სიგიჟე


I

კავკაზის ცაზე სად ამური ჰქრის თეთრი რაშით,
თეთრად ციმციმებს ქალწულ სულის ედელვაისი,
ნაზად ყვავილობს გახვეული გრძელ სუდარაში -
თეთრი ქალღმერთი გაფურჩქვნილი როგორც აისი...

საუკუნეებს ჩაუვლია რაც ღრუბლის ფთილათ
თეთრი ოცნება მარმარილოს ფანტომად მიაქვს,
რაც მისი ნაზი შეშლილობა მთებს მოფენილა
და სევდის რომანსს უჩურჩულებს საღამოს ნიავს...

და ზეცას წვდება სიყვარული თეთრი ტაძარის -
და გულში იკრავს იდუმალი ყოველ განდეგილს,
თაიგულებით მორთულ გულმკერდს უკოცნის ქარი,
უთრთოლებს ლეჩაქს უსამანოდ მთებზე განფენილს...

მიმწუხრის ცრემლით ენამება ფერმკრთალი ღაწვი
და შარავანდით ანთებული შუბლი უბრწყინავს,
სევდის არიებს სივრცეს ჩუმად ათოვს და აწვიმს -
და იავნანას უმღერს არეს აკვანში მძინარს...

ზოგჯერ ენთება და მწვერვალზე მზედ მიჯაჭვულის -
კოცნით აღვიძებს ფენიქსის სულს და თვალთ მიაპყრობს,
როგორ მოსწყდება მთას არწივულ ფრთათა მარულით
და ცას იდუმალ მეფურ ყეფით როგორ მიაპობს...

II

ო, ფერწასულო ჩემო მერი! თეთრო, თოვლივით!
შენზე ოცნება ამ გულს თრთოლვით მუდამ ანთებდა!
- ეს ის ქარია, სიყვარულის მთებგადმოვლილი,
თავისუფლების გაკვეთილებს რომ გიტარებდა.

ეს ის ქროლვაა, ახლა სოველ თმებს რომ გიწეწავს,
უცხო შრიალით რომ გივსებდა, წინათ, ოცნებებს,
როცა ბუნებამ მელოდია გამოგიძერწა
და ყურს უგდებდი ღამის სიზმრებს, ცის საოცრებებს.

ეს ხმაა მბორგავ ტალღებისა, ასე ულმობლად
რომ აგითრთოლა გული ნორჩი და ხელუხლები.
ეს ის დილაა, როცა გიჟი პრინცი გსტუმრობდა
და უტყვს და ფერმკრთალს შეგიყვარდა მისი ტუჩები!

თავისუფლება! სიყვარული! ცა! შენ ამ სიზმრის,
ვით თოვლზე ცეცხლის, ისე გსურდა აგიზგიზება:
მოჩვენებისგან მოქანცულო, ვერავინ გიხსნის,
- შენს ცისფერ თვალებს მოსწვდა ზეცა და გაგიჟება!

III

და მერე იტყვის პოეტი, რომ შუაღამეში,
ყვავილებს კრეფდი მფიფქავ შუქზე მთვარის აისის,
და რომ გიხილა გახვეული გრძელ პირბადეში -
ზეცამ ქალწული ფურჩქვნილი ვით ედელვაისი...

---
---
---

ოქროვან ორთქლში მზის სხივებით ამოისრული -
აისის მზერით ვით შეღებოს ფიქრის ღრუბლები:
ოცნებამ იცის როგორ მორთოს ბნელი მიწური 
სასწაულებრივ ცის სვეტების დიდებულებით...

ცათა ალერსი თვალებს ლხენით ჭარბად ავსებენ -
ახანგრძლივებენ შეგრძნებათა უსაზღვროებას, 
თეთრი ნირვანა აუკვდავებს უკვდავ არსებებს -
აღრმავებს დროს და მარადიულს ხდის სიტკბოებას...

თუმც ეს ყოველი ვერ ედრება შენი თვალების, 
მწვანე თვალების უძირო ტბათ შხამიან სურას, 
ტბას, სადაც სული ჩემი თრთის და ტრფობით მთვრალები
მი ოცნებები და გრძნობები თავდაღმა ცურავს... 
 
ეს ყოველივე არ ღირს არც იმ მძლავრ სასწაულად 
ტუჩები მარწყვის როს სუსხავენ მი სულს დასეტყვილს, 
როს გული იწყებს მთრთოლვარ ძგერას ყოვლის სასრულად
და ბანცალ-ბანცალ უკვდავების ნაპირებს ერწყმის...

!

შენი თვალების უკვდავებას ნაამბორალი -
უსასრულება სიყვარულის სულში იწყება,
ანგელოსური სინაზით წვა ნაიდუმალი -
ო რამდენია შენს თვალებში თავდავიწყება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი