"ცის ბილიკებით"


წმიდამ მოგართვა სამეფო ნიშნად თეთრი ლილია -
შენ გაბრიელმა მოგიგალობა მთვარის არია,
ანაზდად გესმა რომ უკვდავება შენი წილია -
შენ სიყვარულით ასულიწმიდდი მზეო მარიამ...

და ღმერთი შობე - ცავარსკვლავეთის მეფე უფალი,
სასოებადა ქვეყანას მოცა რომელმან რწმენა,
რწმენა რომელიც უკვდავებას თოვს თვისითურთ ძალით,
რწმენა რომელსაც სიყვარული სწამს და ელტვის ფრენას...

-

ციერ ორკესტრის ხარ დირიჟორი - შეგშვენის უფალს,
როგორ მივიდეთ მზის სასახლემდე შენ განგვიმარტავ,
ზეციერ მსაჯულს მოგცეს სასწორი, წონი ცოდვამადლს,
ამაღლებ მდაბალს ცის სიმაღლემდე, სჯი ამპარტავანს...

"შენ მზე ხარ მქრთალი ვის ყურსა გიპყრობს ქვეყანა მთვრალი",
შენი სიმაღლით ზე აღადგინე ლაზარე მკვდარი,
შენ ორ სამყაროს კარიბჭედ დგეხარ - ცისკრის ვარსკვლავი -
და გულის გზა ხარ რომელზეც დადის წმიდათა ჯარი...

წიაღი სულის და ზე ერთობა ზეციურ ერის -
შენ შეგვახსენე  ზე სისპეტაკე დედის მანდილის,
შენ უმაღლესი იმ სიყვარულით გულში დაგვჭერი -
რომელსაც აფრქვევს სასუფეველის ლურჯი ყვავილი....

ჯვარს გაცვეს ღმერთი, დედის თვალებზე დაცურდა ცრემლი,
მამამ ინათა და შავ წყვდიადის ფარდა ჩახია,
გზებზე მამონათ მოუმართია შავ სიკვდილს ცელი,
რისხვა ღვთიური ფარისეველთა სულზე ახია...

ჩახვედ ქვესკნელში და ჯოჯოხეთის დალეწე ბჭენი,
გამოიხსენი ნათესავითურთ ადამ და ევა,
სამ დღეში აღდეგ და ამაღლებით გაშალე ფრთენი -
და დაადგინე უკვდავი სულით შენი სუფევა...

-

ცისფერ ნისლებით, თეთრი ღრუბლებით მოპენტილ ზეცას,
წმიდათ სამეფოს, სად სულით მეფობს უსაზღვროება ,
საანგელოსოს, სულს სიყვარული საცა მიეცა,
რა შეედრება სასუფეველის ნაზ მყუდროებას...

გულო მერწმუნე, ნუღარ იქნები სულო უტეხი,
ცოდვას მოგკითხავს, ვერვინ აცდება ღმერთთან პაემანს,
კიბეს აუყევ - ფიქრთ ღრუბლის ფთილებს დაადგი ფეხი,
მონდომებულს გზა მიღმიერ გრძნობის კართან მიიყვანს...

სიკეთე გიღებს სამოთხის ჭიშკრებს უმანკოების,
სიკეთე უკრავს უანგარობის ფრთათეთრ არიას,
მშვენიერებით - სული შემოსე უბრალოებით,
მდაბალი გულით - ზეცის კარიბჭეს - წრფელი გაიარს...

და სიყვარული თვით ღმერთს განახებს შენივ თვალებით,
სიყვარული ხომ უკვდავება და ღვთის ტაძარია,
შენს სულში სუფევს უსაზღვროების იდუმალებით -
შენს გულში უკრავს მარადისობა გრძნობის არიას...

ვინ სასუფევლის ცხონების ფერებს მიელტვით მხოლოდ
ეკლიან ვარდად გულს სისხლისფრად მყვავ მოწამეობით,
ვინ ჯვარს ატარებთ გოლგოთისაკენ - მცნებებით ცოცხლობთ:
მაღალმ გაკურთხოთ მარადიული სულის მხნეობით...

სიყვარულის მზე ღმერთაღმერთისთვის ღირს თავდადება -
სიმართლისათვის თავდავიწყება წამს უკვდავებას,
შვენის გულმართლებს უბიწოდ სვლა და თავისუფლება -
გისურვებთ ქვეყნად უკვდავი რწმენით ავარსკვლავებას...

-

საკვირველ ჰანგებს თოვდენ თრთოლვით სულის სიმები,
აციერება - გულმა შეიგრძნო მთვარის არია,
ზეცისა ძალნი - შენ გიგალობენ სერაფიმები:
დიდება შენდა დედაო ღვთისა მზეო მარიამ...

გადაგვაფარე თეთრად კაშკაშა შენ სულის ფრთები -
რადგან ცხოვრება სიყვარულის ცის გზის სიზმარია:
„ცის ბილიკებით - ცის დედოფალო - ცის ბილიკებით" -
ლოცვით გვატარე ცის ბილიკებით ღმრთისკენ მარიამ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი