შენზე მითხრეს, თვალები აქვს დედის…


შენზე მითხრეს, თვალები აქვს დედის…
ღიმილითაც ძლიერ ჰგავსო დედას…
ნეტავ წამით ჩაგიხუტო, შვილო —
იქნებ ასე მოვერიო სევდას…

ისიც მითხრეს — ცოტა მეც რომ მგავხარ,
საუბრისას გაქვს კახური კილო…
ნეტავ ახლა იცინი თუ ტირი?
ნეტავ გუშინ რა გესიზმრა, შვილო…

სადღაც გითქვამს — “პოეტი მყავს მამა”,
სიამაყეს მერე სევდაც ერთვის…
მითხრეს, თურმე გვიმგზავრია ერთად —
და ადგილი დაგითმია ჩემთვის…

ისიც მითხრეს — გათხოვილხარ უკვე…
როგორ გშვენის იასამნის კაბა…
ნეტავ ერთხელ დამეძახა “შვილო”,
ნეტავ ერთხელ დაგეძახა “მამა”…

შენზე მითხრეს, თვალები აქვს დედის,
საუბრისას გაქვს კახური კილო…
ნეტავ წამით თუ გახსოვარ კიდევ…
ნეტავ გუშინ რა გესიზმრა, შვილო…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი