მე არა!


განა, მიწა მე შევქმენი?!
ზედ კაცთა მოდგმას ეარა,
ან ცა, ან მასზე ვარსკვლავნი,
მზის სინათლეზე მეარა.
ჩემს წინ მთა-ბარი? მე არა!
წყალთ სამაია? მე არა!
მთვარე-მზის უხმო ტრფიალი
დღეს ერთსა ათად ეასა.

არა, მე არ შემიქმნია!
არც წესად დამიდგენია:

მაღლა აზიდულ გორგალ-ძაფს
მიწა ქვე ექაჩებოდეს,
იქვე, გადაჭრილ ძაფიდან,
სულ სხვა დღე იქარგებოდეს.
ქარის მოტანილ ზღაპარში
ყლორტი ნელ-ნელა ჭკნებოდეს,
ვარდი, მზისაგან დამთბარი,
ალისფრად დამშვენდებოდეს,
ბულბული ლაღად გალობდეს,
მსმენელი სევდით ტკბებოდეს,
ამასობაში მზე მთვარეს
ეტრფოდეს და თან სწუნობდეს.

განა, სუნთქვა მე შევქმენი?
სიცოცხლეს ყველგან ეხარა,
მიწა ბალახს დაეფარა,
ყვავილთ სურნელით მეხარა,
ღრუბლის ნარნარი? მე არა!
წვიმის ფარფატი? მე არა!

რა მრჯიდა?! არ შემიქმნია,
მგონი, რომ არც მიფიქრია...

მე მათ სახელი დავარქვი,
სამყარო ფიქრად ვაქციე,
სიცოცხლის სუნთქვა სიტყვებში
უსაგნოდ გამოვამწყვდიე,
და რაც შევქმენი დროდადრო,
სხვა ყველა საზრისს ვარჩიე!

მასალის გაზიარება დაუშვებელია.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი