ზამთრის გადაწყვეტილება (საბავშვო მოთხრობა)


დიდი ხნის წინ ზამთარმა გადაწყვიტა ყველასათვის თავისი ძალა ეჩვენებინა და დედამიწის მბრძანებელი გამხდარიყო. მას სურდა, რომ წელიწადში მხოლოდ ერთი დრო ყოფილიყო.
       როცა ზამთარი გაიწელა, ბუნებაში ყველა და ყველაფერი შეწუხდა. მობუზული ჩიტუნები სულმოუთქმელად ელოდნენ გაზაფხულის მოსვლას.
ენძელებმა თხოვნით მიმართეს ზამთარს.
_ძალიან გთხოვ, დროა წახვიდე და ნება მოგვცე ნაირფრად მოვრთოთ დედამიწაო!
      ენძელებს სხვა ყვავილებმაც მიბაძეს, რომლებიც მიწიდან ამოსვლას ლამობდნენ.
ცხოველებსაც გაუჭირდათ საკვების გარეშე.
      ზამთარი ბობოქრობდა და ბობოქრობდა, არ სურდა ძალაუფლების სხვისთვის გადაცემა.
      დედამიწის ბინადართა გასაჭირი მზეს გაუგია და გადაწყვიტა ზამთრისთვის ჭკუა ესწავლებინა.
     თავისი მცხუნვარე სხივები დედამიწისაკენ გამოსტყორცნა. თოვლმა დნობა დაიწყო, მდინარეები ადიდდა, ძალადაკარგული ზამთარი მზეს ევედრებოდა:
_ გთხოვ, ნუ გამაქრობ, მინდა სამუდამოდ ვიბატონო და რასაც მთხოვ აგისრულებო. 
_ ჩემო მეგობარო, ასე არ შეიძლება, მე სიმართლეს ვემსახურები, - უთხრა მზემ, _ აბა, კარგად დაფიქრდი, წელიწადში სულ თორმეტი თვეა. ეს თორმეტი თვე თანაბრად უნდა გაიყოთ გაზაფხულმა, ზაფხულმა, შემოდგომამ და ზამთარმა, თითოეულს სამი თვე გხვდა წილად. ხომ იბატონე სამი თვე, ახლა გაზაფხულის დროა.
     ზამთარს შერცხვა თავისი უსამართლო ბატონობისა და მზეს დაემორჩილა.
თოვლმა სწრაფად დაიწყო დნობა და დედამიწის გულიდან სიმწვანემ იფეთქა. გაიღვიძეს ყვავილებმა, აჭიკჭიკდნენ ჩიტები. ყველგან გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა.
     ძალაგამოცლილი ზამთარი მთებს იქიდან ადევნებდა თვალს ამწვანებულ ბუნებას და თავადაც ტკბებოდა ამ სილამაზით. მას ეგონა, მხოლოდ ზამთარი იყო ყველაზე მშვენიერი. საბოლოოდ მიხვდა, რომ თურმე ყველა დროს თავისი ხიბლი ჰქონია.
      გახარებული დედამიწა მზეს ემადლიერებოდა სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის და იმ დღის შემდეგ წელიწადის ოთხივე დრო მეგობრულად ცხოვრობდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი