სათქმელი


არ მგონია ლექსი იყოს, მაგრამ სათქმელია...
ავტორი: გვანცა ყრუაშვილი

ვუსაყვედურე ადამიანს, რატომ დამცინი- მეთქი
და პირველივე შემხვედრზე გამეცინა, ვთქვი, რა სულელია!
და მაშინ მივხდვი, ეს იყო ბუნება!

ვუსაყვედურე ადამიანს, რატომ მკიცხავ- მეთქი
და ათასჯერ ვთქვი, ასე როგორ შეიძლება!
და მაშინ მივხვდი ეს იყო ბუნება!

ვუსაყვედურე ადამიანს, როგორ არ გრცხვენია!
და უტიფრად ავარიდე თვალი მშიერი ბავშვის გაყინულ ხელებს
სხვა რაა ეს, თუ არა ბუნება!

ვუსაყვედურე ადამიანს, რატომ გძულვარ-მეთქი
და გამეღიმა, როცა ვიხილე მტერი დაცემული.
ვაი, რომ ვთქვი, ეს სამართალია!

ვუსაყვედურე ადამიანს, რატომ გჯერა საკუთარი თავის ასე ძალიან?
და წამითაც არ მიფიქრია, რომ სიტყვა მცდარი წარმოთქვეს ჩემმა ბაგეებმა.
და მაშინ მივხვდი, ზურგს მიმაგრებდა მაძღარი ბუნება.

ვუსაყვედურე ადამიანს, რატომ ლაყბობ- მეთქი
და მაშინვე გავაუფასურე დუმილი ვერცხლამდე
აქაც ისახელა თავი ბუნებამ!

ვთქვი, სამყარო სასტიკად იქცევა! 
და ამრეზით შევხედე ქუჩის მაწანწალას.
ამაღლდა ბუნება საკუთარ თავში ურცხვად და უსაგნოდ.

ვუსაყვედურე ადამიანს, სისულელეს რატომ ამბობ- მეთქი
და თვალი დავხუჭე იმ სიმართლეზე, რომელსაც ამბობდა.
ნანახით გათამამებული ბუნება კი თავს ირთობდა და ცნებებით თამაშობდა.

ვუსაყვედურე ადამიანს, რატომ მოკალი- მეთქი!
და მამლის ყივილამდე სამჯერ უარვყავი
ისე, რომ მიძინებულს არც გაუღვიძია, მშვიდად ეძინა ბუნებას!

სხვა რა უნდა ვთქვა, ესაა ბუნება!
თვალებგახეილი დირეს საძებნელად,
ხედვადაბინდული თავის სადიდებლად!

მასალის გაზიარება დაუშვებელია.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი