მეკვლე


თოვლით მოფენილო ჩემო მთა და მდელოვ,
ახალ წელს გილოცავ სრულიად საქართველოვ!
წმინდანთა სისხლით გაჟღენთილ-გაპოხილო,
ოდითგან ღალატით წელში-გატეხილო.
 
წელში გატეხილო, მკვდრეთით აღდგომილო,
ისევ და ისევ სისხლში  დამხობილო,
თევდორეს ლოცვით გადარჩენილო,
ლაშარის მადლით გადაფენილო.
 
და თუ დღეს შენში სჩქეფს ცოტნეს სისხლი,
საბა-სულხანის თვალებში ნისლი,
კვლავ შრიალებდეს ჭადარი,   ვერხვი,
ალავერდს,  თელეთს მოვივლი ფეხით.
 
ჩოქვით მოვივლი გერგეთს და გელათს
და მოგილოცავთ ახალ წელს ყველას,
სანთლებს დავუნთებ მე გამარჯვებას,
სვეტიცხოველს და მოჭრილ მარჯვენას.

ვემთხვევი აკვანს, არა წაქცეულს,
ბაზალეთის ტბის ძირში დარწეულს,
და ვაზის ფესვებს ქართულს და წმინდას,
ქარგით დაქარგულ ჩემს ნიკორწმინას.
 
 
მოვივლი თეთნულდს, მივწვდები ბეთლემს,
და სიყვარულით არც კი ჩამოვთვლემ,
დავანთებ სანთელს, თუნდაც მილიონს,
ჩოქვით და ლოცვით მოვივლი  სიონს.
 
კვლავ შემოვივლი ფეხით ვარძიას,
ის ხომ თამარის დიდი განძია,
ვერა, ვერ დავთმობ მე ტაო-კლარჯეთს,
ვერც ლომისის და მოწამეთას ღმერთს.
 
ვერც თქვენ ვერ დაგთმობთ არა და ვერა,
მოველ ბარაქით, გაგითბოთ კერა.
მოვედი თქვენთან, მომეცით ხელი,
რომ გაგითენოთ ახალი წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი