სიბრმავე - შორენა ხარაბაძეს (მოთხრობა)
უცნაურ ადგილზე ვარ, ყველაფერი თეთრია აქ, უფრო ნათელი და თვალისმომჭრელი. მე აქ ვცხოვრობ, მაგრამ არ ვიცი რა ჰქვია ჩემს სახლს. მარტო ვარ, ეს სამყარო მარტო მე მეკუთვნის, მე ამ მხარის ერთადერთი მბრძანებელი ვარ და მიხარია, რომ უცნაური ფერებით თენდება, ისეთით, რომელიც ალბათ ადამიანებს ჯერ არ გინახავთ. მე ვხედავ, ბუნდოვნად ვხედავ, ორი მზეა, ერთი ყვითელი, ჩვეულებრივი, უფრო მოთეთრო. მეორე წითელია, შედარებით დიდი ზომის და იშვიათად თუ ჩნდება ჰორიზონტზე, მაგრამ როცა კი გამოჩნდება, ცა სისხლისფრად იღებება, ღრუბლები უფრო შავია, უფრო მუქი, და მიწაც თითქოს ფერს იცვლის, მწვანე მინდვრები უფრო ხასხასა ხდება, ყვითელ უდაბნოებს ლურჯი ფერი ედება, უფრო ზღვისფერი და თვითონ ზღვები, უფრო გაშმაგებით სცემენ ტალღებს შორეულ ნაპირზე. აზვირთებული ოკეანე ხანდახან ისე წყნარდება, თითქოს იძინებს და შეიძლება ისიც მოგეჩვენოს, რომ არ იძვრის. წითელი მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და როცა სისხლისფერ ცაზე ერთბაშად შედედდება ღრუბლები, მიწას უცნაური ჩრდილი დაფარავს, ფერებს შეიცვლის სამყარო, წამით დაღამდება და მერე თითქოს ცის ნაიარევიდან იხეთქებს სისხლი და მოვა წვიმად. მორწყავს მშიერ მიწას, ოკეანის გულში ჩააღწევს და მისი აჩქარებული ფეთქვის რიტმში ტალღები დაიწყებენ ნაპირთან თამაშს. ხეები ლამის ცამდე ავლენ, მყარად გაიდგამენ ფესვებს მიწაში. ბალახიც წელამდე მწვდება, როცა მინდორში დავრბივარ და კიდევ ყვავილები, ათასფერი ყვავილები არსაიდან გაჩნდებიან და ყველაფერს ააჭრელებენ. მე მაღალ მთაზე ავდივარ ამ დროს და რაც მთავარია ძველებურად შემიძლია გარკვევით დავინახო ყველაფერი. დავინახო რა ბედნიერი ვარ, რომ ეს სამყარო მხოლოდ მე მეკუთვნის და აქ მხოლოდ ჩემთვის თენდება. მწვანე თვალებს ბოლომდე ვახელ, წითელ სხივებს არ შეუძლიათ დაწვან ისინი და მეც ბედნიერი ვდგავარ მაღლობზე და ვხედავ, ყველაფერს ვხედავ და ვტკბები, სანამ წითელი მზე ჩავა, სანამ თვალს მიეფარება. ჩასვლით ისევ ჩრდილოეთისკენ ჩადის წითელი მზე და დიდი ხანი არ ჩნდება. მეც ნისლში გახვეუს ვხედავ ჩემს სამფლობელოს და ვნატრობ, რომ დიდხანს დარჩეს წითელი მზე ჰორიზონტზე, რომ არასდროს ჩავიდეს, მაგრამ არავინ ისმენს ჩემს მუდარას და წითელი მზე გამოჩენიდან მალევე ქრება. მერე თითქოს ყველაფერი ბნელდება, მე ვეღარაფერს ვხედავ. მეშინია, მაგრამ ამას უკვე შევეჩვიე და სიბნელე იმდენად აღარ მაშინებს. ყველაზე რთული იმის გაცნობიერებაა, რომ ყველა ფერი რაც ნახე სიზმარი იყო მხოლოდ, რომ შენი რეალობა ეს სიბნელეა და არა ის ფერადი სამეფო. რეალურ სამყაროში ფერები არ აქვთ. აქ მხოლოდ ხმებია, კიდევ სურნელი და ხანდახან გემოვნებაც. ნივთებს და ადამიანებს ფორმა აქაც აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ არც შეხებით, არც ყნოსვით, არც სმენით და მითუმეტეს არც გემოვნებით არ შემიძლია გავიგო რა ფერი აქვს საგნებს ჩემს გარშემო. წუხელ დედა შემოვიდა ჩემს ოთახში. წარმოგიდგენიათ, მასაც არ ჰქონდა ფერი, მხოლოდ ხმა იყო და რაღაც სასიამოვნო სურნელი. შეხება ხელზე, რბილი კანი აქვს, სათუთი. ათას ხელს შორის შემიძლია გავარჩიო მისი ხელი, მაგრამ საუბედუროდ, მასაც არ აქვს ფერი. ყოველდღე უფერო ოთახში ვარ. ვეყრნობი კედლებს, რომლებსაც ფერი არ აქვთ, უფერულ მაგიდასტან ვზივარ და უფერული და მეკითხება როგორ მომწონს უფერული წვნიანი და მეც ვპასუხობ, რომ მას კარგი გემო აქვს, მაგრამ ფერი… ფერი, სამწუხაროდ არ აქვს. ერთ დღესაც გადავწყვიტე მე თვითონ გამეფერადებინა ჩემი სამყარო და რა თქმა უნდა ჩემი თვალებით დავიწყე. დიახ მე მწვანე თვალები მაქვს, ხავსისფერი, უფრო ზუსტად გახუნებული ხავსისფერი. მართალია არასდროს არ მინახავს გახუნებული ხავსი, მაგრამ მგონია, რომ მას ჩემი თვალების ფერი უნდა ჰქონდეს. ჩემი ოთახის ცივი კედლები თეთრია, ოდნავ ცისფერიც. ჭერი მართლა არ ვიცი რა ფერისაა. მე არასდროს შევხებივარ მას, არც დამიყნოსავს, არც დამიგემოვნებია და არც არასდროს მსმენია მისი ხმა, შესაბამისად მას არ უნდა ჰქონდეს ფერი და რასაც ფერი არ აქვს ის არც შეიძლება არსებობდეს _ ასე გავაქრე ჩემი ოთახიდან ჭერი. თავიდან ყველაფერი მარტივი ჩანდა. დედა ვარდისფრად შევღებე, ოდნავ იმ წითელი მზის ფერიც დაჰკრავდა. მამა უფრო იასამნისფერი იყო, ძალზე მუქი, თითქმის სიბნელე, მაგრამ სიბნელეს სულ არ გავდა. ჩემი პატარა და მწვანე გამოდგა. ჩემი თვალების ფერი არა, უფრო ღია, ალბათ ნორჩი ბალახის ფერი. მოკლედ, ყველას და ყველაფერს გამოვუძებნე ფერი, მაგრამ შემდეგ შიში მოვიდა. შიში უფერო იყო, გამჭვირვალე და არც იღებებოდა. მას მწკლარტე, უსიამოვნო გემო ჰქონდა, გულს მიჩქარებდა და მაიძულებდა თავი დამენებებინა სამყაროს გაფერადებისთვის. ამ დროს ჩემ ოთახში ვიკეტებოდი. შიში მოდიოდა და ყველაფერს ერთბაშად აცლიდა საღებავს, მხოლოდ ჩემი თვალები რჩებოდა ძველებურად გახუნებული ხავსისფერი და ამ სიბნელეში მარტო დარჩენილი მწვანე თვალებთ მხოლოდ სიბნელეს ვხედავდი და მეჩვენებოდა ამ სიბნელეში უამრავი შიში მემალებოდა თითქოს. მე ყველაზე მეტად მეშინოდა შიშის. მას არ ჰქონდა ფერი და მაინც არ ქრებოდა, მაინც არ შემეძლო გამეგდო ჩემი ფერადი სამყაროდან და ისიც მოდიოდა უცნაური ღიმილით და ყველაფერს ართმევდა ფერს. მე ბევრჯერ ვცადე შემეღება ჩემი უფერული რეალობა, მაგრამ შიში… მისი მოშორება ვერ შევძელი და ისიც ყოველთვის წყალში ყრიდა ჩემს შრომას და მერე თავიდან ვიწყებდი ყველაფერს. მხოლოდ თვალები დამრჩა მუქი მწვანე, გახუნებული ხავსისფერი. მათში ვერ ჩააღწია უფერო სიკვდილმა და ჯერ კიდევ შემიძლია თავი ბრმად არ ჩავთვალო, მაგრამ ვიტანჯები, თითქოს ჩემი თვალების სიმწვანეც მტანჯავს. რომ არა ისინი არ შემაწუხებდა შიში, არც ტკივილი იქნებოდა და სამყაროსაც ექნებოდა ფერები, მაგრამ რას ვიზამ?! სხვა გზა არა ჩანს ამ სიბნელეში. ისევ მწამს, რომ ერთადერთი გზაა სწორი და ათასობით მცდარი და ჩემი მწვანე თვალები ამ გზას უყურებს და იტანჯება, რადგან ვერ ხედავს რა ფერი აქვს მას. მხოლოდ ოცნებებში არაა ტკივილი, უფრო სწორად ოცნებებში სულ სხვანაირი ტკივილია. იქ მე უცნაური სამყაროს მბრძანებელი ვარ. ყოველ ღამით სიზმარში ვხედავ, სიბნელის ნაცვლად სინათლეში ვცხოვრობ და ველოდები წითელი მზის ამოსვლას. როცა ჰორიზონტზე ის გამოჩნდება, მხოლოდ მაშინ შემიძლია დავინახო ყველაფერი. არა ლანდები და ჩრდილები, არამედ მთელი ბრწყინვალება ნათელი ფერებისა. შემიძლია სახე შევუშვირო წითელ წვიმას, სახე სამყაროს სისხლით შევიღებო და ჩემი მწვანე თვალებით, მაღალი მწვერვალიდან თვალი ვადევნო, როგორ ებრძვის სადღაც შორს ლურჯი ზღვა სანაპიროს, როგორ ყვავიან მინდვრად ათასფერი ყვავილები და ამ წამს მე შემიძლია მთელი არსებით ვიგრძნო, რომ ეს სამყარო მე მეკუთვნის და ვამაყობ. ყველანაირი ტკივილი ქრება და მე, მართალია წამით, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ბრმა არ ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი