გზაზე ორი კაცი მიდიოდა (მოთხრობა)


გზაზე ორი კაცი მოდიოდა. პირველს თავი ძირს დაეხარა და საკუთარ ფეხების მოძრაობას აკვირდებოდა, მგონი ნაბიჯებსაც ითვლიდა. მეორეს გრძელი მოსასხამი ეცვა, აშკარად ნათხოვარი და ისე გამოიყურებოდა, როგორც ჟირაფი, რომელსაც სპილოს თავი აქვს.

ალბათ არასდროს გინახავთ ჟირაფი სპილოს თავით. მე მინახავს და შემიძლია გითხრათ, რომ ის ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ის მეორე კაცი ქუჩაში რომ მოდიოდა. მაგრამ თქვენ ხომ ის კაციც არ გინახავთ?!

არაუშავს, სიმართე გითხრათ, არც ისე სასიამოვნო იყო მათი ცქერა და არც არაფერი დაგიკარგავთ, იმ წამს, ჩემს მაგივრად, ქუჩაში რომ არ იდექით და არ უცქერდით ორ კაცს, რომელიც გზაზე მოდიოდნენ.

სპილოს თავიან ჟირაფს სხვა ჟირაფებისგან ის განასხვავებს, რომ სპილოს თავი აქვს. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა. მაგრამ, როცა ერთი სხეულს ორი არსება დაეპატრონება ის არცერთი აღარაა. ქუჩაში მომავალი მეორე მამაკაცი არც სპილო იყო, არც ჟირაფი და არც ადამიანი. მისი ტანი გრძელი მოსასხამის პატრონს ეკუთვნოდა, მხოლოდ თავი ჰქონდა საკუთარი და სახეზე ისეთი გამომეტყველება აღბეჭვდოდ, როგორიც სიმაღლისგან შეშინებულ სპილოს თავს, რომელიც ვიღაცის ფანტაზიას ჟირაფის ტანზე მიუკრავს.

პირველი მამაკაცი, რომელიც ქუჩაში მოდიოდა მარცხნიდამ მეორე იყო. როგორც გითხარით ის ნაბიჯებს ითვლიდა, ან ცდილობდა საკუთარი ჩრდილისთვის ფეხი დაედგა, ტროტუარზე დაესრისა, მასზე ფეხები გაეწმინდა, და შემდეგ ასე უჩრდილოდ გაეგრძელებინა სიარული. მერე მხოლოდ ნაბიჯებს დაითვლიდა.

მარცხნიდან მეორე და მარჯვნიდან პირველი კაცი, რომელიც ნაბიჯებს ითვლიდა გატანჯული სახით მოდიოდა, რადგან ვერ იქნა და ვერაფრით ვერ დაიჭირა საკუთარი ჩრდილი, რომ ტროტუარზე დაესრისა.

გაზაფხული ადრე მოვიდა იმ წელს. მზეც ადრიანად ამოდიოდა. მამალი ყიოდა მზის ამოსვლისას. მე კი ხალხით გადაჭედილ ქუჩებში ვხედავდი, ორი კაცი მოდიოდა, არავინ იყო იქ. მხოლოდ ის ორნი მოდიოდნენ. ერთმანეთს არც უყურებდნენ, ერთმანეთის შესახებ შეიძლება არც არაფერი იცოდნენ. პირველმა არ იცოდა, რომ მის გვერდით მოიოდა მამაკაცი ჟირაფის ტანითა და სპილოს თავით. მოდიოდა თან ცდილობდა გაერკვია სპილო იყო თუ ჟირაფი. თავის მხრივ, არც მან იცოდა, რომ მის გვერდით მოდიოდა მამაკაცი, რომელიც ნაბიჯებს ითვლიდა და საკუთარი ჩრდილის გასრესას ლამობდა.

კიდევ მოდიოდნენ ხალხი ქუჩაში, ტალღებივით ასკდებოდნენ ერთმანეთს და ნელი ხმაურით მიედინებოდნენ. მე მხოლოდ იმ ორ კაცს ვხედავდი, მარტო ისინი მოდიოდნენ გზაზე.

ხალხის გნიასში ყურადღება გამეფანტა და ის ორი კაციც გაქრა. მატრებელმა იკივლა და ხალხი ბაქანს მიასკდა. მე ვეცადე ქუჩისკენ მოვტრიალებულიყავი, მაგრამ ტალღამ მაინც წამიღო შორს. ისევ გამოვცურე, მოვშორდი მატარებელს და იქით გავიხედე, საიდანაც წეღან ის ორი მამაკაცი მოდიოდა. გავიხედე და ვერაფერი დავინახე.

ნეტავ, სად უნდა წასულიყვნენ?! _ ვიკითხე ჩუმად და იკივლა მატარებელმა. ხალხმა ჩოჩქოლს უმატა და მე ცოტათი მაინც დამწყდა გული, რომ იმ მატარებელში აღარ დარჩა ადგილი ჩემთვის.

ახლა წარმოიდგინეთ, კარი რომელსაც ვერ აღებთ. ან სინათლე, რომელიც არ გათბობთ. უეცრად ასე ვიგრძენი თავი და როცა მატარებელი კი არა ყველაფერი წავიდა და მარტო დავრჩი, ისინიც გამოჩდნენ.

ქუჩაში ორი კაცი მოდიოდა. ერთი ჟირაფი სპილოს თავით და მეორე ჩრდილი, რომელსაც ფეხი დაებიჯებინა მამაკაცისთვის და უმოწყალოდ გაესრისა. გასსრესილი მამაკაცი სპილოსთავიანი ჟირაფის გრძელ მკლავებში იწვა ნატანჯი სახით და უმოწყალოდ გაბრტყელებული სხეულით. გვერდით ჩრდილი მოჰყვებოდა, თავდახრილი კაცის ჩრდილი, რომელიც ნაბიჯებს ითვლიდა.

არავინ იყო იქ. ჩვენ ვიყავით მარტო.

გაზაფხული ადრე მოვიდა იმ წელს. მზეც ადრიანად ამოდიოდა და მამალი ყიოდა.

ახლა წარმოიდგინეთ როგორ იღება ის კარი, რომელიც გეგონა რომ არ გაიღებოდა არასდროს. იღება კარი და შიგნით შედის ჟირაფი სპილოს თავით, რომელსაც გრძელ მკლავებზე გაბრტყელებული კაცის გატანჯული სხეული დაუსვენებია. უკან მიჰყვება თავდახრილი ჩრდილი, რომელიც საკუთარ ნაბიჯებს ითვლის.

ისევ ისმის მატარებლის კივილი და ჩვენ სადღაც შორეულ ლიანდაგებს მივუყვებით გალაქტიკებს შორის. სპილოსთავიანი კაცი ჟირაფის ტანით ხან ფანჯრიდან იყურება ხან, გაბრტყელებულ მამაკაცს უყურებს, რომლის ნატანჯი სახის შესახებ არაფერი იცოდა. ამ კაცის თავდახრილი ჩრდილი ისევ ითვლის ნაბიჯებს. მეორე კაცი კი ისე იყურება, როგორც სიმაღლისგან შეშინებული სპილოს თავი, რომელიც ვიღაცის ფანტაზიას ჟირაფის ტანზე მიუკრავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი