ზმანებისფერი
საღამო იდგა, ირგვლივ თრთოდა ლურჯი ბურუსი - ეკიდებოდა თვალებს ცეცხლი წითელ ლალების, ვერახსნილ გრძნობის სევდის ნისლში მხვევდა ბახუსი - წითელ ღვინოში ვჭვრეტდი ციმციმს სატრფოს თვალების... მეწამულისფრად ხასხასებდნენ ცაზე ღრუბლები და ჩაფიქრებულ სიჩუმეში იისფრად წვიმდა, და სიგარეტის ცისფერ კვამლში შებურულები - ქროდენ ფიქრები სინაზეში საოცრად მშვიდად... მათოვდა თრობა თეთრ ვარდებს და მთრთოლვარ ამბორებს და სიყვარულის უნაზესი გრძნობა მსდევდა თან, ნაზი ოცნების შევნატროდი ფრთათეთრ ანგელოსს და იყო რწყმული ჩემი სული ტრფობის ზეცასთან... ვხატავდი, ანუ მონატრება გულს მიკაწრავდა და ფიქრის ოქროს სასახლეში თრთოდა ზმანება, ბრწყინვით მორთული ის ცეკვავდა ცისფერ ლამბადას - მე მატყვევებდა მისი მქრთალი ნაზი სახება... იდგა საღამო, გრძნობით მთვრალი ფიფქვით ვხატავდი - თუ ვით ყვავიან ვარდის ქაფში თეთრი მითები, აცახცახებულ ელვარ მუზას ცხადად ვხედავდი - თეთრ ყელზე ნაზად დაცურავდნენ მთრთოლი თითები... ნაზ სიყვარულით მიმზეროდნენ მისი თვალები და ღვთაებრივი ქონდა მწველი კავშირი გულებს, ძარღვებში ქუხდა ცხელი ცეცხლი წითელ ლალების, სადღაც ზეცაში პოულობდნენ ტუჩები ტუჩებს... - იდგა საღამო, სიჩუმეში იისფრად წვიმდა, მთელი არსება მიელტვოდა სრულყოფილებას, ღმერთი დუმდა და მეწამული სამყაროც დუმდა, ითხოვდა ჩემში თეთრი ფრთები თავისუფლებას... მდუმარ სივრცეში თრთოდა ნაზად ცისფერი ლოცვა და მარადიულ სატრფოს სული ნახეს თვალებმა, თეთრებში მოსილ მუზის ტუჩებს შეაწყდა კოცნა და მაგიურად დაიქუხეს ცის მწვერვალებმა... - თვალდახუჭული სიყვარული რადგან მეტს ხედავს - მაღალი ღმერთი ცალი თვალით ალბათ ბრმა არი, მო გაუმარჯოს ვინც იმ თვალით გამოიხედავს - სად აღმართულა უკვდავების თეთრი ტაძარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი