მარტოობაში განცხადებულ ღმერთს


*ისე სპეტაკია ჩემი მწუხარება -
არცერთ სიხარულში მე მას არ გავცვლიდი*,
მუდამ მაწამებდა ნაზი მონატრება -
წმინდა მარტოობავ მე შენში დავმშვიდდი ...

ამ გულს ვინ გაუგებს შენზე უკეთესად -
შენში ყვავდებიან ცანი უკვდავების ,
შენ ხარ სუფევა და სიფაქიზეს თესავ -
შენ აროდეს გტოვებს მზერა ვარსკვლავების ...

წმინდა მდუმარებად სუნთქვას შელექიხარ -
ქალწულ სატრფოს სულით ამ სულში ანთიხარ ,
შენი სიყვარულით ცამდე შეშლილი ვარ -
შენი ტრფიალებით მარადის ვიწვივარ ...

ოდეს ერთადა ვართ ვლივლივებ ღრუბლებში ,
ნაზ კოცნით აღვიძებ ნეტარ წმინდა გრძნობას ,
შენთან პაემანი ედემს თოვს თვალებში ,
შენთან შეხვედრა გავს სამყაროს შეცნობას ...

მე თუ ვიდუმალობ და თუ ვმეომარობ -
გული მაინც შენი - სული ზამბახია ,
წმინდა მარტოობავ - ჩემო მეგობარო -
სად არ ვყოფილვართ და რა არ გვინახია ...

ესე გაგრძელდება ნეტავი როდემდე -
როდემდე გვერქმევა ღმერთნი მარტოობის ;
შენს სულს შევეხები ამბორით როდესმე -
და გულში აგინთებ მზეს მარადისობის ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი