*** (თვალებს ვხუჭავ)
თვალებს ვხუჭავ მატარებელში ვზივარ და მივდივარ ,სად არ ვიცი ,მაგრამ მკაფიოდ მესმის რელსების ხმა ,ვგრძნობ მათ ტრიალს და შემზარავი ძრწოლა მოაქვს .. წამით ვფიქრობ რომ მატარებლის პირველივე გაჩერებაზე ჩავალ და მატარებლისკენ არასდროს მოვიხედავ .. სკამის საზურგეს ვეყრდნობი ,წიგნს რომელიც კალთაში მიდევს არაამქვეყნიურად ვუჭერ ხელებს ,ჩემს წინ მჯდომი ხანში შესული ქალბატონი ალმაცერად მიყურებს ,ცოტა შეეშინდა ,მაგრამ ჩემი შეცნობა უნდა ... მატარებელის იშვიათად თუ ეშინიათ, მისი ნელი რწევა მოთმინებას მოითხოვს... რიგებად გაბმულ დასასხდომებში ნაცნობები ერთმანეთს პოულობენ,ვაგონიდან ვაგონში გადადიან ,ახალ ამბებს იგებენ.. გამყიდველი ბიჭუნასგან რუბიკის კუბიკი ვიყიდე ,საჩქაროდ ავრიე კუბები და ნერვულად მისი აწყობა დავიწყე -არაფერი გამომდის,ვგრძნობ ზურგზე ოფლის მსხვილი წვეთები ჩნდებიან... ჩანთიდან მეგობრის ნაჩუქარი საკმაოდ ძველი ბლოკნოტი ამოვაძვრინე და ალაგალაგ გადაკეცილ ფურცლებს გასწორება დავუწყე ,წაკითხვა აღარაფრის შემეძლო, ყდაშემოცვეთილი ბლოკნოტიდან ჩემი ბავშვობა მიმზერდა ,ჩანახატები მშვიდი რიტმით იწყებოდა,მრგვალი ასოები გასდევდა ხაზებს ,დასასრული კი ყოველთვის სადღაც მეკარგებოდა ,ხაზები ქრებოდნენ და გაბმული,უსახური ასოებისგან შემდგარი სიტყვები ძლივსგასარჩევად იუწყებოდნენ მსუყე შეგრძნებებს.. კიდევ გადავშალე რამდენიმე ფურცელი,მორიგი ჩაკეცილი გვერდი უნდა გამეშალა რომ იქედან გამხმარმა გვირილამ გამიღიმა,ამ დროს ყველაფერი ერთად აირია გონებაში ,მეგობარმა მაჩუქა ის გვირილა ,სრულიად მოულოდნელად, სიბნელეში როცა საკუთარ კარავს ვეღარ მივაგენი,ჩემს თვალწინ გვირილამ გამოანათა,იმ დღიდან ვინახავ ,ტკბილ მოგონებათა საღერღელი ამიშალა ,ოდნავ გამეღიმა ,კიდევ დიდი ხნით გადავწყვიტე მისი შენახვა... სახიდან გაციებული ოფლის წვეთები მოვიწმინდე,თვალებში მნიშვნელოვანი თარიღები მეჩეხებოდნენ და სადღაც შორს მიმათრევდნენ ,ყველა დაკეტილ კარს ხსნიდნენ და ძლივს დავიწყებულ სიცილ-ტირილებს მიახლებდნენ.. მატარებელმა თითქოს სიჩქარეს უმატა,ყელში ბურთი გამეჩხირა და წყლის ბოთლს თავიც კი ვერ მოვხსენი ეს ბურთი რომ გადაგორებინა ,ჩაეხშო მისგან გამოწვეული უჰაერობა ... ჩემს წინ მჯდომი ქალბატონი პირველივე გაჩერებაზე ჩავიდა ,მაგრამ თითქოს მისი მზერა ჩემთან დარჩა,სადღაც სიღრმეებში ჩავიდა და ჩემი სულის წიგნის კითხვას შეუდგა,ეს შეგრძენბა არ მასვენებდა და წუხილივით მიხრავდა გვერდებს... დაორთქლილ ფანჯარას მივეყრდენი ,ამინდები დღეღამესავით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს,ვუყურებდი ბუნებას და ვერაფერს ვხედავდი გარდა ჩემი ბავშვობისა.. აგვისტოს ბოლომდე დათოვლილი გოროზი მთები,ალპური მდელოები ,მწველი მზე და არცერთი დარდი .. ღიმილებად აკინძული ყვავილების გულსაბნევი ... მერე წვიმიან ამინდებში ჩემს გაზრდილ თავს ვხედავდი ,უთოვლო ზამთარს ,უტალახო გაზაფხულს მიჩვეულს და მეშინოდა კიდევ უფრო არ დამეკარგა ის... მატარებელმა სვლა შეანელა ,ბოლო გაჩერება იყო,სად ამოვყავი თავი არაფერი ვიცოდი ,აკანკალებული ხელებით ბლოკნოტს დავუწყე ძებნა ,მის გარეშე არაფერი ვიყავი,მზე უკვე მეათედ ჩადიოდა ,წითელი ბურთი „მიძინების ქარაფში“ეშვებიდა.. უგემურად მოვიფშვნიტე ჯერ კიდევ მძინარი თვალები და ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე ,ამ ბურთს ჩემი ბავშვობა გავაყოლე.. თვალებს ვხუჭავ,საწოლში ვწევარ და ძილი ჯადოქარს ჩემთან მოსვლას ვთხოვ.. სინამდვილეში მატარებელში არასდროს ვმჯდარვარ,მას უბრალოდ ჩემი თავი გავაყოლე წლების წინანდელი ,უკან დაბრუნებულს კი გაზრდილი ჩემი თავი უნდა გავაცნო 19/02/2019 /03:29/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი