ანგელოსი ნამთვრალევი


თოვს ღამის თეთრი მთიები -
მოვარსკვლავულია ზეცა,
დაღლილი შენ დაგაქვს ფრთები -
გაფრენა ოცნებად გექცა...

წვდებიან შორეთს ფიქრები -
სამყარო მოუცვავს ლოცვას,
სითეთრეს თოვენ ფიფქები,
ელი ანგელოზის კოცნას...

მოგბეზრდა ქაოსი ქვეყნის -
ამაოება გულს კაწრავს,
შენ ეტრფი ღვთაებრივ წესრიგს
და ეთაყვანები მაღალს...

გწყურია სახელი ძლევის -
ბრძოლაში არა ცნობ დაღლას,
გეძახის დიდება ზეცის -
მიიწევ მაღლა და მაღლა...

სინაზე ცის ლურჯი ფერის -
გნუსხავს ლურჯი ტრფობის ნანა,
შენს ფერხთით სდუმს ლუციფერი -
შენს გულში გამეფდა მამა...

მოგწყინდა სხვა ყველაფერი -
გესმის ცის მუსიკა - შორი,
დგას თეთრ სიკვდილის ამბორი -
შენ და უკვდავებას შორის...

თეთრ სინდისის სამოსელის -
გულის ნების მძლე სისწორით:
შეხვდები მას უშფოთველი -
ცის სიმაღლის დირიჟორი...

როცა წამი სასურველი -
უკანასკნელ მზედ ამოვა,
ჰარმონია სასუფევლის
თეთრ ფიფქების თოვად მოვა...

შენი სულის ნაკვალევის
შესვავ გულით ცისფერ გრძნობას,
ანგელოსი ნამთვრალევი
შეერწყმები მარადობას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი