სახრჩობელა ქარში (მოთხრობა)
უსიცოცხლო სხეული ნელა აჰყოლოდა ქარის მუსიკას. სახრჩობელა ქანაობდა. თოკი დაჭიმული იყო საკმაოდ. ლპობა შეპარვოდა უკვე სხეულსაც და თოკსაც. ლპებოდა უზარმაზარი ხის ძელიც, რომელზეც უსიცოცხლო სხეული ეკიდა, მაგრამ ის კიდევ დიდხანს გაძლებდა. შუაღამისას უეცრად ამოვარდება ქარი და გვამს უფრო სწრაფად აამოძრავებს. ამ დროს ის ახელს თვალებს, ქვემოთ, უძირო უფსკრულს ჩახედავს, შემდეგ უიმედოდ შეათვალიერებს საკუთარ ყულფს, დაუძლურებული ხელებით დაეკიდება თოკს, ძელზე აცოცდება და როცა კარგად მოკალათდება, ყულფს მოიხსნის კისრიდან, ისევ უფსკრულის თავზე ჩამოკიდებს, თვითონ კი იწყებს საკუთარი ამბის მოყოლას. „ვცხოვრობდი ჩემთვის. ტყის პირას მედგა ქოხი. ქოხში მედგა ერთი საწოლი და სკამი. საწოლის ქვეშ ეძინა თეთრ ძაღლს. მას უცნაური ჰქონდა თვალები. ვლაპარაკობდით ხშირად. ვლაპარაკობდით ამინდზე, ბუნებაზე, მზის ჩასვლაზე, მდინარის ზანტ დინებაზე, კოდალას ხმაზე, არწივის ფრთების სიგრძეზე, უვარსკვლავო ღამის სიბნელეზე და ვინ იცის კიდევ რაზე… ვლაპარაკობდით ჩუმად, უხმაუროდ… ვლაპარაკობდით მზერით და ეს ენა ყველა ენაზე უკეთ გვესმოდა ორივეს. ქოხს აღმოსავლეთიდან ჩამოუდიოდა მდინარე. მდინარე იყო ცივი. მდინარე იყო მდორე ჩვენს ქოხთან. მდინარე ბობოქრობდა სათავეში. იქ კიდევ უფრო ცივი იყო წყალი. წყალში იყო თევზი. ისინი მიცურავდნენ ზემოთ, დინების საწინააღმდეგოდ. მდინარეს ჰქონდა სათავე, მაგრამ ვინაიდან ვერცერთი თევზი ვერ აღწევდა იქ, თევზებს ეგონათ, რომ უსასრულო იყო მდინარე. … და ისინი ბედნიერები იყვნენ. ცურავდნენ მშვიდად, ხანდახან გაშმაგებითაც, მაგრამ მხოლოდ სურვილისამებრ. ნისლიან დღეებში შევდიოდით წყალში და გამოგვყავდა თევზი. საკვები სამ დღეს მაინც გვყოფნიდა. ბევრს არც ვიჭერდით და არც ვჭამდით. მზიან დღეებში ცივი იყო მდინარე. წყალი გვაგრილებდა. და ჩვენც ვიყავით ბედნიერნი. წვიმიან საღამოს ვანთებდით ბუხარს. შემოდიოდა სიბნელე ქოხში. ჩვენი სველი სხეულები სწრაფად შრებოდა და ვლაპარაკობდით ოთხნი: მე, ძაღლი, ბუხარი და სიბნელე. სიბნელეს მუდამ გაორება ჰქონდა. ის სწრაფად იშლებოდა და წამში იქცეოდა ნებისმიერ სულიერად ან თუნდაც მოვლენად, რომელიც ოდესღაც გვენახა ან მე, ან ძაღლს და ან ცეცხლს. ხანდახან გათენებამდეც ვსაუბრობდით. ხმაურობდა მხოლოდ ცეცხლი, ხანდახან სიბნელეც ყვიროდა, მაგრამ ჩვენ მსვიდად ვიყავით, ხმას არ ვიღებდით, მხოლოდ თვალებით ვსაუბრობდით ქოხს სამი მხრიდან ფარავდა უკიდეგანო ტყე. ტყე იყო მდინარის გაღმაც. ტყე ყველგან. ტყე იყო ყველაფერი და აღარაფერი არ იყო სამყაროში ისეთი, სადაც არ იმალებოდა ტყე. ტყე იყო ბნელი, ცოტა საშიშიც. ყველაფერში იმალებოდა ტყე და ყველაფერი იმალებოდა ტყეში. ჩვენ ვცხოვრობდით ტყის პირას. იქ გვედგა ქოხი. გვერდით ჩამოდიოდა მდინარე. მდინარე იყო ცივი. მდინარეში იყო თევზი. თევზი მიცურავდა ზემოთ. ქოხში იდგა ერთი საწოლი და სკამი. საწოლის ქვეშ ეძინა ძაღლს. მას ჰქონდა თეთრი ბეწვი და უცნაური თვალები. ქოხში იყო ბუხარიც და წვიმიან ამინდში ჩვენ ვანთებდით ცეცხლს. შემოდიოდა სიბნელე. გიზგიზებდა ცეცხლი. ვსაუბრობდით გათენებამდე და ჩვენ ვიყავით ბედნიერი. მაგრამ ძაღლს ყოველთვის უნდოდა მეტი. მას სურდა გაეგო რა ხდებოდა ტყეში. ამას მეუბნევოდა მისი მზერა და ერთხელეც ტყეში სეირნობისას ის დაიკარგა. მთელი ღამე ვიჯექით მე სიბნელე და კოცონი და ვსაუბრობდით ძაღლზე. სიბნელე, ხანდახან ძაღლი იყო თითქოს. ის დაგვცინოდა და მე განვიცდიდი. მეორე დღეს გადავწყვიტე მომეძებნა, მაგრამ ვერსად ვიპოვნე. მეშინოდა დაკარგვის. არასდროს მივდიოდი შორს. ყოველთვის ვიხედებოდი უკან. იქეთ იყო გზა. ეს გზა ფართოვდებოდა და მიდიოდა ქოხში. წინაც იყო გზა, მაგრამ ის ათასჯერ მაინც იტოტებოდა, წვრილდებოდა და სადღაც ქრებოდა. მე არ მინდოდა დაკარგვა, მაგრამ თუ არ დავიკარგებოდი ვერაფრით ვერ ვნახავდი ჩემს მეგობარს. არც იმის მჯეროდა, რომ დაკარგვის შემთხვევაში აუცილებლად მივაგნებდი მას. სიბნელესავით გავორდი. მერე თითქოს ჩემი სხეული კიდევ უფრო პატარა ნაწილებად აიქნა და დაიშალა. იმ ღამეს აღარ გვისაუბრია. მე და სიბნელე ვყაყანებდით. ცეცხლი ორივეს გვწვავდა. გვიან მოვიდა გათენება. მე სახრჩობელა შევნიშნე ტყის პირას. არ ვიცი საიდან გაჩნდა. ყულფში გავუყარე თავი. ტოტზე ვიჯექი ჯერ კიდევ მაშინ. ერთხელ კიდევ მოვავლე თვალი არემარეს და ძაღლი რომ ვეღარ ვნახე ტოტიდან გადმოვეშვი. არც ტოტი მოტყდა, არც თოკი გაწყდა. სინათლე ნელა ჩაქრა და მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს.“ ამას იტყვის და სწრაფად ამოზიდავს დაბლიდან თოკს. ყულფში თავს გაყოფს და ისევ გადაეკიდება უფსკრულის თავზე. ამოვარდება ქარი და სხეული მისი ისევ აჰყვება ქარის მუსიკას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი