მოქსოვილი წინდა
ახლა თვალებს ისე უნდათ შენთან, ჩუმი მზერით სულის საზღვარს ლახავს. შენში სწორედ ის სიჩუმე მიყვარს, დეკემბერში თოვას თან რომ ახლავს. წარმოვიდგენ სახლს შუაგულ ტყეში და შენ — ყველა ხატზე უფრო წმინდას. ბუხრის გვერდით ზიხარ გაშლილ თმებით, მუცლად რომ გყავს, მისთვის ქსოვდი წინდას. ვსაუბრობდეთ თვალებით, და მერე ლექსს გიწერდე უკვე დამშრალ კალმით. ძაღლი ჰყეფდეს ჩამოვარდნილ ვარსკვლავს, ერთად ვტეხდეთ ღამეს პიტნის ჩაით. წარმოვიდგენ ჩახუტებას წამით, რომ ღიმილით ყველა ტკივილს წაშლი. მთხოვდე ბუხრის განელებულ ცეცხლზე, კიდევ ერთხელ რომ შეგიწვა ვაშლი. წარმოვიდგენ სახლს შუაგულ ტყეში — პიტნის ჩაი და დეკემბრის თოვა. ასე ვუცდი ჩემ უხილავ სიკვდილს… ნეტავ, შენ თუ დაამთავრე ქსოვა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი