ველური ცხენები (მოთხრობა)


ვბრუნდები უკან. ჩრდილი მომყვება. წინ გზაა. გზას იქეთ მთები. მთებს მაღლა მზე. ღრუბლები ნაგლეჯ-ნაგლეჯ. მოდის გათენება. მივდივარ სახლში. მთებს იქეთ, უფრო მუქია ღრუბლები. იქ ალბათ წვიმს კოკისპირულად. მოხუცი კაცი, ჯოხით ხელში, აფრთხობს ბეღურებს. ისმის გასროლა, სადღაც შორიდან. ფრთების შრიალი. მტრედები ცაში. მგონი იკარგებიან და მოდის წვიმა. წვიმა ცივია და სველი. ასველებს მწყემსებს. ცხენზე ზის ქალი. მაღალი ფეხები, წითური თმა, ჭინკის ნაწნავი, ტერფები უკან. არ გაჰყვე შვილო, არ გაჰყვე შვილო _ ლოცულობს დედა. შემოდის ქარი. ღიაა კარები. დამაწვიმს მალე. ნუ წახვალ ნურსად, ნუ წახვალ ნურსად! გზები არეული. თვალები ამღვრეული. ვბრუნდები უკან.

დედა!

შემოდი, ღიაა ყოველთვის კარი. უძღები შვილისთვის იწვება სანთელი. მაცხოვრის სახე. ლოცულობს ვიღაც. ფრთები ალესილი. თოლია დაიჭერს ტალღას. დაბრუნდი უკან, დაბრუნდი უკან.

გზები არეული, თვალები ამღვრეული. არ დაივიწყო გზა, თუ დაიკარგები… ღიაა ყოველთვის კარები. შემოდი. ბუხრიდან ამოდის კვამლი. ქარი ჯავრიანი. ღრუბლები შეგროვილან ერთად. ბინდი იფანტება. თენდება.  სოფელი სავსეა სიცოცხლით. მდინარეს მთებისკენ მიჰყვება კალმახი. ბებერი თუთის ხე. იყივლებს მამალი.  მწყემსები მინდორზე გარეკენ ავ ფიქრებს. ცა მოიქუფრება. ის შორს იყურება. სუფთაა ჯერ კიდევ გული მისი. გახსენი კარები. აჩუქე ფრთები.

გავივლი გზას. გადავალ მთებს. ამოვა მზე. ქარი წარეკავს ღრუბლებს. მწვერვალზე ადი! მზერა შორს. ღიაა კარები, თუკი შენ აწვდები. იქ, მაღალ მდელოზე, ბინადრობს  კაცი. არ ამბობს სიტყვას. ველური ცხენები დაქრიან მდელოზე. ქარიშხალს ეძებენ. მათ მხოლოდ ჭინკები იჭერენ. არ გაჰყვე!

მოდიან ფიქრები. გზები არ არიან. მე მათ კვალს მივყვები. შორია სიზმარი. მზეში ფიცხდება ბალახი, იკეცება შენს ფერხთით. წითელი თვალები. დაწნული ფაფარი. შევიპყრო იქნებ. ვბრუნდები უკან.

დუღილი ძარღვებში. პეპლები მუცელში. ცეცხლი თავში. თავი ცეცხლში. თვალები ფართო. მასწავლე ენა უხილავ ფრინველთა.  მე მათ შორეულ ნაკვალევს მივყვები. ისინი მიცქერენ. ბავშვური მზერაა. საბედისწერო. არ ეშინიათ. არც მე. მოვალ. ამივსე თვალები, ცრემლები მადინე. ღიაა კარი. არ არიან გზები. ისინი დგანან. ო, როგორ მიცქერენ. ექვსნი არიან. უნდა გავრბოდე მათგან. მე გავრბივარ მათკენ. მაღალი ბალახი. უნდა ავირჩიო. ისინი დგანან. ანგელოზები შორეულ ქვეყნიდან. ველური ცხენები, ველური ცხენები… წამიყვანეთ სახლში!

სანთელი მაღალი, მაცხოვრის სახე.  მწყემსები ცასთან ახლოს დგანან. უყურებს ჰორიზონტს. ავდარზე დარდობენ. დიდი ხანია გათენდა და მე ისევ აქ ვარ. არა ჩანს გზა. მზე იწვის შორს. ჩვენთვის. ყივის მამალი, თუთის ხეზე. ფოთლებიც დაყარეს რამდენი ხანია და ახლა ქარებში მეტი ტირილია. მთები მაღალი და ტყე გაუვალი, იქ ცხოვრობს კაცი. არ ამბობს სიტყვას. ღიაა კარი, თუკი შეწვდები. ველური ცხენები. ლამაზი ასული. წითელი ნაწნავი, ღიმილი ჭინკის, ნაბიჯი უკან. ნუ წახვალ ნურსად, ნუ წახვალ ნურსად _ ტიროდა დედა.

ველურო ცხენებო, ველურო ცხენებო, მასწავლეთ ენა შორეულ ფრინველთა. ექვსნი არიან. ფაფარი დაწნული. მეოთხეს ვირჩევ. ჩემი ბედი მის ფლოქვებ ქვეშ. პეპლები მუცელში. ცეცხლი თავში. თავი ცეცხლში. ნაწნავზე ხელები. კისერზე ვეხვევი. ხვიხვინებს. ცივი სუნთქვა. არ მეშინია. ღიაა კარი. ნახტომი ერთი. ის სწრაფად გარბის. შიშველი ზურგი. მხედარი მიათრევს ტანს. არ უშვებს ფაფარს. ხმამაღლა შეჰკივლებს. ჯერ ცხენი და მერე კაცი. შორს ცხოვრობს აქედან. არ ლაპარაკობს. ფრთხებიან ჩიტები. მტრედები ცაში. გაუშვი მერცხალი, თუ იცის ფრენა. ფრთები ალესილი. თოლია დაიჭერს ტალღას და აღარ მოკვდება. ღიაა კარი, ვბრუნდები უკან!

მანძილი შორი. ველები გაშლილი. ბალახი მაღალი. მხედარი ზემოდან. მეოთხე მირბის. უცნობის არჩევანი. არ ამბობს სიტყვას. ველური ცხენები, ველური ცხენები, ეშმაკის გაწვრთნილი ველური ცხენები. ჭინკებმა აჭენეს, ჭინკებმა შეიპყრეს. იცინის ვიღაც. არ ამბობს სიტყვას. ნუ დაიღუპავ თავს _ ლოცულობს დედა. მაცხოვრის სახე.

მხედარი ჰაერში. ცხენების ყიჟინა. მანძილი შორი. ისინი მირბიან, ისინი მირბიან, არ გაჰყვე, შვილო!

მხედარი მიწაზე. დედების ტირილი. მანძილი შორი. სიკვდილის სიფხიზლე, სუნთქვა ცივი. ახლოა მტერი. სინათლე. სიბნელე. სიბნელე. სინათლე. მომაკვდავის მზერა. გათელილი სხეული ექვსგზის. ვიღაცის არჩევანი. სიკვდილი ახლო. არ ამბობს სიტყვას, არ ამბობს სიტყვას. შემოდის ქარი. კარები ღია. ველურო ცხენებო, ველურო ცხენებო, მასწავლეთ ენა შორეულ ფრინველთა. ბოლო ამოსუნთქვა. გაშეშდა თვალები.  მწყემსები გარეკენ მინდორზე ავ ფიქრებს. ღიაა კარები, ღიაა კარები და თუკი შეწვდები, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუღარ გვალოდინებ!

                      

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი