მხოლოდ გაფრენა


სევდისფერი, ყვითელი ფოთლები, გაფრენისათვის ემზადებიან,
თეთრად ნათობენ ლამპიონები, წვიმის წვეთები ნაზად მღერიან...
თეთრი გრძნობები გამეფდნენ გულში, თეთრი ფიქრები ზეცას აება,
თეთრი ღამეა, თეთრად თოვს სულში და მეზმანება თეთრი ღვთაება...
და რეალობა ზეცისა ვიცან, სულის სამყაროს შეცნობა მინდა,
ანგელოზებო დაეშვით ციდან, მინდა სიზმრები ცხადი და წმინდა...
მე იმ უნაზეს სამყაროს ვეტრფი, იქ ჯადოსნური ისმის არია,
იქ მზეთამზეობს თეთრი ქალღმერთი, იგ თვით სილამაზის ტაძარია...
-
წვიმის წვეთები ყვებიან ზღაპარს, და მეოცნებე იქაურ სწვდება,
ვეთაყვანები სამების ვარსკვლავს, ვეამბორები თეთრსა ღვთაებას...
ლამპიონები ნათობენ თეთრად და ეს სამყარო სევდისფერია,
მე ვემიჯნები აქაურს მკვეთრად, სააქაო სიკვდილისფერია...
მე იმ ჯადოსნურ სამყაროს ვეტრფი, სად წმინდა ოცნებები ხდებიან,
იქ მელოდება თეთრი ქალღმერთი, იქ ყველაფერი ნეტარ-მწველია...
-
ზეცა ანათს სიყვარულისფერად, სულის სამყარო ღმერთისფერია,
იქ ყველა იღვრება სულისფერად, იქ უკვდავი ფერები მღერიან...
-
ცა მეუბნება ოცნება ხდება, რომ უკვალოდ არაფერი ქრება,
ჩემში კი მეოცნებე სულ კვდება, რადგან სწყურია მხოლოდ გაფრენა...


01-11-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი