დედის დღე
ბავშვობაში ეს დღე ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის განსაკუთრებული იყო,ერთი დიდი რიტუალი იყო სამი მარტის დილა... დილით ადრე ვიღიძებდით მიუხედავად იმისა რომ სკოლა არ გვქონდა,გაზაფხული ახალფეხადგმული იყო და მზეც ალმაცერად გვიყურებდა.. სოფლის ველმინდვრებზე თოვლი კანტიკუნტად შემორჩენილიყო,მიწა სველი და წებოვანი,მზისგან ოდნავ შემთბარი.. მარტის ცვალებად ამინდებში თოვდა კიდეც,თუმცა ჩვენი მიზანი უცვლელი იყო.. ენძელობანა,ალბათ ასე დავარქმევდი ამ რიტუალს... წინა დღეებში ვგეგმავდით ,ერთმანეთს ჩუმად ვეუბნებოდით ენძელები ამოსულაო,თუმცა 3მარტამდე არსად მივდიოდით,მერე ვითომ სათამაშოდ გავიქცეოდით სადმე,დედებს საგულდაგულოდ ვუმალავდით თუ სად მიგვეჩქარებოდა.. დიდ ბოტებს ვიცვამდით და სადმე ძველი დანა ან წვეტიანი საგანი უნდა გვეპოვნა,რომ ენძელა საღად ამოგვეღო მიწიდან... გადავივლიდით სოფელს და სადაც უკვე სათესი მიწები იწყება მინდვრებზე თავამოყოფილი მოცინარი ენძელები გვიცდიდნენ,ჩვენც გვიხაროდა, ნახე რამდენია, აქ უფრო ბევრია ,შევძახოდით ერთმანეთს.. ენძელას მიწას შორიდან ვუთხრიდით რომ ბოლქვი არ დაზიანებოდა და სახლში მიტანილს დიდხანს გაეძლო,ვინც უფრო მეტს შეაგროვებდა იმას უფრო მაგარი საჩუქარი გამოუვიდოდა.. ამ საქმიანობაში ერთიანად ვისვრებოდით,ვტალახიანდებოდით,ვითოშებოდით,მაგრამ მაინც ყველაზე ტკბილი იყო ეს საქმიანობა.. დედები კი გვიცდიდნენ,ზუსტად იცოდნენ სადაც ვიყავით,დასვრის გამოც არ გვიწყრებოდნენ... ენძელაშემგროვებელი დათხუპნული ბავშვები სახლში მისვლამდე რომელიმე წყაროზე ვსუფთავდებოდით,კი არ გვეშინოდა უფრო ლამაზები გვინდოდა ვყოფილიყავით ენძელების მიტანისას... დედაჩემს თვალებიუნათდებოდა,დიდ ლამაზ ქილას წყილთაგვივსებდა და მოგვცემდა ჩააწყვეთო,მერე ვითომ არ იცოდა გვკითხავდასად ნახეთ ამდენიო... მერე მე და ჩემი და ყურებამდე გაკრეჭილები შევციცინებდით ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულ ენძელებს,მერე ჩვენი სახლიდან იწყებოდა გაზაფხული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი