ჭადრის ხე


გახსოვს ჭადრის ხე ტაძრის ეზოში, ერთად რომ დავრგეთ,
რომ ვეღარ უძლებს გრიგალების ქროლვას ამაოს?
ახლა ხმელ ტოტზე, გაყვითლებულ ფოთლების ნაცვლად,
ჯერ კიდევ ოდნავ თბილი, ჩემი გვამი ქანაობს.

სანამ ვკვდებოდი, სანამ ღმერთი თვალს მარიდებდა
მოვასწარი და ჩემი თავი გამოვიტირე.
სიცოცხლის ბოლოს ერთადერთი, რაც გამახსენდა 
ერთხელ სიზმარში თვალებზე კოცნა რომ დაგიპირე.

მაპატიე, თუ შენზე მეტად ისევ შენ გგრძნობდი.
წლები გავა, და დრო ჩემ სიკვდილსაც დაარქმევს სახელს.
გახსოვს ჭადრის ხე ტაძრის ეზოში, ერთად რომ დავრგეთ? 
ფოთლების ნაცვლად ქარი  ახლა ჩემ ცხედარს არხევს.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი