სონეტი 16


ჩამოუშლია ნაზ გულმკერდზე შავი ნაწნავი 
და გრძნობა სულზე ახვევია უსურვაზ ვაზად,
მოაპობს სივრცეს გულთმტაცებელ სვლით და ნარნარით -
მწვანეთვალება შავგრემანი ლედი ავაზა...

ლურჯი ღამე და ცად ციმციმა მთვარის ოცნება -
ზღვიურ ღელვასთან ერთად ანთო სულმა ფრთანაზმა,
და სინაზის მთოვ გრაციოზულ მისმა მშვენებამ -
ეს ზმანება და სანაპირო აალამაზა...

აელვარდა და სიყვარულის ღამემ ახატა -
სანაპიროზე ანგელოსთა ცეკვა წვიმაში,
ენა აიდგა მერე გრძნობათ მთოვმა ნახატმა
და ალაჟვარდნენ ნაწვიმარი ფრთები ზეცაში...

შორეულ ციდან მთვარის სხივებს შეაწყდა ლოცვა
და ზღვის ბაგეებს მიახატა ფრთანაზი კოცნა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი