ვაზის ცრემლები (საბავშვო მოთხრობა)


ზურა პაპა პატარა ზაზასთან ერთად თითქმის ყოველ დღე ჩამოუვლიდა ვაზს და თან ღიღინებდა.
_ პაპა, ვის ესაუბრები? _ ჰკითხა ზაზამ.
_ ვაზს შვილო, ვაზს. _ უპასუხა პაპამ.
_ განა, ვაზს ესმის შენი საუბარი? _ გაიკვირვა ზაზამ.
_ ესმის, შვილო, ესმის. ვაზი ერთადერთი მცენარეა, რომელსაც საუბარიც ესმის და ტირილიც შეუძლია. _ უპასუხა პაპამ.
_ ვაზი როგორ ტირის, პაპა? _ იკითხა ცნობისმოყვარე ზაზამ.
_ როცა ვაზს უხეშად მოექცევა ადამიანი და ზედმეტ კვირტს მოაცლის, ვაზს ეტკინება და სითხეს გადმოღვრის, ეს სითხე მისი ცრემლებია. _ აუხსნა პაპამ.
_ მართლა, პაპა? _ თვალები აუცრემლიანდა ზაზას.
_კაცს თუ ვაზი უყვარს, ე.ი. მას უყვარს თავისი მამული, ენა და სარწმუნოება. _ დაიწყო პაპამ.
_ ეს როგორ, პაპა? _ გაუკვირდა ზაზას,
_ვაზი სალოცავივით წმინდაა შვილო. ქართველი კაცი ვაზის გადასარჩენად ტანკსაც კი გადასდგომია წინ. ვაზის ნასხლავი თავისი თმებით შეუკრავს ნინოს, თითქოს ჭრილობა შეუხვია და ჯვარი გააკეთა. იმ ვაზის ჯვრით ხელში შემოვიდა იგი მცხეთაში, რათა მთელი ქართლი გაექრისტიანებინა. ის, სასწაულებს ახდენდა შვილო  ვაზის ჯვრით ხელში... მუდამ გახსოვდეს, ეს ვაზი ჩვენი სამშობლოა, ჩვენი საქართველოა.

                                                                                              გულნარა ჟღენტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი