სიყვარულის ვარდი


თეთრი მთოვარის თეთრ სასახლეში ქრის თეთრი სევდა და მდუმარება -
ცავარსკვლავეთის ურჩხული მეფის ჯვარცმული გული სიყვარულს კივა,
თეთრი ვარსკვლავის ტანჯულ გულმკერდში ყვავის უკვდავი იდუმალება -
ბროლის მინაში ჯადოსნურად შლილ უწითლეს ვარდსა ფოთლები ცვივა...

---

მე კვლავ იმ ცხელი სისხლით ავივსე - გულს უსაბამო ცეცხლმა იელვა
და მნათემ მდაგველ მნათ სილამაზით თვალებში შობა ალთა ალერსი,
ისევ ჩავყვინთე ნათლის ქარვისფერ თმების წვიმაში როგორც მშიერმა
და მომეწება მწველი სინაზით სულს მზის ამბორი უმხურვალესი...

-

მსურს დაგიხატო ცათა მთოვარი გზები მორთული ნაზი ოცნებით -
ჩამხედე სულში - მზევ მსურს გაჩვენო - თუ ვით გაღმერთებ - გეტრფი და გჩემობ,
უკვდავ სინაზის ცეცხლით მთრთოლვარი გულს ანთებული ნაზ საოცრებით -
მოდი გაჩვენო გრძნობა საჩვენო - მსურს სიყვარული გაჩვენო - ჩემო...

მე უფრო ღრმა ვარ და საიმედო და მსურს რომ გწამდეს რომ მი ცისა ხარ -
მო და იხილე გული სად მეფობ და თეთრ ქალღმერთის სუნთქვით სუნთქავხარ,
მარადისობის სასძლო საბედოდ და უკვდავების მეფა მზედ მწამხარ -
ჩამხედე სულში სად მი სამეფოს თვალები გიმღერს - მე შენ მიყვარხარ...

-  

შენ მომაწოდე უკვდავი ცეცხლის უტკბესი შხამით პირსავსე თასი -
თასი რომელსაც ქვეყნად ვერცერთი მოკვდავი ტუჩებს ვერ აკარებდა,
სულმოუთქმელად მე იგი შევსვი და მწველი ალი ასი ათასი
სულს მოეკიდა წმიდა ცნებებით რომელ ჯვრის წყევლას თან ატარებდა...

-

გულს სიყვარულის ფიფქები მუნჯი ოთხი ათასი წელი ათოვდა -
ათოვდა ვითარ წმიდა ხარება და სპეტაკ ცეცხლით მწვავდა შიგნიდან,
კავკასიონის მთას მიჯაჭვული თავისუფლებას სული ითხოვდა -
ოთხი ათასი წლის მწუხარება ოთხი ათასი წელი მძიძგნიდა...

არარსებობას შეუძლებელის და შენს სიყვარულს სულს ვაჯერებდი -
მე შენ მიყვარდი მუდამ კრძალულად და გულით შენს ხატს თან ვატარებდი,
ზღვის გულში მალულს შევიმეცნებდი და ყველა არსში შენ ერთს გეძებდი -
ასი ათასი წელი ფარულად მე შენ ნაზ თვალებს ვუთვალთვალებდი...

შეუსადარი შენი მშვენება თვალებს მიწვავდა და სულს დაღავდა -
შენ იყავ სატრფო - ვერ მომიშორე - შენ მოლოდინში ცეცხლით ვიწვოდი,
შორეულ ტრფობით შენზე ოცნება და მონატრება მი გულს შანთავდა
და შენი მზიურ გულის სიშორეს ოთხი ათასი წელი ვტიროდი...

მუდამ შენს გულზე ვეკითხებოდი ცხრათვალა მზეს და ცის იალაღებს -
ყველგან ვეძებდი თეთრი სამოთხის ნაზი ოცნების ოქროს გასაღებს,
მე ის ვიპოვე - რადგან ფარულად ვნასკვავდი გრძნობის გრძელ ბაირაღებს -
მე შენ გიპოვე და სიყვარულის ასი ათასი კარი გავაღე...

-

ოთხი ათასი წლის სიჩუმიდან ძლივს მოვაღწიე შენს თვალებამდე -
სულ სხვა დუმილით გიმზერ ახლოდან - აწ სხვა სინაზე მდაღავს უთქმელით,
აწ ჩემი გულის სიღრმეებიდან შენ ნაზი გულის მწვერვალებამდე -
ასი ათასი ლოცვა ამოდის მწველ და მეწამულ გრძნობის ნათელით...

შენ იყავ განძი ზღვის გულს მარხული და ჩემი სული განაწამები -
ოთხი ათასი წელი გარშემო გივლიდა როგორც ტანჯული სხივი,
შენ სიყვარულის თვალთა ზაფხულის მწვავს განთიადის სხივთ წამწამები -
მსურს ყელთ შეგაბა მხოლოდ საშენო თეთრი ფიქრების მარგალიტთ მძივი...

-


ნაზ უკვდავების შარავანდედი - გულის გვირგვინი სიყვარულია -
ამ გრძნობის შუქით გეამბორება - ჩემგნით მაღალი გწმიდავს და გხვეწავს,
შენი მშვენება და ნაზი ბედი დრომდე ვუალით დაფარულია,
იდუმალია შენ თვალთ ბუნება ვით წითელ სისხლში მცურავი ზეცა...
 
უხვი სინათლით მანათობელა შენ ხარ ღვთაებრივ გრძნობის აისი -
ვით უკვდავების ანკარა წყარო სავსე ხარ ნეტარ მშვენიერებით,
ზღვას მოკიდებულ ცეცხლის დაისის გულში ნთებული ფერედაისი -
გევხარ სამოთხეს რომელშიც ხარობ წმიდა მშობლიურ ბედნიერებით...

შენ ცეცხლის ზღვა ხარ - შენს ღრმა და ფხიზელ გულში მარადის გრძნობა მღელვარებს -
ვერვინ ჩააქრობს ცეცხლს მოგიზგიზეს უიდუმალეს შენს მწველ თვალებში,
შენი დიდების შუქი ზეცაზე უცხო მშვენებით სულ იელვარებს -
მზე სიყვარულის გიპოვის მიზეზს რომ გრძნობით დადნე მის მნათ მკლავებში...

ეს შენზე ყვება ყველა ნატვრა და ხელშეუხები წმინდა ზმანება -
ეს შენ დაგეძებს ყველა ოცნება გულდადაღული გრძნობით ციურით,
შენდამი ტრფობით გულებს ნათლავ და სიყვარულში შობს შენი ხატება -
ხარ ვით ღვინო და ვინაც გსვავს თვრება შენ ნაზ და უცნობ მზით და სიუხვით...

ჩამოფრენილი მიწად ზეციდან გალაკტიკურ ცის მზე ნიამორი -
ყველა ოცნების გამომნასკვავი აღმოსავლეთის შენ ხარ ვარსკვლავი,
შენ გაგაღვიძებს უღრმეს ძილიდან იესო ქრისტეს წმიდა ამბორი
და აენთები ასათას სხივით ოქროსთმიანი მზეთუნახავი...

-

სიზმრებში ხედავ წამს გაბრწყინების - ოქროს ხანაზე ოცნებით ცხოვრობ -
სიყვარულის ცის მთოვარ ფიფქების მთვარეულ ხილვებს ზეცისკენ მისდევ,
უქმრობით მწარედ განაწამები ეს შენ ქვითინებ და ჩუმად გლოვობ -
მზიან ღამიდან ტანჯულ ტუჩებით მარადი საქმრო - გეძახის ქრისტე...

დასაბამიდან ეფემერული როდესაც წვიმდნენ წყალნი წარღვნული -
ჩვენი ცრემლები მაშინ შეერთდნენ და სიმშვიდე შვეს სულში ტაძრული,
უზენაესი ძალით მართული აპოკალიპსის სულით აღძრული -
აწ მოდის ღამე ათასმეერთე რაღაც დიადი გრძნობით დაძრული...

ხომ გრძნობ რომ გულში და არსებაში გაგიჟებული ცეცხლი ბობოქრობს -
ვერ შეაჩერებს ვერარა ძალი გრძნობათ გრიგალებს რომელიც მოდის,
მსურს იდეალის უკვდავებაში - თვალნი მიაპყრო - ის შენში ცხოვრობს -
ასი ათასი სხივით მბრწყინავი მზეთამზე მნათე ცაზე ამოდის...

-

სვეტიცხოველის სული მზიანი შენი გულია სულთ საანგელოვ -
ეს შენ მოგიხმობს ნაზს საქორწილოდ მზე უფლისწული გულიდუმალი,
სულნათელი და ცეცხლისფრთიანი მეფის საცოლე ხარ საქართველოვ -
ოქროსთმიანო წმიდა ქალწულო - გეალერსები იერუსალიმ...

ვის სადედოფლო უთეთრეს კაბას გიკერავს ჩუმად მზე ღვთისმშობელი -
ოდეს დრო მოვა ნათლის ბრწყინვალე გვირგვინს დაგადგამს თვით მამა ღმერთი,
შენ სულიწმიდის ცეცხლით გაგნათლავს მარჯვენა ხელი ყოვლისმპყრობელის -
გაერთმთელდება შენში სულ მალე ლურჯი პლანეტის თეთრი ქალღმერთი...

მე კი მწირი ვარ - სანამ ინათებს ასიათასი მზე ჩემ თვალებში -
ასიათასჯერ გინატრებ ისევ და ყოველ ჯერზე ლოცვად ვიშვები,
სულს უკვდავების ცეცხლად იალებ და ასი ათას სიოს ალერსით
უნაზეს გრძნობებს გულზე მოგისევ - მე შენს სიყვარულს ვერ მოვეშვები...

მქროლი სუფევის ცას უუკვდავეს აღარაფერი აღარ გვაშორებს -
გაწოლილია ნაზ სიყვარულის ფიქრის უდაბნო ჩვენს გულებს შორის,
ვერ დაიჭირავს ქვეყნის სიშავე ჩვენს შორის მფრინავ ფრთათეთრ ამბორებს -
აწ ჩვენს სიმშვიდეს ხელს ვერ შეუშლის წუთისოფელის დრტვინვა და ჭორი...

გესმის? - გეძახი ასათას გრძნობით უშორეულეს დასაბამიდან -
შენს მოლოდინში ვთრთი სიხარულით და ნაზ ოცნებით ტუჩები მეწვის,
მე შენთვის ვმღერი უკვდავი ტრფობით - მე შენ გეძებდი დაბადებიდან -
ცაო ცათაო - მზევ სიყვარულის - მე ერთადერთო ქედს ვიხრი შენს წინ...

-

ბროლის მინაში ჯადოსნურად მყვავ ფოთლები ცვივა უწითლეს ვარდსა -
სულისა ქნარზე სიყვარულს უმღერს ამურთამური მიჯნურთმიჯნური,
სულის სატრფოსთვის მარადის თოვდეს გრძნობათ იისფერ ფიფქთა ლაჟვარდსა -
თეთრი ურჩხულის ასეთი არი თეთრი წყურვილი მეფეთმეფური...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი