გული არასდროს ბერდება...
არა,გული არ ბერდება ან კი რა დააბერებს?სულ ფეთქავს და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ინარჩებს სილაღეს. გუშინ ისე ძლიერ მოვინდომე შენი სუნთქვა მეგრძნო,რომ ადგილს ვერ ვპოულობდი,ვერც სხვა რამეზე ვფიქრობდი და გამუდმებით შენ გხედავდი. იცოდა მან რომ მე მიყვარდა ცეკვა,რომ მიყვარდა წვიმა და მისი წვეთები მაძლევდა ძალას.დავრბოდით აზურმუხტებულ მიდამოებში,ყვითელგულა გვირილები იყვნენ ჩვენი გვირგვინები და მზის ანარეკლი ხმელეთზე.მისი ხელები იყო ჩემი საყრდენი,მკლავები თავშესაფარი და თვალები ცხოვრების გზამკვლელი.მას მოსწონდა ჩემი შავი კულულები,რომლებიც ქარს მიჰქონდა და მათ სურნელს მისდევდა. მიდიოდა დრო,არა მიფრინავდა,მიფარფატებდა და სულში,გულში სულ დარი იყო. ჩვენ ვიყავით და მეტი არავინ ირგვლივ.იცი?მასთან არ მაშინებდა არც წვიმა,არც ქარი,არც დარი და ავდარი,ჩემი სახლი,სამყარო და ნავსაყუდელი იყო,რომელიც დაინგრა,კედლები ჩამოეშლა და წაიქცა. პირველი გრძნობა,პირველი კოცნა,პირველი თრთოლვა,ცრემლი და ტკივილი.სიყვარული ეს ხომ სამოთხეა,სადაც მე მოვხვდი და დავიკარგე იქვე.გამოსვლა არც მიცდია,სანამ ცხოვრებამ არ მკრა ხელი და კარები არ მომიხურა.მაგრამ მე ხომ არ დამიკარგავს ამ გრძნობის იმედი და მისი რწმენა სიცოცხლის ბოლომდე,როცა ყოველ წუთს ელოდები,როდესაც ყოველი წამი მასზე ფიქრობ და ყოველი დღე გჯერა. ეჰ,თითქოსდა ეს ოხერი სიყვარულიო,მაგრამ რატომ?თუ ტკივილს ვერ იგრძნობ,ვერ განიცდი,მაშ არც გყვარებია,მაშ არც გიცხოვრია და ასე უაზრო,უფერადო ყოფილა ცხოვრება.ხო,უფერადო,იმიტომ რომ ფერები მხოლოდ სიყვარულს შემოაქვს. ოცდაათი წელი ლოდინის,ცრემლების.თავი კონკია მეგონა და ველოდი ჩემს იმ ერთადერთ პრინცს,არ მინდოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული,უბრალოდ მოსულიყო... წლებმა წამართვეს ის მისი საყვარელი კულულები,გიშერივით შავი თმები და თითქოს თავზე მათოვდა მთელი ეს დრო,ვერც კი შევამჩნიე როგორ შემოიპარა ვერცხლის ხაზები თმებში,როგორ გამიჩნდა სახეზე ნაოჭები და როგორ მომმატებია ასაკი.უმისოდ გალეული დრო,უფრო დიდი სასჯელი იყო,ვიდრე ის განშორება. დრო გასულა გაცქეულა თურმე უკვალოდ... მაგრამ არა,დამიტოვა,დიდი სიყვარული დამიტოვა,გული ამივსო სიცოცხლით.სარკე,რომელშიც ვიხედები,იმ სიბედნიერით მიმზერს,როგორც უწინ და იმ სიბრწყინვალით გადმოდის. ზუსტად გუშინ ვიხსენებდი ჩვენს პირველ ცეკვას,მთვარეს და ვარსკვლავებს,იმ საღამოს მარგალიტის მძივად რომ დამკიდე ყელზე.არასდროს წაიშლება,არასდროს გაქრება მეხსიერებიდან,გულის ძალიან დიდ სივრცეში ცოცხლობს და მიყვარს,ეს შეგრძნება მიყვარს.ეხლა ვხვდები,სიყვარული არ უნდა ითხოვო,არც უნდა მოითხოვო,თავად სიყვარული უნდა იყოს ისეთი ძლიერი,რომ რწმენა მოგცეს.ძლიერი სიყვარული თავად გაიკვლევს გზას... სიზმარში ვეძახდი წამოდი,წავიდეთ ამხელა შეგროვებულ სიყვარულს,რომელიც ვაკოწიწე და ვატარე,ქარს ნუ გავატანთ.... მერე ფოტოს დავხედე,იმ ბევრი ბედნიერი დღეებიდან ერთ-ერთი იყო.სიხარულის ზღვა იდგა იმ ფოტოზე,რომელიც წლებმა ვერ გაახუნა და დარჩა გულში…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი