის ფრთების აგრიგალებით,
ლურჯი რიჟრაჟი ცად ამობრწყინდა ლურჯ მწვერვალებით...
ლურჯი სტიქია, ლურჯი ღვინო, ლურჯი ფრთაები,
მათოვს ფიფქები უიდუმალეს ლურჯი ღვთაების...
მზეთამზემ გულზე დამადნო სხივნი ლურჯად ციმციმა,
ლურჯმა აისმა ლურჯბ რწყინვალებით ამაციმციმა...
ლურჯ სტიქიათა ლურჯი ფრთაების ზეციურ გრიალს,
აჰა, ვსვავ ღვინოს - იდუმალებას, ქარიშხალს, გრიგალს...
აბობოქრებას ლურჯი ფიქრების ვათავისუფლებ,
მიჯნურთმიჯნური თეთრი მეუფე მარად ვიუფლებ!!

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი