მგელი


სერს გადაღმიდან ამოგორდა მთვარე ბრიალა
და ხის აივანს მოსწვდა ისევ ყმუილი მგელის,
-რაო ტოტიავ, რის შიმშილმა აგაწრიალა?
ვიცი, ის გშია რისი ჭამაც არაფერს შველის!
დარდია ჩემო მეგობარო, შენს ხმაში ახლა, 
დარდი და ჯავრი, უბედური ხვედრი მგელობის,
შენც კარგად იცი შე ბებერო, რომ ასე დაღლაც,
უბრალოდ გზაა შენი მგლური მარტოხელობის.
-წადი ტოტიავ, ამ მთვარესთან არ დარჩე აქვე,
სხვა მგლები მოვლენ შენს ყმუილზე და არ გაგწირონ...
იცოდე ისევ შენი მოძმე დაგაგდებს თავქვე,
რომ შენი ტყავიც ლუკმა-ლუკმად გაინაწილონ...
ასეა მგელო, მოედება ჩვენს ძვლებსაც ხაო,
ცხოვრებას მარად ვერ ატარებ ბებერი მხრებით,
მგლები კი არა, ჩვენ ხალხიც ვჭამთ ერთმანეთს ძმაო,
და თან ისე რომ ვერასოდეს ვერაფრით ვძღებით...
მაშ, წადი ახლა მაგ მუხნარში რატომღა ბორგავ,
დაეხსენ მთვარეს, შეგიფარებს ეს ღამე შავი,
ჩემი ლექსებიც მარტოხელა მგლის ყმუილს მოჰგავს,
მაგრამ არ მინდა სიკვდილამდე მოვიკლა თავი...
ნუ შეგაშინებს უბადრუკი ტურების ხროვა,
ასწიე თავი ჩემო ძმაო, ამაყად მაღლა,
შენ ხომ მგელი ხარ, არ გიხდება ასეთი გლოვა,
შენ ხომ მგელი ხარ, მერე რა რომ მარტო ხარ ახლა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი