ღმერთი ვარ სანამ თოვს


ქრის თეთრი ქარები,
თოვს სული სინაზეს,
ფიფქავენ ფიფქები
იისფერ მი ცაზე...
თან მოაქვს ნათელი
სპეტაკი ძალების,
მწამს თეთრი ანგელის
ლამაზი თვალების...
კოცნების მთოველი
თრთის თეთრი ღრუბლები,
და ამბორს მოველი
უტკბესი ტუჩების...
გძნობათა მითები
ბაგეზე ყვავიან,
ფიფქების თითები
შიგ სულში მკოცნიან...
ცის თეთრი ქალღმერთი
თოვს - ფიფქავს ამბორებს,
ამ წამს ვარ თვითერთი
და გრძნობას ვაბოდებ...
ყოველი მდუმარებს
და მიწას ვწყდები,
და სულ სხვა გამებით
მიღმიერს ვწვდები...
თოვს ზეცა სინაზეს,
ქრის თეთრი ქარები,
მკოცნიან ბაგეზე -
ღვთაების თვალები...
ვიცოცხლებ ვიდრემდის -
სული ცის ამბორს მთხოვს,
ფიფქავენ ფიფქები,
ღმერთი ვარ სანამ თოვს...

09-05-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი