ფუტკარი და კესანე


უღრან ტყეში, ერთ დიდ ფუღუროში ფუტკრებს ბინა დაედოთ, ისინი მთელი დღე შეუსვენებლად მუშაობდნენ და თაფლს აგროვებდნენ. სარჩოს საძებნელად შორს მიფრინავდნენ და ლამაზ ყვავილებს ეძებდნენ.
	ფუტკარი ფეფო ჭაობიან ადგილას აღმოჩნდა და გაოცებული დარჩა, როცა ძალიან, ძალიან ლამაზ და სურნელოვან ყვავილს წააწყდა.
_ რა ლამაზი ხარ, რა გქვია? _ ჰკითხა ყვავილს ფეფომ.
_ ჩემი სახელია კესანე _ ჩაიჩურჩულა ნაზად ყვავილმა.
_ რა უცნაური სახელია კესანე, - გაუკვირდა ფუტკარს.
_ მოგიყვები ჩემი სახელის ისტორიას,- უთხრა ყვავილმა და დაიწყო, _ როცა ღმერთმა ყველა ყვავილს სახელი დაარქვა, მე დავავიწყდი.
_ გული დაგწყდა? _ შეეკითხა ფეფო.
_ დიახ, ტირილი დავიწყე და ვეძახდი: არ დამივიწყო უფალო!
_ უფალი მოწყალეა, _ დაამშვიდა ფეფომ.
_ დიახ, უფალი მომიბრუნდა და მითხრა: _ სწორედ ეგ იქნება შენი სახელიო. მე მსოფლიოს ყველა ენაზე „არ დამივიწყო“ მქვია, შენთვის კი, უბრალოდ, კესანე ვიქნები, ჩემო მეგობარო.
	ამის შემდეგ ფეფო და კესანე დამეგობრდნენ. ფეფო ყველა დღე ეწვეოდა ხოლმე კესანეს და მის ტკბილ ნექტარს, რათა კაცისთვის თაფლი დაემზადებინა და ღმერთისთვის სანთელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი