დიდება! ამინ!


თუკი სულხანი საქართველოსთვის შველას ითხოვდა,
თუკი ვახტანგი მამულისთვის მედგრად იბრძოდა,
კონსტანტინეს თუ დიდებისთვის მოჭრეს მარჯვენა,
თევდორე მღვდელმა ერთგულება მოყვასს აჩვენა.

და რომ გაგვიხდა სანატრელი თამარის ხანა,
ლეკთა თარეშით გაყიდული ქართული ნანა,
აღმაშენებელს მივტირივართ როცა აქამდე,
გვქონდა მამული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

ვერ დაგვაჩოქებთ, ვერ გათელავთ უფლის ათ მცნებას,
აუხდენელი არ დარჩება ჩვენი ოცნება,
იმედის სხივით კვლავ გაბრწყინდა ქართული სული,
ერთ მუჭად შეკრულთ ვერ წაგვართვეს ძმებო მამული!

ტანჯვა-წამება, არ მოგვაკლეს სულში ფურთხება,
მაგრამ ჩვენს გვერდით მუდამ იყო უფლის კურთხევა,
მამულიშვილნო! ჩვენ ვართ დავითის მოდგმა ნამდვილი,
გვფარავს თამარის, ქეთევანის, გვანცას მანდილი.

საქართველოა ფიქრი ჩვენი დღითა და ღამით,
იმედის თვალი არ მოვხუჭოთ არც ერთი წამით,
დედის რძესავით ტკბილი არის მამულის ნამი,
დიდება უფალს! ჩვენს სამშობლოს დიდება! ამინ!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი