წმიდაო გიორგი


მხედარმთავარო მეუფეო, დიდებავ ძლევის,
შენ, გმირთაგმირო და რაინდო ― მეომარ ღმერთის,
თავს ოქროსფერი ვის სარანგის გახურავს ზუჩი,
არ უგემნია გამარჯვება ჯერ შენთან არვის,
ფრთა გაგიშლია ქართულ ცაზე ოქროსფერ არწივს,
თვალთგან ელვების, მთოვარი ხარ მზიური შუქის!

წინასწარმცნობო, შემოსილო ღვთიური ფიქრით,
ვინაც აკურთხებ სიმამაცით - თეთრ რაშით მიჰქრი -
წინ - მარადის წინ - დიდებით და ძლევებით სავსე,
შენ ებრძვი ეშმაკს, გველეშაპებს და მონურ უღელს,
მიწიერ კერპებს აცამტვერებ მარჯვენით მმუსვრელ,
რწმენით, იმედით, სიყვარულით მორწმუნეთ ავსებ!

შენ რაინდების რაინდი ხარ, გაჭრილი ველად,
შენ თავადების თავადი ხარ, და ოდეს ღელავ,
უბობოქრესი ზღვის გრიგალზე და მაინც მშვიდი,
მოძღვარო გვედრებ შეიცოდე ქართველი ხალხი,
რომელსაც შავი დღეს ახურავს  გლოვისა თალხი,
გამოავლინე მოწყალება მა გულის დიდის!

ძველ მეფეებთა მეფეცაო, ძლიერო ფრთენით,
ყოვლისმომცველი წვით და დაგვით და ღვთიურ თმენით,
ვერ გიდგებიან თვით ზღაპრული გმირები ახლოს,
ღმრთისგან შემკულო, საქმით გგმობენ და ქრისტეს ჯვარცმა -
ცრუთ არ ადარდებთ - სხვანაირი გვიწევს აწ ტანჯვა,
მზისშუბოსანო იხსენ ქართველთ მზის სამოსახლო...

ადამიანებს რომ დაეძებ ღვაწლიან გულით
და გამარჯვებით დაუდეგარს ვერ იკლავ წყურვილს,
მერნებით ჩემი ნაკვალევზე მოგყვები ფრენით,
ამ სტიქიაში დაიბადა გალობის ჰანგი,
აქ ვეზიარე მე იდუმალს და შევსვი ბანგი,
გემუდარები უძლეველო გაშალე ფრთენი...

ილოცე მისთვის, ვისაც უკვე არა აქვს რწმენა,
ილოცე ჩვენთვის, მწყალობელო, მომეცი თმენა,
ილოცე მათთვის, ვისაც ცეცხლი გაუქრა გულში,
გვიხსენ მომხვდურთგან, რომელთ სიტყვას სიცრუე ახლავს,
ო, მათ კავკაზი სასაცილო ჰგონიათ ახლაც,
სული მაღალი, ივერია, სიწმინდის ბურჯი...

მწუხარებაში ლომნი გრგვინვენ სიმართლის ღრენით,
ცრემლებს ღვრის ძეწნა, პოეტები გეტრფიან ფრენით,
შენ გეტრფის გულით წამებული იესო თვითონ,
ილოცე, რათა დაგვიამოს ჩვენ შუბლი დაფნამ,
ილოცე, რათა ყვავილებით აგვევსოს კალთა,
გაგვაძლიერე მაღალო და მარადჟამს დიდო.

ილოცე წმინდა და მზიურო რაინდო ჩვენთვის,
ილოცე სულით უდრეკელით, ციური ფეთქვით,
აგვიბი მხარი და ისმინე ვედრება ერთი:
ჩვენ დავიღალეთ, საზრუნავმა გაგვტეხა წელში,
არა გვაქვს ყოფა, ცა და მიწა, არა გვაქვს ცეცხლი,
მალავენ სიბრძნეს, გაბრიელი, არა ყავთ ღმერთი!

წვალება მძიმე გაგვიქარვე და სევდა დიდი,
დავითისებურ ზეკაცების ველური რიტმი,
აახმიანე გმირები და სიმღერა რაინდთ,
მთავრობას ვერცხლი, კამათი და ლუკმები მსუყე -
არმად შეარგე "ნეტართ სინოდს" - სიცრუის ბუდეს,
წმინდა გიორგი, მზაკვართაგან გვიხსენ, ო, ამინ!

ძალაუფლებით, ყეყეჩთ ფულით,  ზოგიერთს რითაც
მოაქვს თავი და უქონელი სჯობია დიდად -
შენ შეაკვეცე ბოროტებას ის შავი ფრთენი,
გვიხსენ სულელთა ხროვისაგან, მედიდურ ბრბოდან,
ცრუ მღვდლებისაგან, ამაოის მოყვარე ჯგროდან,
ადიდდ, ო, ამინ, განადიდე მართალთა გზენი!

წინასწარმცნობო, შემოსილო ღვთიური ფიქრით,
ვინაც აკურთხებ სიმამაცით - თეთრ რაშით მიჰქრი -
წინ - მარადის წინ - დიდებით და ძლევებით სავსე,
შენ ებრძვი ეშმაკს, გველეშაპებს და მონურ უღელს,
მიწიერ კერპებს აცამტვერებ მარჯვენით მმუსვრელ,
რწმენით, იმედით, სიყვარულით მორწმუნეთ ავსებ!

ილოცე ჩვენთვის, მეუფეო მხედარო ძლევის,
შენ, გმირთაგმირო და რაინდო მეომარ ღმერთის,
თავს ოქროსფერი ვის სარანგის გახურავს ზუჩი,
არ უგემნია გამარჯვება ჯერ შენთან არვის,
ფრთა გაგიშლია ქართულ ცაზე ოქროსფერ არწივს,
მგევ დაგვიფარე, მოგვაფრქვიე სიმართლის შუქი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი